ოკეანისგაღმელი ბაბუა და მშვენიერი ქართველი ბებო - კვირის პალიტრა

ოკეანისგაღმელი ბაბუა და მშვენიერი ქართველი ბებო

ნათქვამია, ნაადრევი ყველაფერი კარგია, სიკვდილის გარდაო. ჰოდა, ადრეულ წლებში ოჯახის შექმნა მემკვიდრეობით მოდის ცეცხლაძეების ოჯახში. უფროსმა შვილმა 17 წლისამ მოიტაცა 15 წლის გოგო, მერე მათმა ვაჟმა, გიგომ 18 წლისამ შეირთო ცოლი, ულამაზესი თამრო, რომელსაც ის-ის იყო, თექვსმეტი შეუსრულდა. მათ ქალ-ვაჟი შეეძინათ. სამწუხაროდ, გიგო 27 წლისა ავტოავარიაში დაიღუპა... ვინ აღარ ეძლეოდა ლამაზ ქვრივს, მაგრამ თამარმა ახლოს არავინ გაიკარა.

ბავშვები სკოლას ამთავრებდნენ, როცა თამრო შვილებიანად ოზურგეთიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. მაკა დედას ჰგავდა გარეგნობით, თაყვანისმცემელი არ აკლდა. ერთმა ბიჭმა სკოლის დამთავრება არ აცალა, დასტაცა ხელი და მოიტაცა. რაღას იზამდა თამარი, ნათესავებმაც აქეთ-იქიდან შეუძახეს, - გაჩერდი, ცა, უყვარს იმ ბიჭს მაკუნა, შეეშინდა, სხვას არ წაეყვანა და იმიზა მოიტაცა, თვარა დასაწუნი კი არ არისო...

მაკამ გოგონა რომ გააჩინა, თამარმა სიძე-ქალიშვილს უთხრა,  ჯერ სასწავლებელი დაამთავრეთ, თაკოს მე გაგიზრდითო და სეხნია შვილიშვილი თავისთან წამოიყვანა. თამარი ყველას გოგონას დედა ეგონა და არა ბებია. თაკო ნიჭიერი გოგო იყო, კარგად სწავლობდა, მერე უცხოურ სასწავლო პროექტში გაიმარჯვა და ამერიკაში გაგზავნეს სასწავლებლად, ნიუ-ჯერსიში ერთ ამერიკულ ოჯახში ცხოვრობდა. მასპინძლებმა შვილივით შეიყვარეს ქართველი გოგონა...

დიასახლისი, ჯეინი, ოჯახთან ერთად ყოველ შაბათ-კვირას მარტოხელა მამას აკითხავდა. 64 წლის დევიდს ქალაქგარეთ დიდი ვილა ჰქონდა.

ერთხელ, სტუმრობისას, თაკომ დევიდს სთხოვა, - თუ შეიძლება თქვენი კომპიუტერით ვისარგებლებ, ჩემს ბებოს მინდა სკაიპით ველაპარაკოო. რა თქმა უნდაო. თაკომ სკაიპით საუბრისას ვიდეოთვალით გააცნო ბებიას მასპინძლები, დიდიან-პატარიანად. დევიდი ძალიან ხალისიანი და ხუმარა კაცი აღმოჩნდა. ეკრანზე რომ თამარს მოჰკრა თვალი, მაშინვე ხმამაღლა გამოხატა აღტაცება - ჩვენს თაკოს რა ლამაზი ბებია ჰყოლია, შვილიშვილი სულ მას ჰგავსო.

მოგვიანებით თაკოს საუბარში შეაპარა, ბებიის ტელეფონის ნომერს ხომ არ მომცემო. თაკომ - რატომაც არაო და... დევიდმა საქართველოში პირველად რომ დარეკა, პატარა ბავშვივით ღელავდა... თამარმა საყველპურო ინგლისური იცოდა და შვილიშვილის მასპინძელს ლაპარაკზე უარს როგორ ეტყოდა?! თუმცა, იმასაც ატყობდა, რომ ყოველ დარეკვაზე მოხიბლული კაცი თანდათან აზარტში შედიოდა და ქათინაურებს არ აკლებდა.

ერთ დღეს თამარმა გადაწყვიტა მეზობელ ქალს განდობოდა, რომელმაც ინგლისური კარგად იცოდა. თანაც სთხოვა, მორიგი დარეკვისას, მათ საუბარს დასწრებოდა, რათა სიტყვასიტყვით გადაეთარგმნა კაცის ნათქვამი. მეზობელმაც ღიმილით გადაუთარგმნა: "საქართველო არ ვიცოდი, სად მდებარეობდა, ახლა რუკაზე მოვძებნე ის პატარა ქვეყანა, სადაც მსოფლიოში ულამაზესი ქალი ცხოვრობს და მის ისტორიასაც გავეცანი... შენი შვილიშვილი მეც ისე მიყვარს, როგორც ჩემი საკუთარი, ხომ არ ვიფიქროთ ერთად ყოფნაზე?.. მინდა სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიყოთო"...

რაღა ბევრი გავაგრძელოთ და დევიდი აღარ ხუმრობდა. ვინმეს რომ წლების წინ მსგავსი ქათინაურები შეებედა თამარისთვის, გაკაპასებული გურული ქალი თავზე დაამხობდა ყველაფერს, მაგრამ დრომ და თინეიჯერმა შვილიშვილმა შეანელა მისი სიჯიუტე და სიფიცხე... თაკოს ძალიან უხაროდა, დევიდმა და ბებიამ ასე რომ გაუგეს ერთმანეთს. თამარი კარგა ხანს უმალავდა შინაურებს ამ ამბავს, მაგრამ როცა დევიდმა ამერიკიდან მოწვევა გამოუგზავნა, რაღა აზრი ჰქონდა დამალვას?..

დევიდი კათოლიკე აღმოჩნდა, მაგრამ თამარის სიყვარულით მართლმადიდებლობა მიიღო და მშვენიერ ქართველ ბებოზე მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაიწერა ჯვარი, მერე ქორწილიც გადაიხადეს და აგერ უკვე წელიწადზე მეტია თამარი და დევიდი ერთად ცხოვრობენ იმ დიდ, ტბისპირა ვილაში, ნიუ-ჯერსის შტატში. თაკოც მათთანაა, სწავლის გაგრძელებას იქ აპირებს. რატომაც არა? საყვარელი ბებიაც იქ ჰყავს და ახალშეძენილი ბაბუაც!