"იმის მაგივრად, რომ ქმრის ღალატის გამო გული დასწყვეტოდა, ისე უნდოდა შვილი, რომ..."
"იმის მაგივრად, რომ ქმრის ღალატის გამო გული დასწყვეტოდა, ისე უნდოდა შვილი, რომ..."
მინდა, ჩემს უახლოეს მეგობარზე გიამბოთ.
ნანამ თავისი ნათლიის შვილის დაბადების დღეზე წამიყვანა. იქ, ლხინის დროს გავიცანით რამაზი. შევატყვე, რამაზს დანახვისთანავე მოეწონა ჩემი მეგობარი. კარგი ბიჭი იყო და ნანასაც ესიამოვნა მისი ყურადღება.

მასპინძლებმა ეს რომ შეამჩნიეს, ნანას მშობლებს ყურები გამოუჭედეს, - მერე რა, რომ 12 წლით უფროსია, სამაგიეროდ, ძლიერი ოჯახისშვილია, თვითონაც მყარად დგას ფეხზე, სწავლაშიც ხელს შეუწყობს სტუდენტ ცოლს, არაფერს მოაკლებსო. ნანას თაყვანისმცემლები კი ჰყავდა, მაგრამ შეყვარებული - არა. რაღა ბევრი
გავაგრძელო და, რამაზმაც და მისმა გულშემატკივრებმაც იმდენი ქნეს, რომ 19 წლის გოგო გათხოვებაზე დაითანხმეს. თავიდან მეც ძალიან მომწონდა რამაზი.

ცოლის მეგობრებს თბილად და ხალისით გვხვდებოდა, სასეირნოდაც დავყავდით, ნანას ხომ ლამის ფეხქვეშ ეგებოდა. გავიდა სამი წელი... შვილი არ უჩნდებოდათ და ამის გამო პირველი ბზარიც გაჩნდა. ნანამ
მკურნალობა დაიწყო. ბოლოს ექიმმა დიაგნოზი დაუსვა, ბავშვი არ გეყოლება და სჯობს იშვილოო. ქალს რამაზთან გაყრა უნდოდა, მაგრამ ქმარმა უარი უთხრა, თან ერთი "საიდუმლოც" გაუმჟღავნა: იმედია, მაპატიებ. სანამ შენ მკურნალობდი, ერთ ქალთან მქონდა ურთიერთობა.

ახლა ორსულადაა და მზად არის, ბავშვი ჩვენ მოგვცეს. ასე რომ, მთლად უცხოს გაზრდა არ მოგიწევსო. იმის მაგივრად, რომ ქმრის ღალატის გამო გული დასწყვეტოდა, ნანას ისე უნდოდა შვილი, რომ ამ ამბავმა გაახარა კიდეც.

ორ თვეში ბავშვიც დაიბადა - გოგონა და რამაზმა ნანას "დედობა" მიულოცა. ნანა თამუნას თავს ევლებოდა, ცივ ნიავს არ აკარებდა, რამაზიც ყურადღებას არ აკლებდა ცოლ-შვილს. ბავშვის ბიოლოგიურმა დედამ რამაზისგან ფული აიღო და წავიდა. ასე რომ, ნანას არ ეშინოდა, რომ ის ქალი ოდესმე შეეცილებოდა შვილში.

გავიდა რამდენიმე წელი და რამაზი ძალიან შეიცვალა. გაქრა მისი ყურადღება და ზრუნვა, ხშირად შინაც არ მოდიოდა. თუ ნანა მიზეზს ჰკითხავდა, ჩხუბს იწყებდა. ნანას არ უნდოდა გოგონა ჩხუბსა და უსიამოვნებაში გაზრდილიყო, ამიტომაც ქმრის შემოტევებს დუმილით ხვდებოდა.

ერთხელ, რამაზი სამი დღე არ გამოჩნდა. მართალია, ნანა მიჩვეული იყო ამას, მაგრამ გულმა ცუდი უგრძნო - ქმრის მობილური ამ სამი დღის განმავლობაში სულ გათიშული იყო და სამსახურში დარეკა. უთხრეს, რამაზი ჩვეულებრივად სამსახურში დადისო. როცა დედამთილ-მამამთილს შეატყობინა, ქმარი სამი დღე შინ არ მოსულაო, უთხრეს, - რამაზმა გუშინ მოგვინახულა და პროდუქტი დაგვიტოვაო...

მეოთხე დღეს რამაზი გამოჩნდა და ყველას გასაგონად განაცხადა: - სხვა შემიყვარდა, მასთან შვილიც მყავს. ნანას მეტი რა უნდა? შვილი არ ჰყავდა და მივუყვანე, სახლიც აქვს, ჩემებიც თავს ევლებიანო.

ნანა ამ სიტყვებმა კინაღამ ლოგინად ჩააგდო. მერე თავს მოერია და შვილთან ერთად განაგრძო ცხოვრება.
რამაზს კი მინდა მივმართო თქვენი გაზეთით:

რამაზ, ნანას შენამდე სახლიც ჰქონდა, კარიც, სწავლობდა და მასზე, როგორც ნიჭიერ სტუდენტზე, დიდ იმედს ამყარებდნენ, მაგრამ შეგიყვარდა და ყველაფერი გააკეთე, რომ ცოლად შეგერთო. მიპასუხე გულახდილად: რა ჰქვია შენისთანა კაცს, რომელიც სხვა ქალთან შვილს გააჩენს, ცოლს გასაზრდელად მიუყვანს, რამდენიმე წელიწადში კი ისევ სხვასთან წავა და ახლა იმასთან შექმნის ოჯახს?

პასუხს არა მარტო შენგან ველი. მაინტერესებს, გაზეთის მკითხველი როგორ შეაფასებს ამ საქციელს.

ქეთი რუსეიშვილი, თბილისი
ნანა
29 სექტემბერი 2019 09:51
ასეთ უსინდისო მეთავისესთან შერიგებასაც არ ვურჩევ! ურჩევნია დამოუკიდებლად, ბავშვთან ერთად მიხედოს თავის ცხოვრებას. იმუშაოს! გაძლიერდება და უკეთესად იქნება!
თა- თა
29 სექტემბერი 2019 08:56
პირველი შვილი დამეღუპა, ორსულიბის 28 კვირაზე მძიმე ფორმის პრეეკლამსია მქონდა... ჩემმა ქმარმა და მისმა ახლობლებმა ალბათ გადაწყვიტეს ეს აწი ვეღარ გააჩენს შვილსო და შემომთავაზა ქმარმა გავაჩენ სხვასთან და გავზრდითო, ვითომ ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყო ეს... ერთი სიტყვით ოჯახი ლამის დავანგრიე ამის გამო, ასე უბედურად და დამვირებულად მაშინაც არ მიგვრძნია თავი, როდესაც ხელცარიელი და გულმოკლული ვტოვებდი სამშობიაროს... მე დღეს შვილი მყავს, შევძელი გამეჩინა, მაგრამ რომ ვერ გამეჩინა. არასოდეს დავთანხმდებოდი იმ სიმდაბლეს, რაც შემომთავაზეს. და ზოგჯერ იმის გამოც მეზიზღება თავი, რომ ეს სიტყვებიც ვაპატიე...
ნინო
14 აგვისტო 2019 18:02
,,ნანას ისე უნდოდა შვილი" და ბლა-ბლა- ბლა- ეს გამართლება არ არის- ნაღალატები ქმარი უნდა გაეგდო,რა გარანტია აქვს ახლა ბავშვის ბიოლოგიური დედა არ მიადგეს და შანტაჟი არ დაუწყოს?!შტერი ქალი,ასეთი ქალების ბრალია კაცები ამდენს რომ ბედავენ, კაცი რომ ყოფილიყო უშვილო და ეს ქალი სხვისგან დაფეხმძიმებულიყო ნეტა თუ მოუწონებდით საქციელს და ქმარი თუ მიიღებდა?არა, რა თქმა უნდა, ასეთი საქციელი ნამდვილად არ არის მოსაწონი და მისაღები, მაგრამ კაცს ყველაფერს პატიობს ქართველი ქალი ,, ოჯახის შენარჩუნების გამო" და,, რას იტყვის ხალხი"-ის გამო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?