ჩემი უცნაური ცხოვრება - კვირის პალიტრა

ჩემი უცნაური ცხოვრება

ჟურნალ "გზის" რედაქციაში წერილი მოვიდა:

"გამარჯობა, მინდა 18 წლის წინანდელი ამბავი მოგიყვეთ, რომელიც მართლაც და ცხოვრების მიერ მოწყობილი სიურპრიზი გახლავთ...

დაბადებიდან თბილისში ვცხოვრობ. თუმცა, უფრო სწორი იქნება ვთქვა - თბილისში მაქვს ბინა, თორემ ისე ბავშვთა სახლში გავიზარდე.

ჩემი ბავშვობის ამბებით დავიწყებ. ერთ მშვენიერ დღეს, გავიღვიძე და მტირალი დედა დავინახე. - რატომ ტირი-მეთქი? - ვკითხე და - მამა წუხელ შინ არ მოვიდაო, მითხრა. მაშინ 7 წლის ვიყავი, მაგრამ გუშინდელი დღესავით მახსოვს ყველაფერი. ამის მერე მამა კარგა ხანს არ გამოჩენილა. ყველა ეძებდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი დედა დაიჭირეს ქმრის მკვლელობის ბრალდებით და 13 წელი მიუსაჯეს.

მე მხოლოდ მამას მხრიდან ბებია მყავდა, რომელიც ვინაიდან დედაჩემზე ძალიან იყო გაბრაზებული, ჩემი დანახვაც არ უნდოდა და ოფიციალურად თქვა ჩემს მეურვეობაზე უარი. ადგნენ და ბავშვთა სახლში გამამწესეს. იქ ვიზრდებოდი 18 წლამდე. ამ პერიოდზე დაწვრილებით არ შევჩერდები. საშინელი გასახსენებელია და არ მინდა, გუნება გაგიფუჭოთ. მოკლედ, სრულწლოვანი გავხდი თუ არა, ბავშვთა სახლიდან წამოვედი და თბილისში, ჩემი მშობლების კუთვნილ ბინაში დავბრუნდი. დედას ბევრი აღარ ჰქონდა დარჩენილი სასჯელის მოხდამდე და დიდი ამბით ველოდი მის გამოსვლას. მაშინც მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ მამა მას არ მოუკლავს. თუმცა, გათავისუფლებამდე 7 თვე ჰქონდა დარჩენილი, როდესაც მაცნობეს, რომ დედა გულის შეტევით გარდაიცვალა.

ის მხოლოდ გარდაცვლილი ვნახე. ისედაც მარტო ვიყვაი და სულ მარტო დავრჩი. იმედი მქონდა დაველაპარაკებოდი და ყველაფერს გავარკვევდი, მაგრამ მისმა სიკვდილმა სიმართლის გარკვევის იმედიც მომიკლა. კარის მეზობელი, ნანა დეიდა მპატრონობდა, რომელსაც ჩემი კბილა გოგო ჰყავდა და ბავშვობიდან მიცნობდა. ცხოვრება გავაგრძელე. ვმუშაობდი და საკუთარი თავის რჩენა არ მიჭირდა.

ასე გავიდა წლები. ნანა დეიდა გარდაიცვალა, მისმა შვილმა კი გოგონა გააჩინა, უქმროდ. როცა გაიგო, რომ ორსულად იყო, ბავშვის მოშორება უნდოდა, მაგრამ ვეჩიჩინე და გადავაფიქრებინე. დავპირდი, გაზრდაში მე მოგეხმარები-მეთქი და მართლაც, იმის მაგივრად, რომ გასართობად წავსულიყავი, სამსახურიდან შინ გავრბოდი, მარიამი ჩემთან გამყავდა და დილით ვუბრუნებდი დედამისს. მერე ანამ (მარიამის დედამ) აიტეხა, საბერძნეთში უნდა წავიდეო. შემომთავაზა, ბავშვს მოგაშვილებ, საბუთებიც გავაფორმოთ, რომ ჩემი აქ არყოფნის დროს რამე პრობლემები არ შეგექმნას, მე კი იქიდან დაგეხმარებით კიდეცო. მარიამი 3 წლის იყო, როცა ოფიციალურად ვიშვილე. ანა კი ამ ამბიდან შემდეგ მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა: დარეკა, ბავშვის ამბავი იკითხა და მას აღარ გამოჩენილა.

მარიამი ჩემი ერთადერთი სიხარულია. ის ახლა 21 წლისაა და ყველაფერი იცის, რაც მის ცხოვრებაში მოხდა, თუმცა, მაინც დედას მეძახის. ამას წინათ მითხრა: - ცხოვრება უცნაურადაა მოწყობილი, საკუთარმა დედამ მიმატოვა და არც კი მკითხულობს და შენ ყველაფერი მე შემომწირეო. გავუწყერი ამის გამო და დავტუქსე, - დედაზე ასე არ თქვა-მეთქი. - დედა შენ ხარ და შენზე არც ვამბობო, - ჯიუტად მიპასუხა.

ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობა უბედური მქონდა, ბედნიერი დედა ვარ. იმედი მაქვს, ჩემი შვილის ცხოვრებაში უფრო სასიამოვნო სიურპრიზები იქნება. მე კი მისი სიხარულით ვიქნები ბედნიერი".

ჟურნალი "გზა"