"ექიმმა აღიარა, რომ სულაც არ ვიყავი უშვილო..." - კვირის პალიტრა

"ექიმმა აღიარა, რომ სულაც არ ვიყავი უშვილო..."

ხვიჩა ბიზნესმენია და მაშინ გავიცანი, როცა ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე წარმატებული, განვითარებადი ბიზნესის მეპატრონედ დაასახელეს და გაწეული ქველმოქმედებისთვის მადლობის სიგელით დააჯილდოეს. რა თქმა უნდა, მის გვერდით იდგა ულამაზესი ქალი - მეუღლე და ოთხი შვილი. დაცვაც დასტრიალებდა თავს...

ყველაფერ ამის საპირისპიროდ, გაოცებას იწვევდა მისი გარეგნობა: დაახლოებით მეტრ-ნახევარი სიმაღლის, უსაშველოდ შავი, ბოქსიორივით "მიტყლეჟილი" ცხვირით და ჩინელივით ვიწრო თვალებით...

მოგვიანებით, როცა გავუბედე და ვუთხარი, - ეგზოტიკური გარეგნობა გაქვთ-მეთქი, მივხვდი, არც იუმორის გრძნობა ღალატობდა, რადგან გაეღიმა (ისედაც ვიწრო თვალების ჭრილი სულ გაუქრა სახიდან) და ალალად მითხრა:

- ისე ძალიან ვგავარ მამას და ბაბუას, ეჭვიანობის არანაირი საბაბი რომ არ მრჩება, თორემ მეგონებოდა, სადღაც შუა აზიაში მიშვილეს და იქიდან ჩამომიყვანეს... რაც წამოვიზარდე და მივხვდი, რომ გამორჩეული გარეგნობაც მქონდა, მწარედ ჩავფიქრდი რეალობაზე და მივხვდი - "ჯიშის გასაკეთილშობილებლად" ულამაზესი ქალი უნდა შემერთო ცოლად, ასეთი გოგონები კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეამჩნევდნენ ჩემნაირ კაცს, თუ ბევრი ფული მექნებოდა და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ წარმატებული ბიზნესმენი გავმხდარიყავი. ეტყობა, ღმერთს ვუყვარვარ ან შერცხვა,

- ეს საწყალი ბიჭი ასეთი გარეგნობისთვის როგორ გავწირეო და ხელი გამიმართა. შედეგად კი მართლა ისეთმა გოგომ ინდომა ჩემი ცოლობა, წარმოუდგენელი რომ იყო ყველანაირი გაგებით: ნინო ჩემი მეზობლის შორეული ნათესავი იყო და სწავლის გასაგრძელებლად სოფლიდან ჩამოსული, მათთან ცხოვრობდა...

უბედნიერესი კაცი ვიყავი, რადგან ეს გოგო ცოლად გამომყვა. თუმცა, ახალი სადარდებელიც გამიჩნდა, შვილი არ გვეყოლა. ექიმთან მივედით, იმან კი მითხრა, რომ მე ვიყავი უშვილო და მკურნალობასაც კი არ ჰქონდა აზრი. ნინომ დამამშვიდა: ერთმანეთი ხომ გვყავს და ბავშვს ავიყვანთ, გავზრდითო. დავიწყეთ კიდეც მიტოვებული პატარის ძებნა, მაგრამ ამ დროს ნინომ გერმანიაში მოინდომა სწავლის გაგრძელება. ერთი წლით უნდა წასულიყო და არც ამაზე ვუთხარი უარი, დავაფინანსე. არადა, სამი თვეც არ იყო გასული, რომ შემომითვალა: იტალიელი ბიჭი შემიყვარდა. არც საქართველოში და არც შენთან დაბრუნებას აღარ ვაპირებო.

რამდენიმე წელიწადი ქალისკენ აღარ გამიხედავს შეურაცხყოფილსა და დათრგუნვილს... ერთხელაც სამსახურში ახალი ბუღალტერი ავიყვანე, ნახევარ განაკვეთზე, რადგან ბავშვების გამო მთელი დღე მუშაობა არ შეეძლო, ძიძის აყვანის საშუალებაც არ ჰქონდა. მისი ქმარი კაზინოში თამაშობდა და ვალების გასტუმრება რომ ვეღარ შეძლო, თურმე, თავი მოიკლა. ასე დატოვა ახალგაზრდა ცოლი მარტო, ორ ბავშვთან ერთად. ეს ამბავი რომ ვიცოდი, თანაგრძნობის გამო უფრო ავიყვანე სამსახურში. მაკა მაგარი სპეციალისტი იყო და თანაც, ერთგული ადამიანი. დავიახლოვე და მალე სიყვარულიც ვიგრძენი მხოლოდ მის მიმართ კი არა, მისი შვილებიც შემიყვარდა. ჰოდა, საუკეთესო ვარიანტად მივიჩნიე შვილებიან ქალზე ქორწინება.

ძალიან ბედნიერი ვიყავი, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს მაკამ არ გამომიცხადა, - ფეხმძიმედ ვარო. მისთვის არ გამიმხელია, რომ უშვილობის დიაგნოზი მქონდა დასმული. რა უნდა მეფიქრა, გარდა იმისა, რომ მანაც მომატყუა და მიღალატა. მოვკიდე ხელი და წავიყვანე იმ ექიმთან, რომელმაც დიაგნოზი დამისვა და ვუთხარი: ბატონი შალვა გეტყვის, რატომ არ შეიძლება, რომ ჩემგან იყო ფეხმძიმედ-მეთქი...

არასოდეს დამავიწყდება მაკას საყვედურიანი და გაოცებული გამოხედვა...

- უთხარით! - ვუყვირე ექიმს, რომელსაც ჭირის ოფლმა დაასხა, მაგრამ ტყუილი მაინც არ იკადრა და აღიარა, რომ სულაც არ ვიყავი უშვილო და ასეთი რამ ჩემი პირველი ცოლის, ნინოს თხოვნით დამაბრალა... - მას არ უნდოდა თქვენგან შვილი ჰყოლოდა. დიდი ფული გადამიხადაო...

... რომ გავიაზრე, საკუთარი შვილი უნდა მყოლოდა, სიხარულისგან რა მექნა აღარ ვიცოდი... თურმე, მაკა ტყუპზე იყო ორსულად და ახლა ოთხი შვილის - ოთხი ვაჟკაცის მშობლები ვართ. ქველმოქმედება მას შემდეგ დავიწყე, რაც გავიგე, რომ შვილებით დამასაჩუქრა განგებამ. ბევრი არაფერი მაქვს, მაგრამ ვიდრე ცოცხალი ვიქნები, ჩემი შვილების ლუკმას მშიერ ბავშვებს აუცილებლად გავუყოფ.

ინგა ჯაყელი