დევკაცი და ცქნაფა - კვირის პალიტრა

დევკაცი და ცქნაფა

გემოვნებაზე არ დაობენო, ნათქვამია, მაგრამ სწორედ გემოვნებაზე დავას კინაღამ შეეწირა ამ ცოლ-ქმრის ურთიერთობა.

კახაბერი დევიძეების ერთადერთი ვაჟი იყო და მშობლებს მისთვის მზეთუნახავი უნდოდათ. ამბობდნენ, - ჩვენი შვილის შესაფერისი არ დაიარება დედამიწის ზურგზეო. კახაბერი გვარს ამართლებდა - მეტად ახოვანი ყმაწვილი გახლდათ და ყველა დევკაცს ეძახდა.

ერთხანს კალათბურთს თამაშობდა, მერე რაგბი ირჩია და წარმატებებსაც მიაღწია. 30 წლისა რომ გახდა, მშობლები შეშფოთდნენ - დროა შენი ტოლი და სწორი მოძებნოო. მშობლებს და შინაბერა მამიდებს კახაბერისთვის ტანადი, ფერხორციანი ქალი უნდოდათ, კახაბერს კი პატარა და კოხტა გოგონები მოსწონდა.

ცქნაფა მარიამი ისე შეუყვარდა, წუთითაც ვერ ძლებდა უმისოდ. იცოდა კახაბერმა, რომ ახლობლები არჩევანს დაუწუნებდნენ, ამიტომ  გადაწყვიტა, პირდაპირ ქორწილზე გაეცნო თავისიანებისთვის მარიამი, მაგრამ მშობლებმა და მამიდებმა აიჩემეს, ყველაფერი ტრადიციულად უნდა ჩავატაროთ, ქალი ჯერ დავნიშნოთ, ერთ თვეში კი ქორწილი გადავიხადოთო. გული ავს უგრძნობდა კახაბერს, მაგრამ რა ექნა? დაჰყვა უფროსების ნებას.

როცა მშობლებმა, მამიდებმა და ნათესავებმა საპატარძლოს ოჯახში ხელდამშვენებულებმა შეაბიჯეს და თვალი მოჰკრეს ცქნაფა მარიამს, სადედამთილომ - "ვაიმეო", ერთი კი დაიძახა და გული წაუვიდა. მამა და ნათესავები პირდაღებულნი მისჩერებოდნენ შიშით კიდევ უფრო დაპატარავებულ სარძლოს, რომელიც დევკაცი საქმროს იღლიის ქვეშ ბეღურასავით შეყუჟულიყო. ამ ალიაქოთში ვის ელხინებოდა -  დასანიშნად მოსულებმა ცხვირი აიბზუეს და უკან გაბრუნდნენ.

დღედაღამ ხელებს ასავსავებდნენ დედა და მამიდები - ან ეგ ნამცეცა, ან ჩვენო, მაგრამ კახაბერი ჯიუტობდა - ან მარი გახდება ჩემი ცოლი, ან უცოლოდ დავბერდებიო... იქით მარის მშობლები ბუზღუნებდნენ - ჩვენც გვკითხონ, გვინდა თუ არა ამ ვეშაპების ოჯახში ჩვენი კოხტა გოგოს შეშვებაო... ბევრი იქოთქოთეს, მაგრამ სიყვარულთან ვერაფერი გააწყვეს.

ქორწილის დღეს, მარიამი 15 სმ-იან პლატფორმებზე შეასკუპეს და ჰა და ჰა, მკერდამდე ძლივს მისწვდა კახაბერს. გრძელ თეთრ კაბაში ისე თვალისმომჭრელად ლამაზი იყო, რომ სიძის ახლობლები ცოტათი დაცხრნენ. ერთს ნატრობდნენ მხოლოდ, - ნეტავ, შვილები დედას არ დაემსგავსონ ტანადობითო. სხვათა შორის, სამივე ბავშვი კახაბერს ჰგავს აღნაგობით, ცქნაფა მარი კი იმისთანა რძალი გამოდგა, ხელისგულზე ატარებენ დევიძეები.