"იმის მაგივრად, რომ ქმრის ღალატის გამო გული დასწყვეტოდა, ისე უნდოდა შვილი, რომ..." - კვირის პალიტრა

"იმის მაგივრად, რომ ქმრის ღალატის გამო გული დასწყვეტოდა, ისე უნდოდა შვილი, რომ..."

მინდა, ჩემს უახლოეს მეგობარზე გიამბოთ.

ნანამ თავისი ნათლიის შვილის დაბადების დღეზე წამიყვანა. იქ, ლხინის დროს გავიცანით რამაზი. შევატყვე, რამაზს დანახვისთანავე მოეწონა ჩემი მეგობარი. კარგი ბიჭი იყო და ნანასაც ესიამოვნა მისი ყურადღება.

მასპინძლებმა ეს რომ შეამჩნიეს, ნანას მშობლებს ყურები გამოუჭედეს, - მერე რა, რომ 12 წლით უფროსია, სამაგიეროდ, ძლიერი ოჯახისშვილია, თვითონაც მყარად დგას ფეხზე, სწავლაშიც ხელს შეუწყობს სტუდენტ ცოლს, არაფერს მოაკლებსო. ნანას თაყვანისმცემლები კი ჰყავდა, მაგრამ შეყვარებული - არა. რაღა ბევრი გავაგრძელო და, რამაზმაც და მისმა გულშემატკივრებმაც იმდენი ქნეს, რომ 19 წლის გოგო გათხოვებაზე დაითანხმეს. თავიდან მეც ძალიან მომწონდა რამაზი.

ცოლის მეგობრებს თბილად და ხალისით გვხვდებოდა, სასეირნოდაც დავყავდით, ნანას ხომ ლამის ფეხქვეშ ეგებოდა. გავიდა სამი წელი... შვილი არ უჩნდებოდათ და ამის გამო პირველი ბზარიც გაჩნდა. ნანამ მკურნალობა დაიწყო. ბოლოს ექიმმა დიაგნოზი დაუსვა, ბავშვი არ გეყოლება და სჯობს იშვილოო. ქალს რამაზთან გაყრა უნდოდა, მაგრამ ქმარმა უარი უთხრა, თან ერთი "საიდუმლოც" გაუმჟღავნა: იმედია, მაპატიებ. სანამ შენ მკურნალობდი, ერთ ქალთან მქონდა ურთიერთობა.

ახლა ორსულადაა და მზად არის, ბავშვი ჩვენ მოგვცეს. ასე რომ, მთლად უცხოს გაზრდა არ მოგიწევსო. იმის მაგივრად, რომ ქმრის ღალატის გამო გული დასწყვეტოდა, ნანას ისე უნდოდა შვილი, რომ ამ ამბავმა გაახარა კიდეც.

ორ თვეში ბავშვიც დაიბადა - გოგონა და რამაზმა ნანას "დედობა" მიულოცა. ნანა თამუნას თავს ევლებოდა, ცივ ნიავს არ აკარებდა, რამაზიც ყურადღებას არ აკლებდა ცოლ-შვილს. ბავშვის ბიოლოგიურმა დედამ რამაზისგან ფული აიღო და წავიდა. ასე რომ, ნანას არ ეშინოდა, რომ ის ქალი ოდესმე შეეცილებოდა შვილში.

გავიდა რამდენიმე წელი და რამაზი ძალიან შეიცვალა. გაქრა მისი ყურადღება და ზრუნვა, ხშირად შინაც არ მოდიოდა. თუ ნანა მიზეზს ჰკითხავდა, ჩხუბს იწყებდა. ნანას არ უნდოდა გოგონა ჩხუბსა და უსიამოვნებაში გაზრდილიყო, ამიტომაც ქმრის შემოტევებს დუმილით ხვდებოდა.

ერთხელ, რამაზი სამი დღე არ გამოჩნდა. მართალია, ნანა მიჩვეული იყო ამას, მაგრამ გულმა ცუდი უგრძნო - ქმრის მობილური ამ სამი დღის განმავლობაში სულ გათიშული იყო და სამსახურში დარეკა. უთხრეს, რამაზი ჩვეულებრივად სამსახურში დადისო. როცა დედამთილ-მამამთილს შეატყობინა, ქმარი სამი დღე შინ არ მოსულაო, უთხრეს, - რამაზმა გუშინ მოგვინახულა და პროდუქტი დაგვიტოვაო...

მეოთხე დღეს რამაზი გამოჩნდა და ყველას გასაგონად განაცხადა: - სხვა შემიყვარდა, მასთან შვილიც მყავს. ნანას მეტი რა უნდა? შვილი არ ჰყავდა და მივუყვანე, სახლიც აქვს, ჩემებიც თავს ევლებიანო.

ნანა ამ სიტყვებმა კინაღამ ლოგინად ჩააგდო. მერე თავს მოერია და შვილთან ერთად განაგრძო ცხოვრება.

რამაზს კი მინდა მივმართო თქვენი გაზეთით:

რამაზ, ნანას შენამდე სახლიც ჰქონდა, კარიც, სწავლობდა და მასზე, როგორც ნიჭიერ სტუდენტზე, დიდ იმედს ამყარებდნენ, მაგრამ შეგიყვარდა და ყველაფერი გააკეთე, რომ ცოლად შეგერთო. მიპასუხე გულახდილად: რა ჰქვია შენისთანა კაცს, რომელიც სხვა ქალთან შვილს გააჩენს, ცოლს გასაზრდელად მიუყვანს, რამდენიმე წელიწადში კი ისევ სხვასთან წავა და ახლა იმასთან შექმნის ოჯახს?

პასუხს არა მარტო შენგან ველი. მაინტერესებს, გაზეთის მკითხველი როგორ შეაფასებს ამ საქციელს.

ქეთი რუსეიშვილი, თბილისი