შობის ღამის სასწაული... - კვირის პალიტრა

შობის ღამის სასწაული...

შობის ღამის სასწაული...

ეს ამბავი ჩემი უახლოესი ადამიანების წარსული და ისტორიაა. რატომღაც, აქამდე არ მაძლევდნენ ამ ყველაფრის დაწერის უფლებას და თავადაც არ იციან ალბათ, რისი ერიდებოდათ...

ქალაქში სასწავლებლად წასული ნინო ცოლშვილიანმა კაცმა მოატყუა, დააფეხმძიმა, მერე კი ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე: კაცმა ფული მისცა ქალს და აბორტის გაკეთება უბრძანა. ნინოს უკვე უყვარდა თავისი ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილი და ვერაფრით გაიმეტა. კარგად იცოდა, მკაცრი მამა, ძმები ასეთ შეცდომას არ აპატიებდნენ; შეიძლება, მოსაკლავადაც გაემეტებინათ, მაგრამ რა ექნა, მარტო ქალაქში შვილს ვერ არჩენდა და შვიდი თვის ფეხმძიმე მიადგა საკუთარი ოჯახს კარს. ახალი წელი თენდებოდა და ეგონა, ამ ზღაპრულ ღამეს მაინც მოხდებოდა მისთვის სასწაული, როგორმე აპატიებდნენ და შეუნდობდნენ...

სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ოჯახის წევრებმა სცემეს კიდეც ფეხმძიმე ქალს და დედამაც არ შეიცოდა, ერთი სიტყვაც არ დასცდენია მის დასაცავად; პირიქით, თავად უკარნახა გამოსავალი ქმარსა და ვაჟებს: ახლა ყველა ისვენებს, ჩვენთვის არავის სცალია. ეს ტუტუცი გოგო სახლში ჩავკეტოთ და შობაც რომ ჩაივლის, ნაცნობ ბებიაქალს ჩავუყვან რაიონში. იქ ამშობიარებენ თავის დროზე და ბავშვსაც გააყიდვინებენ. საბედნიეროდ, უშვილო და სხვისი შვილის აყვანის მსურველი ყოველთვის მოიძებნებაო...

კიდევ უფრო გაუმძაფრდა შვილის გადარჩენის სურვილი და შობის წინადღეს სახლიდან გაპარვა მოახერხა. სულ ტყე-ტყე იარა, რომ მდევარს არ დაენახა და დაეჭირა. სიცივეც კი არ უგრძნია შეშინებულს, ისე სწრაფად გარბოდა და ტყიდან გამოსვლა მხოლოდ მაშინ გაბედა, როცა დაღამდა. როგორც კი სოფელი გამოჩნდა, პირველსავე სახლს მიადგა. ეზოში ახალგაზრდა კაცი იდგა და მას დაუძახა, შველა სთხოვა. ის ჭიშკრისკენ წამოვიდა და გაოცებულმა ჰკითხა:

- რომელი ხარ, ხმაზე ვერ გიცანი?!

- უცხო ვარ, სახლიდან გამოვიქეცი... - აკანკალებული ხმით უთხრა ნინომ და სიბნელეში ვერ შეამჩნია, ახალგაზრდა კაცი სადღაც მის მიღმა რომ იცქირებოდა.

- დედა, სტუმარი გვყავს, ჩვენი საშობაო მეკვლე! - სახლისკენ მიტრიალებულმა დაიძახა და ხელების ცეცებით ახსნა რაზა ჭიშკარს.

"ნუთუ, ბრმაა?!" - სიბრალულისგან გული მოეწურა გოგოს.

სახლიდან შუახნის ქალი გამოვიდა, რომელსაც ფქვილში ჰქონდა ხელები ამოსვრილი და გაკვირვებული უცქერდა უცხო სტუმარს...

შინ შეიყვანეს, დააპურეს და მისი ამბავიც მოისმინეს, რომელიც დაუფარავად უამბო მასპინძლებს სასოწარკვეთილმა გოგომ:

- შვილს ვერ დავთმობ, მოვკვდები მის გარეშე... არ ვიცი, როგორ და რანაირად ვიარსებებ, მაგრამ როგორმე, მასაც გადავარჩენ და საკუთარ თავსაც. გთხოვთ, ეს ღამე გამათევინეთ. არ მინდა, ავად გავხდე და ჩემს შვილს ვავნო. მე თუ ვერა, ღმერთი გადაგიხდით სიკეთეს...

- დედა! - აღელვებული ხმით მიმართა მშობელს ბრმა ვაჟკაცმა, რომელიც თედოდ გაეცნო ნინოს: - ეს გოგონა ჩემი საჩუქარია და უფალმა იმ დანაკარგისთვის გამომიგზავნა, წლების წინ რომ მქონდა და ავიტანე. ჩემი ხათრით, უნდა დაეხმარო და მისი შვილიც ჩვენ უნდა გადავარჩინოთ...

- როგორც იტყვი, დედა შემოგევლოს! - გაიგონა ნინომ პასუხად, მერე კი გოგონამ გასაოცარი ამბავი მოისმინა თედოსგან:

- ოთხი წლის წინ უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, რადგან ულამაზესი გოგო მიყვარდა, რომელიც ჩემგან იყო ფეხმძიმედ. ქორწილი ნაახალწლევს უნდა გვქონოდა. ახალ წელს ერთად შევხვდით და თოფის გასროლა რომ დავაპირე, ხელში ამიფეთქდა... როცა ექიმებმა ჩემი მხედველობის გადარჩენა ვერ შეძლეს და საბოლოო დიაგნოზი დამისვეს, საცოლეს შეეშინდა ინვალიდთან ცხოვრების და ქორწილზე უარი თქვა. მერე კი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვეხვეწე და ვემუდარე, რომ ბავშვი გაეჩინა და ჩემთვის მოეცა გასაზრდელად, მუცელი მოიშალა, შვილი მომიკლა. ძალიან უბედური ვიყავი. დედა შემეცოდა, თორემ შეიძლება, თავიც მომეკლა. არ ვიცი, შენ გჯერა თუ არა სასწაულების, მაგრამ შეუძლებელია ამოდენა გზის გამოვლის შემდეგ განგების ნების გარეშე, მაინცდამაინც ჩვენი ეზოს ჭიშკართან მოსულიყავი დახმარების სათხოვნელად. შენ ანგელოზად გამოგგზავნა უფალმა ჩემს გადასარჩენად. რა თქმა უნდა, არ გთხოვ ჩემთან დარჩენას, მაგრამ ნება მომეცი, შენს შვილს ვუპატრონო და ის მივცე, რასაც ჩემი შვილისთვის ვაგროვებდი სულში - როგორც გადაწყვეტ, ისე იქნება: გინდა, შენი ძმა და პატარას ბიძა ვიქნები, გინდა, მისი ნათლია, მაგრამ ერთი იცოდე, ვიდრე მე და დედაჩემი ცოცხლები ვართ, არაფერი გაგიჭირდებათ და ვერც უბატონოდ გაგცემთ ვინმე ხმას...

ნინო ატირდა და დედა-შვილს ლამის ხელები დაუკოცნა მადლიერების ნიშნად. შობას ერთად შეხვდნენ, სავსე ხონჩა ერთად შემოიტანეს სახლში ნინომ და თედომ...

მას შემდეგ ოცდაათ წელიწადზე მეტია გასული. არ გაგიკვირდებათ ალბათ, თუ გეტყვით, რომ ნინო და თედო დაქორწინდნენ და ღვთისოს გარდა, კიდევ სამი შვილი ჰყავთ. ღვთისო თავადაა უკვე მამა. ექიმია და დაჩემებული აქვს: მამას უნდა აღვუდგინოო მხედველობაო. თედოს კი მისი სჯერა, რადგან დღემდე ღმერთის მიერ მოვლენილ ანგელოზად მიიჩნევს უფროს ვაჟს.

ინგა ჯაყელი ჟურნალი "გზა"