"სხვა ქალზე გამცვალა, მაგრამ იმდენად მიყვარდა... ვაპატიებდი" - მოღალატე ქმრისგან დატოვებული 22.000 ლარამდე ბანკის ვალი
"სხვა ქალზე გამცვალა, მაგრამ იმდენად მიყვარდა... ვაპატიებდი" - მოღალატე ქმრისგან დატოვებული 22.000 ლარამდე ბანკის ვალი
ამბავი, რომელიც ერთდროულად ტრაგიკულიცაა და კომიკურიც, ერთ ახალგაზრდა ქალს გადახდა თავს. ახლახან გაიგო, რომ მეუღლემ, რომელმაც წლების წინ მიატოვა სხვა ქალის გამო, გარდაცვალების შემდეგ, არც მეტი, არც ნაკლები, 22.000 ლარამდე ბანკის ვალი დაუტოვა - რადგან განქორწინებაზე ჯიუტად ამბობდა უარს, ახლა სწორედ მაკა აღმოჩნდა მისი პასივებისა და ბანკის წინაშე ვალდებულებების მემკვიდრე...

- ჯვრის აყრა რომ მოვინდომე და საპატრიარქოში განცხადება შევიტანე, მითხრეს, ორივე უნდა ქორწინდებოდეთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში აგყრით ჯვარსო. ორივე ვქორწინდებით-მეთქი.
რამდენ ხანშიო? ერთ თვეში-მეთქი, - ტყუილი ვუთხარი მდივანს. თუ ასეა, 2 კვირით ადრე მოდიო.
ერთი სიტყვით, უარით გამომისტუმრეს. რაკი ქმრის ხელმოწერაც მჭირდებოდა ჯვრის აყრაზე, დავურეკე, შევხვდი და განცხადებაზე ხელი მოვაწერინე. გარკვეული დროის შემდეგ დამირეკა, რა ქენიო? - მე თვითონ მივხედავ-მეთქი ამ საქმეს. - ჰოდა, განქორწინების
საქმესაც მიხედე მაშინო. - კი-მეთქი, - ვუთხარი, მაგრამ განქორწინებას არც ვაპირებდი.

- რატომ?
- ჯერ ერთი, გაბრაზებული ვიყავი და არ მინდოდა, იმ ქალზე ექორწინა, მეორეც - მაინც მქონდა იმედი, რომ დაბრუნდებოდა. წარმოუდგენელია, მაგრამ ამ 9 წლის მანძილზე სულ ველოდი, ყოველ წუთს. 16 წელი ვიცხოვრეთ ერთად და 9 წელია, რაც წავიდა. შეურაცხყოფილად და დამცირებულად ვგრძნობდი თავს, სხვა ქალზე გამცვალა, მაგრამ იმდენად მიყვარდა, რომ მოსულიყო და ეთქვა, - გული გატკინე, შეცდომა დავუშვი, ახლა კი ვნანობ და შენთან დავბრუნდებიო, ვაპატიებდი. როდესაც ჩვენგან მიდიოდა, ვუთხარი, რომ ყველაფერს ვაპატიებდი, არასდროს არ გავუხსენებდი ამ შეცდომას, ოღონდ ის ქალი მოეშორებინა და ჩვენთან დარჩენილიყო. ვეუბნებოდი, რომ უფსკრულში მიექანებოდა, იმ ქალისგან მინდოდა მისი გადარჩენა. სასაცილოდ არ ეყო ჩემი სიტყვები, - რისგან უნდა გადამარჩინოო? მე ვიცოდი, გული მიგრძნობდა, რომ რაღაც ცუდი დაემართებოდა და ასეც მოხდა.

- რას გულისხმობ?
- ეკლესია აღიარებს ჯადოებს და ბოროტ ძალას - იქ, სადაც კეთილი არსებობს, ბოროტებაცაა. ამდენი წელი ვიცხოვრეთ ერთად და მხოლოდ ერთადერთხელ ვიჩხუბეთ - მაშინ, როდესაც ბინა დავკარგეთ. მაშინაც, ერთხელ ვუთხარი სათქმელი და მორჩა, მერე აღარ მისაყვედურია. თურმე ახლობელს იპოთეკაში ჩაუდო ბინა ისე, რომ მე არაფერი ვიცოდი. ნათესავის ქმარი თამაშობდა, დიდი თანხა ჰქონია წაგებული და ჩემი დედამთილ-მამამთილისთვის უთხოვია (მათზე იყო ეს ბინა გაფორმებული), ოღონდ ახლა დამეხმარეთ და მე გამოვიხსნი ბინას, პროცენტებსაც მე გადავიხდიო. არც პროცენტი რომ არ გადაიხადა და არც ძირი, ბანკმა ბინა გაგვიყიდა. არადა, ძლივს ვიყიდეთ, ნელ-ნელა გავარემონტეთ, გადავედით და სულ რაღაც 3 თვეში ეს ამბავიც მოხდა. მერე ხან ქირით, ხან გირით ვცხოვრობდით. ერთხანს მარტო მე ვმუშაობდი მაღაზიაში, მაგრამ ერთი კაცის ხელფასი რას გვიშველიდა 4 ადამიანს? მამუკა ზარმაცი არ იყო, მალე თვითონაც იშოვა სამსახური. აი, სწორედ იქ გაიცნო ის ქალი და მალევე დაგვენგრა ოჯახი.

- თვითონ გაგიმჟღავნა ეს ამბავი?

- გაცივდა ჩემ მიმართ, აგრესიული გახდა, ხმამაღალი სიტყვაც რომ არ უთქვამს მანამდე, ახლა ხმას უწევდა, საცემრად იწევდა, სულ სხვა ადამიანი გახდა. მივხვდი, რაღაც სჭირდა. ვკითხე, რა იყო ამის მიზეზი? რა გჭირს, იქნებ დაგეხმარო-მეთქი. - არაფერიაო, - მიმტკიცებდა. ერთხელ დაეძინა და ტელეფონი დასატენად შეერთებული დარჩა. ავიღე და შემოსული მესიჯები, ზარები შევამოწმე. ეჭვი ერთმა ნომერმა გამიჩინა - სასტუმრო, ასე ჰქონდა ჩანიშნული. სამსახურში სასტუმრო არაფერში სჭირდებოდა. ნომერი ამოვწერე, გადავრეკე და მისამართი გავიგე. მალე დასასვენებლად წავედი ბავშვებთან ერთად და დაგეგმილზე რამდენიმე დღით ადრე რომ ჩამოვედით, არ ესიამოვნა. თვითონ არ წამოვიდა ჩვენთან ერთად, შვებულება ახლა არ მომცეს და მერე ავიღებო. სასექტემბროდ რაღაცების ყიდვა მინდოდა ბავშვებისთვის და 2 კვირა ყოველდღე ვეხვეწებოდი, ჩვენთან ერთად წამოსულიყო. ვერ მოახერხა, არ მცალიაო. თურმე სამსახურის შემდეგ იმ ქალთან გარბოდა სასტუმროში. ერთ დღესაც რომ მითხრა, სამსახური კი დავამთავრე, მაგრამ რამდენიმე საათით ისევ აქ მიწევს ყოფნაო, მაშინვე ჩავიცვი, ტაქსიში ჩავჯექი და დღესაც არ ვიცი, როგორ მივედი სასტუმრომდე - ცოცხალ-მკვდარი, ფეხები უკან მრჩებოდა. თან საკუთარ თავზე ვბრაზობდი - რა დონემდე დავეცი, რას ვეჭვიანობ, მამუკაზე ეს როგორ ვიფიქრე-მეთქი? ბოლთას ვცემდი შესასვლელ კართან - ან შესულს დავინახავდი, ან გამოსულს. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა და ჩამოვიდა სასაჩუქრე პარკით ხელში. მუხლებში ძალა წამერთვა და ჩავიკეცე. ბოლოს გონს მოვეგე, წამოვდექი, დავურეკე, - დაგინახე-მეთქი, მაგრამ იუარა, მიმამსგავსებდი ვინმესო. - დროს გაძლევ და თუ მაგ ქალს ჩამოშორდები, გაპატიებ-მეთქი, - ვუთხარი და ჩვეულებრივ გავაგრძელეთ ცხოვრება. ნუ გიკვირთ - ძალიან მიყვარდა და თანაც, 2 შვილის დედა ვარ...

მისი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ (რაიონში იყო წასული, მშობლებს საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა), ერთ საღამოს ყავას ვსვამდი, როცა მესიჯი მოუვიდა. ვერ მოვითმინე, რომ არ წამეკითხა (თვითონ აბაზანაში იყო). "არ მოგენატრე, სიხარულო?" - სწერდა ვიღაც და ნომერს კაცის სახელი, ბერდია ეწერა. ვიფიქრე, - ვაიმე, ჩემი ქმარი ან სულ გადაირია, ან რაღაც გადახრები აქვს და ამიტომ ნერვიულობს ასე ძალიან, მე კი ქალი მგონია ჩემი მეტოქე-მეთქი.

ჩემი ნომრიდან დავრეკე და ქალმა მიპასუხა. ჩემს დაქალს ვთხოვე გაერკვია, ვისი ნომერი იყო. ნახევარ საათში ვიცოდი სახელი და გვარი. გამახსენდა, რომ ფეისბუკზე ამ ქალის ფოტოები დაკომენტარებული ჰქონდა ჩემს ქმარს და თან ისეთი სიტყვები ეწერა, გავბრაზდი და ვკითხე, ვინ იყო. ჩემი თანამშრომელიაო, მიპასუხა მაშინ. - ჩემთვის არ გითქვამს ასეთი კომპლიმენტები 16 წლის მანძილზე და ამას რატომ ეუბნები-მეთქი, - მეწყინა. თურმე სად ხარ...
ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, რომ ვიცოდი, ეს ქალი ვინც იყო. ამის შემდეგ წავიდა სახლიდან. ერთხელ კიდევ ვცადე მისი ოჯახისკენ შემოტრიალება - ამდენი წლის მანძილზე არაფერი მითხოვია, ახლა გთხოვ და უთქმელად გამომყევი, სადაც გეტყვი-მეთქი. კიო, დამთანხმდა. წყნეთში, მონასტერში წავიყვანე. როგორც კი ეკლესია დაინახა, უკან მოტრიალდა და გამოიქცა. ხვეწნა-მუდარით მივიყვანე დედა ანამდე. დედაომ ჯვარი რომ გადასახა, ისე ცუდად გახდა, იგუდებოდა, სუნთქვა უჭირდა, საოცარი რამის შემსწრე გავხდი. მეორე დღეს მითხრა, - ისეთი შეპყრობილია, არა მგონია, ლოცვებმა უშველოსო. მაშინ მოვკვდი და მოკვდა ჩემი ყველა იმედიც.

- ბავშვების სანახავადაც არ მოდიოდა? მათზეც უარი თქვა?
- თავდაპირველად უფრო ხშირად მოდიოდა. მე სულ ვტიროდი, მოთქმა-გოდებაში ვიყავი. ბოლოს ჩემმა უფროსმა ვაჟმა მხრებში წამავლო ხელები და შემაჯანჯღარა: გონს მოდი, დედა, შენს ცრემლებად არ ღირს მამაჩემი. გამოფხიზლდი, მაგას მოსწონს შენ ასე მოტირალსა და გაუბედურებულს რომ გხედავს. თავს შეუძახე, ჩვენც გყავართ და ცრემლები აღარ დავინახო შენს თვალზეო. ამან მართლაც გამომაფხიზლა. მივხვდი, რომ ბავშვების გამო ფეხზე უნდა დავმდგარიყავი და ცხოვრება გამეგრძელებინა. სამსახური ვიშოვე და მუშაობა დავიწყე. თვითონ თავს არ იწუხებდა ჩვენი დახმარებით, ათასში ერთხელ თუ მისცემდა ბავშვებს ცოტა ფულს. არ მაქვსო, გაიძახოდა.
ყველაფერი თითქოს კალაპოტში ჩადგა, როცა მოულოდნელად, ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. ძალიან განვიცადე, ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ერთიანად ვკანკალებდი და ხმამაღლა ვტიროდი სამსახურში. სწორედ იმ დღეებში გავიგე, რომ ბოლო წლის განმავლობაში რამდენიმე ბანკიდან მის მიერ აღებული სესხის ოდენობა 22.000 ლარს აღწევდა და, რადგან კანონით ისევ მის მეუღლედ ვითვლებოდი, ეს ვალი მე უნდა გამესტუმრებინა. სიცოცხლეში ხომ ბევრი ტკივილი განმაცდევინა და სიკვდილის შემდეგაც "იზრუნა" ჩემს სიმშვიდეზე. ადვოკატს ავიყვან და ის დამაკვალიანებს, რა და როგორ გავაკეთო...

დავინტერესდით და იურისტ ლევან ჩხეიძეს ვკითხეთ, აქვს თუ არა ჩვენს რესპონდენტს ვალის გადახდის ვალდებულება.

ლევან ჩხეიძე:
- როგორც წესი, სანამ მემკვიდრეობას არ მიიღებს ვინმე, არავის აქვს ვალების გადახდის ვალდებულება. ეს საკითხი მხოლოდ მას მერე დგება, როდესაც მემკვიდრე სამკვიდროს მიიღებს. მნიშვნელობა აქვს იმასაც, ეს კანონისმიერი მემკვიდრე იქნება თუ ანდერძისმიერი.
ლევან ჩხაიძე
ქონებასთან ერთად გადავა პასივებიც. თუ გარდაცვლილის ქონება არავინ მიიღო, მაშინ ეს ქონება გადაეცემა სახელმწიფოს თავის ვალებიანად. ხელმოწერილმა ცოლმა შესაძლოა, უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე კანონით დადგენილ ვადაში ან საერთოდ არ მიიღოს სამკვიდრო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ ცოლზე ვალი ვერ გადავა; რაც შეეხება მეორე მეუღლეს, მხოლოდ ქორწინება წარმოშობს იურიდიულ შედეგებს და ვერც მასზე გავრცელდება ვერანაირი მოთხოვნა. გასათვალისწინებელია ისიც, იყო თუ არა ეს სესხი სიცოცხლის დაზღვევით - თუ მსესხებელმა სიცოცხლე დააზღვია და გარდაცვალების გამო ვერ გადაიხადა ვალი, მაშინ სადაზღვევო კომპანია ფარავს ვალს. თუ გარდაცვლილის მეუღლე უარს არ იტყვის სხვა აქტივებზე და მიიღებს მას, მაგალითად, სახლს თუ რამე სხვა ქონებას, მაშინ უარს ვერც პასივებზე იტყვის და ვალების გადახდის ვალდებულებაც დაეკისრება.

ნინო ჯავახიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?