"მის ცხოვ­რე­ბა­ში მის­ვ­ლა და­ვაგ­ვი­ა­ნე, ვე­ღარ ვუშ­ვე­ლე... ბო­ლო დროს ამას ხში­რად მი­მე­ო­რებ­და, - რა­ტომ უფ­რო ად­რე არ შეგ­ხ­ვ­დიო" - კვირის პალიტრა

"მის ცხოვ­რე­ბა­ში მის­ვ­ლა და­ვაგ­ვი­ა­ნე, ვე­ღარ ვუშ­ვე­ლე... ბო­ლო დროს ამას ხში­რად მი­მე­ო­რებ­და, - რა­ტომ უფ­რო ად­რე არ შეგ­ხ­ვ­დიო"

სიკვდილის წინ ქმარმა უსიტყვოდ დაიბარა, რომ ცოლს მუდამ უნდა ეგაზაფხულა. არ შეიძლება სხვანაირად, როცა ქალი მსგავსია გაზაფხულის, გაზაფხულზეა დაბადებული და უყვარს სიცოცხლე...

ნინო მშვიდობაძეს პირველად ბათუმში შევხვდი, დიდ ლიტერატურულ ღონისძიებაზე. მოკლეკაბიანი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც გურიიდან ვერლიბრი ჰქონდა საკონკურსოდ ჩამოტანილი, სხარტ, სიხარულა, ენამოსწრებულ კონკურსანტად ჩამრჩა ხსოვნაში.

ნინოს დაბადებისას მზე და წვიმა ერთმანეთს ეჯიბრებოდა თურმე და მწვანედ ხასხასებდა სოფელი, სადაც ადამიანებსაც ეს ფერი არეკვლიათ... მწვანე ყველაზე მიამიტური ფერია და ალბათ, გულუბრყვილო ადამიანებს მწვანე ფერით უნდა ხატავდნენ!

ნინოს ჩვილობის დროიდან დედა და ბებო ანა კალანდაძის ლექსებს უკითხავდნენ. შესაძლოა, სულაც იმის გამო, რომ ანაც გურული გახლდათ ან სულაც, გურულიც რომ იყო და კარგი პოეზია რომ დაგვიტოვა. ბავშვობიდანვე შეუყვარდა და მოსწონდა ქართული სიტყვიერება. მიკითხავდნენ და თან, ვსწავლობდიო ან უკეთესი რა უნდა მოისმინო და ისწავლო ადამიანმა? ემოცია ცხოვრებას სულ ახლავს, მაგრამ მწერლობამ ნინო თავად აქცია ემოციად.

"ბიძია თომას ქოხი" რომ წამიკითხა დედამ, ოთხი წლის ვიყავი. პატარა, ლამაზ გოგონას სიკვდილის სცენის დროს, წიგნი წავართვი და მაგიდის ქვეშ შევძვერი. მანამდე არ გამოვედი იქიდან, სანამ დედა არ დამპირდა, რომ ევა იცოცხლებდა. ასე შევცვალე ბიჩერ სტოუს ცნობილი ნაწარმოები. წარმოუდგენლად ცელქი ვიყავი. კიბის საფეხურზე სწრაფად ვსრიალებდი, ჩემს ძმას სულ ვასწრებდი. მეზობლის ქალი მეხვეწებოდა: ნელა, ცა, ბაღანა არ გაჭყიპოო (გასრისოო). ვერ გავჭყეპდი, კაფანდარა ვიყავი მუდამ, მაგრამ მაინც ეშინოდა... ერთხელ, სამზარეულოს უზურგო სკამზე, ტაბურეტს რომ ეძახიან, წყლით სავსე ქვაბი იყო შედგმული და კაცმა არ იცის, იქ როგორ ავძვერი და ჩემი ძმა როგორ ავიყვანე. ფაქტია, ბაბილინა ბებიამ ორივე იმ ქვაბში მოჭყუმპალავე გვიხილა. დავიტუქსეთ კი არადა... ერთხელაც, მეზობლის გოგოსთან მინდოდა გადასვლა. დილით ბაბილინა ისე გავაბრაზე, ხმას არ მცემდა. ჰოდა, ავდექი და წერილი დავუტოვე: "ბებია, მე მივდივარ ნუნუკასთან, არ გაგისკტეს გული". ეს ხელნაწერი დღემდე "მკაცრადაა დაცული". მერე იყო სკოლა. ცელქი მოსწავლე არ ვყოფილვარ, მაგრამ არც "გადამრიე" ბეჯითი. იოლად ვსწავლობდი: ქართულს, უცხო ენას, ისტორიას, სამაგიეროდ, არაფერი მესმოდა და არასოდეს მიყვარდა: მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა. ვერაფერი გავუგე ციფრებს და მივხვდი, ჩემი სამყარო უფრო სიტყვებია, სიტყვები, რომლებსაც აქვთ ფერი და გემო ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარდა, მაინც ვსწავლობდი... სკოლის პერიოდში ძალიან მიყვარდა შაბათი დღე (მაშინ შაბათს ჯერ კიდევ ვსწავლობდით), რადგან შინ მობრუნებულს სამზარეულოში დედა მხვდებოდა. ყოველთვის ასე იყო, შაბათ-კვირას სამზარეულოში ორი საოცარი ქალი ფუსფუსებდა: დედა და ჩემი ბაბილინა".

ბაბილინა თითქოს სხვა გალაქტიკიდან იყო. პირველი ლექსი მან ასწავლა ბადიშს. ისე, ბებოს სინამდვილეში, ნინო ერქვა და ბარამიძის ქალი იყო - სილამაზით, განათლებით, შინაგანი კულტურით გამორჩეული, შვილიშვილისთვის სამუდამოდ ბაბილინად რომ დარჩა. ნინო ბებო, რაც შვილიშვილების სახელს უკავშირდებოდა, ყველაფერს სათუთად მიუჩენდა ადგილს თავის ოთახში. ბავშვობის დროინდელი ტანსაცმელი, წიგნები და სასკოლო სახელმძღვანელოები, ფორმები, დღიურები - ყველაფერი ფასეული იყო და ბაბილინა თავის ოთახში შთამომავლობის ბავშვობას ინახავდა საგულდაგულოდ...

დედა კი სხვა ქალია, ბებოსგან ბევრად განსხვავებული, მკაცრი და მომთხოვნი. მისი წესრიგიანობა და რეჟიმი ნინოს მუდამ მოზიდულად ამყოფებს, არ აძლევს დაცემის უფლებას!

მამა დიდი ბავშვი იყო და ასეთად დარჩა ბოლომდე: უპრეტენზიო, კეთილი, უწყინარი კაცი, საშინლად ჯიუტი ხასიათით, როგორიც მხოლოდ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ. კაცი, რომელიც იოლად იჯერებდა ყველაზე დაუჯერებელ ამბებს, მაგრამ ადამიანის გულქვაობასა და ბოროტებას ვერ დააჯერებდი. "მაპატიე-მეთქი, სიკვდილის წინ ვუთხარი, ცუდი შვილი ვიყავი-მეთქი. გაეღიმა, შენ როგორ შეიძლება ცუდი იყო, მა, ეს მე ვერ ვიყავი შენი შესაფერისი მამაო... ასეთი იყო. ჩუმად წავიდა... უცნაური ისაა, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მას სურდა, როგორც ნატრობდა და წარმოედგინა თავისი დაკრძალვის დღე", - იხსენებს ნინო.

ერთადერთი ძმა ჰყავს ნინოს და მასშიც გაუმართლა. დასჭირდება და ის არის: კედელი, საყრდენი, იმედი, შვება, კამათი და თამაშიც დაქვრივებული დისთვის. ძმაც ასეთი უნდა, დაიღლები და დაეყრდნობი! გეტკინება და გწამლობს... ნინო მშვიდობაძე მეუღლესთან ერთად ვისაც უმაღლესი განათლება მიუღია, იცის, რომ სტუდენტობა ყველაზე ლამაზი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში: ბავშვობას ემშვიდობები და თან, არც დიდი ხარ ჯერ კიდევ. მოისურვებ და დიდი ხარ, არ მოისურვებ და, არც ისე ძნელია გაბავშვება...

"სტუდენტობა ყველაზე სასწაული ხანაა. როცა ძალიან გიჭირს, მაგრამ მაინც ბედნიერი ხარ. ერთხელ იმისთვის, რომ დაქალებთან ერთად ოპერაში "ტრავიატა" მენახა, ხუთი ლარი ორი თვე ვინახე. ფეხით დავდიოდი, იშვიათად ვჭამდი და იმ ფულს ხელს არ ვკიდებდი. ვნახე და მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი, რომ ეს უნდა მენახა, მეგრძნო, მომესმინა. საშინელი დრო იყო, უმძიმესი პერიოდი, უშუქობა, უგაზობა, უგზოობა... მახსოვს, ნაქირავებ ბინაში გათბობა არ იყო და ღამით ვწერდი საკურსო თემას, სიცივისგან თითები მომეყინა. ჰო, ასეთი დრო იყო, მძიმე. დედას ხელფასი 14 ლარი ჰქონდა: სახლშიც უნდა ჰყოფნოდათ და ჩემთვისაც უნდა გამოეგზავნა. რომ არა კეთილი ნათესავები, ალბათ, სტუდენტობა არც მექნებოდა... სხვათა შორის, ბაბილინას უბის წიგნაკში აქვს ჩაწერილი: "ნინიკო, არ დაგავიწყდეს!" და სტუდენტობის დროს, თუკი ვინმეს თუნდაც, ფუნთუშა უჩუქებია, იმისი სახელი და გვარიც კი აქვს ჩაწერილი. არც მავიწყდება ან რა დამავიწყებს..."

ნინოს ოჯახში თითქმის ყველა კარადა წიგნისაა. მოსაწყენ, ზამთრის ცივ საღამოებს კარადებიდან გადმოსული პოეზია ებრძოდა. ეწყობოდა ოჯახური ლიტერატურული საღამოები და იყო გაჯიბრება კითხვაში, ავტორებისა და ძირძველი ქართული სიტყვების მნიშვნელობის ამოცნობაში...

ყველაფერში სწრაფი ნინო მხოლოდ სიყვარულში იგვიანებდა. თუმცა, ღირდა დაგვიანებად თუ ლოდინად ის სიყვარული, რომელსაც შუა საუკუნეების ტრფობისა და გულისტკენის ელფერი დაჰკრავს:

"გია ფირცხალაიშვილი - ეს არ იყო ჩვეულებრივი მამაკაცი, არც ჩვეულებრივი ადამიანი... ამიტომაც, ვერ იცხოვრებდა ჩვეულებრივად, ვერ დაემსგავსებოდა ყალიბში მოქცეულ თუ პლასტილინით გამოძერწილ კაცებს. იყო ლაღი, მხიარული, ძლიერი, ჭკვიანი, კეთილი, ერთგული, უღალატო, ნაღდი. 27 წლისა პარლამენტის წევრი გახდა, ზვიად გამსახურდიას დროს, ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, პრეზიდენტის რწმუნებულიც გახლდათ დასავლეთ საქართველოში. მერე დაიწყო ის საშინელი და ტრაგიკული დღეები. საქართველო დატოვა, დატოვა ცოლი და პატარა გოგონა. იძებნებოდა სამშობლოს მოღალატის მუხლით. სამშობლოში დაბრუნდა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთადერთმა ქალიშვილმა სამი წლის ასაკში მძიმე დამწვრობა მიიღო. მერე აღარ წასულა, თუმცა, ოჯახში მდგომარეობა გაურთულდა. ცოლს ათი წლის გაცილებული იყო, მე რომ გავიცანი. გია ძალიან კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა და მასთან ყველა თემაზე შემეძლო საუბარი. როგორი იყო? ოდესმე გინახავს დაუმუშავებელი ალმასი? ძლიერი, ულამაზესი და მაინც სათუთი, მოსაფერებელი - ეგეთი იყო. გიხმობდა, თან ბოლომდე არ გიკარებდა, ეშინოდა თითქოს... მერე მითხრა, სიყვარულის აღარ მჯეროდაო. სიყვარულის ახსნაც მოკლე სატელეფონო გზავნილის საშუალებით გაბედა, ისიც მაშინ, როცა შორს იყო ჩემგან. მე კი ისე გავკადნიერდი, მონასტერში ავაკითხე მეგობრებთან ერთად და იქ, აჭარისწყალზე მივხვდი, რომ ეს კაცი მორიდებული, დაბნეული გამოხედვითა და გადამდები, გულღია სიცილით უკვე მიყვარდა და საკუთარ თავთან შეწინააღმდეგებას აზრი აღარ ჰქონდა...

ჩვენ მხოლოდ წელიწადი და შვიდი თვე დავყავით ერთად. ამ ხნის მანძილზე უერთმანეთოდ ალბათ, ერთი დღეც არ ვყოფილვართ. სადაც უნდა წასულიყო, სულ თან დავყავდი და მეც მივყვებოდი, რადგან მისი სურვილი იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება. მოყვარული ცოლ-ქმარი ცულის ტარზე დაეტევაო. დაეტევა კი არადა, ადგილიც მორჩება თურმე... და მაინც, დავაგვიანე. მის ცხოვრებაში მისვლა დავაგვიანე, ვეღარ ვუშველე... ბოლო დროს ამას ხშირად მიმეორებდა, - რატომ უფრო ადრე არ შეგხვდიო. მაშინ სულერთი იყო, რადგან ბედნიერი ვიყავი, ახლა ვხვდები, ამას რატომაც ამბობდა და მაინც სულერთი იყო, სულერთი არის, რადგან სიყვარულს დრო და საზღვარი არა აქვს, სიყვარული ან არის, ან არა. და ის იმდენად ძლიერია, დროში არსებულ ყველა საზღვარს შლის, სიკვდილზეც ძლიერია... თუმცა, ის ერთადერთია ადამიანურ გრძნობათა შორის, რომელსაც ყველაზე მეტი შური და ჭორი ახლავს, რადგან ძალიან მართალი და ნამდვილი. ერთადერთია, რომელიც ადამიანებს იმქვეყნადაც მიგვყვება... ტკივილი აძლიერებს გრძნობას. მერე რა, რომ ვერ ვხედავ, ვერ ვეხები... სამაგიეროდ, გულშია და როცა მიჭირს, მეხმარება... მე ვიცი, რომ სიცოცხლე გრძელდება და სიყვარული, რომელსაც გია ჰქვია..."

როლანდ ხოჯანაშვილი ჟურნალ "გზის" არქივიდან