როცა პატიება გვიანია... - კვირის პალიტრა

როცა პატიება გვიანია...

გიორგი 15 წლიდან მიუჯდა საჭეს. მშობლები კმაყოფილი იყვნენ, რომ ყმაწვილი ფრთხილად მართავდა მანქანას, ამიტომაც, უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისთანავე საჩუქრად ახალი "ბმვ" უყიდეს. მალე სიყვარულიც ეწვია და რადგან არჩევანიც მოუწონეს, 20 წლისა დააქორწინეს.

ახალგაზრდებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. პატარა რომ გაუჩნდათ, ბებია-ბაბუა ხელს არ აკარებინებდნენ, - ბავშვს ჩვენ მოვუვლით, თქვენ სწავლას მიხედეთო... და მართლაც, სტუდენტობა ისე უდარდელად და ლაღად ჩაამთავრეს, ვერც იგრძნეს, მშობლები თუ იყვნენ... მაგრამ ეშმაკს არ ეძინა...

იმ საღამოს გიორგი და ანა მეგობრისგან შინ ბრუნდებოდნენ. 2004 წლის შემოდგომის მიწურული იყო, წვიმდა. გიორგი დიღმის ტრასაზე აუჩქარებლად მოდიოდა - სწრაფი სიარული არ უყვარდა, მით უფრო ნაწვიმარზე. უცებ გაბმული სიგნალი მოესმა, სამი მანქანა მოქროდა - აშკარად ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. მერე აღმოჩნდა, რომ სამივე ქორწილიდან ბრუნდებოდა, მძღოლები მთვრალები იყვნენ და გასწრების ჟინით შეპყრობილნი ვერავის ამჩნევდნენ გზაზე. უბედურებამაც არ დაახანა...

იმ სამიდან ორმა ჯერ შუაში მოიქცია გიორგის მანქანა, მერე მესამემ ისე დაარტყა, რომ ელექტრობოძს მიახეთქა და ლამის შუაზე გააპო. დამჯახებელი ორჯერ გადატრიალდა და იქიდან ცოცხალ-მკვდარი სამი მგზავრი ძლივს გადმოიყვანეს. ორი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. დანარჩენი ორი მანქანის მგზავრები სასწაულებრივად გადარჩნენ, ხოლო გიორგის დამტვრეულ-დაჭეჭყილი მანქანიდან ძლივს ამოიყვანეს   გიორგი და ანა. ორივე შოკში იყო, პულსიც არ ესინჯებოდათ.

ანა მეორე დღეს მოვიდა გონს, დამტვრეულ-დალეწილი თითქმის სულ თაბაშირში იყო ჩასმული. გიორგის ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული და ექიმებს მისი გადარჩენა ეეჭვებოდათ. ორი თვის მკურნალობის შემდეგ გიორგიმ ამ ქვეყნისკენ მოიხედა, მაგრამ ექიმებმა უთხრეს, მთელი სიცოცხლე ინვალიდის ეტლს იქნები მიჯაჭვულიო.

ძნელი აღმოჩნდა ამის გაცნობიერება 25 წლის ბიჭისთვის. ანაც ძალიან ნერვიულობდა ქმრის დაინვალიდებას. წელიწად-ნახევარი უფერულად და ნაღვლიანად მიილია. ერთ დღეს გიორგის ცოლმა წერილი დაუტოვა:  "არ შემიძლია შენი ყურება. მე ჯერ 24 წლის ვარ, ცხოვრება წინ მაქვს. ვიცი, უბავშვოდ ვერ გაძლებთ, ამიტომ დაჩის თქვენ გიტოვებთ. ხანდახან უფლება მომეცით, რომ მოვინახულოო..."

და წავიდა.

ალბათ, ანას საქციელი რომ არა, გიორგი სიცოცხლის ბოლომდე ფარ-ხმალდაყრილი იქნებოდა და არ იბრძოლებდა გამოსაჯანმრთელებლად. მან საზღვარგარეთ მკურნალობა გადაწყვიტა და მშობლებმაც უყოყმანოდ გაყიდეს აგარაკი წყნეთში. გერმანიაში ორწლიანმა მკურნალობამ გიორგიც და მისი ახლობლებიც დაარწმუნა, რომ ამქვეყნად სასწაულები ნამდვილად ხდება. გიორგიმ რთული ოპერაცია გადაიტანა, რეაბილიტაციის პერიოდიც არ იყო ადვილი, მაგრამ სიცოცხლის წყურვილმა ყველაფერი დააძლევინა და გიორგიმ გაიარა.

...ანას, მას შემდეგ, რაც ოჯახი მიატოვა, თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, დიდ იმედს ამყარებდა, რომ ახალ ოჯახს შექმნიდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა.

ახლა კი ცდილობს გიორგის გული თავიდან მოინადიროს. ხან პატიება სთხოვა, ხან ბავშვის წართმევით დაემუქრა, მაგრამ ქმარყოფილმა ახლოს არ გაიკარა.