"მთელ ცხოვრებას დავთმობდი, რომ გამერკვია, რას მწერდა ზაზა 30 წლის წინ" - კვირის პალიტრა

"მთელ ცხოვრებას დავთმობდი, რომ გამერკვია, რას მწერდა ზაზა 30 წლის წინ"

დაახლოებით 30 წლის წინ სოხუმში ასობით სტუდენტს შორის ერთი წყვილი სწავლობდა. გოგონა სოხუმელი იყო, ბიჭი - თბილისელი. ერთხელაც შეყვარებულებმა უმნიშვნელო თემაზე იკამათეს და გაიბუტნენ. რეგიონში ვითარება უკვე დაძაბული იყო, წყვილის შერიგებას მეგობრები შეეცადნენ, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. წლების შემდეგ გაცოცხლებული სიყვარულის ამბავს "კვირის პალიტრას" 52 წლის ხატია უამბობს:

- მე და ზაზამ ერთმანეთი სოხუმში, გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის კიბეზე გავიცანით. ზაფხული იყო, სასწავლო წელი იწურებოდა, სტუდენტები დერეფანში ვირეოდით, როცა გარეთ გამოვვარდი, კიბეზე ჩანთით ხელში ამომავალ ბიჭს შევასკდი... შემდეგ, როდესაც ერთმანეთი შეგვიყვარდა, მეხუმრებოდა, დარწმუნებული ვარ, განგებ დამეჯახეო. არადა, მართლა არ ყოფილა ასე. მხოლოდ ის მახსოვს, რომ თავდახრილი ამოდიოდა... შემდეგ კი, დაცემისგან გაჩხაპნილი შუბლიდან სისხლს იწმენდდა. მე მუხლი გადავიტყავე. ქალი ხარ თუ ქაჯიო, მომაძახა გამწარებულმა, გვერდზე გაწევა უნდა ისწავლო-მეთქი... ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. სოხუმში დაბადებულ-გაზრდილ გოგოს ცურვა ზაზამ მასწავლა. წყალქვეშ მასზე დიდხანს ვძლებდი, თევზს მეძახდა, საკუთარი თავი გაპოვნინეო. სოხუმის ბოტანიკურ ბაღში ლამის გათენებამდე ვსეირნობდით. ხშირად ზღვის სანაპიროზეც დაგვთენებია. ეს იყო ორი უბედნიერესი წელი ჩემს ცხოვრებაში. იმედია, ზაზასთვისაც.

- რატომ დაშორდით? - ერთ დღეს მეგობრები სოჭში ვაპირებდით წასვლას, ის კი არ მოვიდა, თურმე მოულოდნელად მშობლები ჩამოსულან და მატარებელზე დააგვიანდა. შემდეგი რეისით კი ჩამოვიდა, მაგრამ მე კი მასთან ერთად მინდოდა მგზავრობა.

ერთი სიტყვით, გავიბუტე და ძალიან ცივად ვექცეოდი. დამშვიდობებისას მითხრა, ვფიქრობდი, მშობლები გამეცნო შენთვის, მაგრამ როგორც ვატყობ, ამისთვის მზად არა ხარო. მალე ის თბილისში დაბრუნდა და იქიდან დამირეკა, ცუდი ამბები იწყება აფხაზეთში, ჩამოვალ და გამომყევიო.

- ცოლობას გთხოვდათ? - დიახ, მაგრამ ვიცოდი, რომ მისი ოჯახი არ ჩქარობდა შვილის დაქორწინებას და მეც თავს ვიკავებდი. თუმცა პატიებაც ვთხოვე, ბოლო შეხვედრაზე უხეშად მოვიქეცი-მეთქი. რამდენიმე დღეში ომიც დაიწყო. მამა საქალაქთაშორისო სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა. ჩვენ ადლერში წაგვიყვანა და თავად აფხაზეთში დაბრუნდა, იბრძოდა. ზაზას ბოლოს რომ ველაპარაკე, აფხაზეთში აპირებდა საომრად წამოსვლას. ვემუდარე, არ გინდა-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. ვცდილობდი მასთან დაკავშირებას, მის ოჯახშიც დავრეკე, მაგრამ დედამ ისე უხეშად მიპასუხა, შეხმიანება ვეღარ გავბედე.

მამა ომში მძიმედ დაიჭრა, დიდი წვალებით გამოიყვანეს და მისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ლამის ყველაფრის გაყიდვამ მომიწია. იმ პერიოდში თითქმის მიმავიწყდა ჩემი სიყვარული.

- დედა არა გყავთ? - დედა უკრაინელი მყავს. ორი შვილი დაგვტოვა და დედამისის მდგმურ პეტერბურგელ ლექტორს გაჰყვა ცოლად, რომელიც ადრეც ჰყვარებია. მასთან ურთიერთობა წლების შემდეგ აღვადგინეთ. მამას კი სხვა ცოლი არ მოუყვანია.

ზაზას ძებნაში რამდენიმე საშინელი წელი გავიდა. საცხოვრებლად სოჭში გადავედით. პლასტუნკელი ქართველისგან ბინა ვიყიდეთ. ჩემი ძმა იქაურ ქართველზე დაქორწინდა. მიუხედავად იმისა, რომ თაყვანისმცემლები მყავდა, მაინც ზაზას ველოდი. არაერთხელ დავრეკე თბილისში. ერთხელაც მამაკაცმა მიპასუხა, ზაზა მოვიკითხე, კაცმა დაღონებით მიპასუხა, არ არის ზაზა და არც ვიცი, ოდესმე იქნება თუ არაო.

- ომიდან დაბრუნდა თუ არა, არ იცოდით? - არა... შემდეგ, მამას დაჟინებული თხოვნით, საქართველოში დავბრუნდით და ბათუმში ვიყიდეთ ბინა და სწავლა გავაგრძელე. ბოლო კურსზე ქუთაისელ ბიჭს გავყევი ცოლად. არ მიყვარდა, მაგრამ კარგი ადამიანი იყო, თან მე და მამას პატრონი გვჭირდებოდა. ქალ-ვაჟი შეგვეძინა. ვცხოვრობდით და ვშრომობდით.

- ვიცი, რომ ძველი სიყვარული იპოვეთ. - შარშანწინ ჩემმა უფროსმა გოგონამ გერმანიაში გაცვლითი პროგრამა დაასრულა და გამოგვიცხადა, ვთხოვდებიო. მისი რჩეული სახლში დავპატიჟეთ, მის დანახვაზე ისეთი განცდა გამიჩნდა, თითქოს სადღაც მყავდა ნანახი.

- არც გვარი გეცნოთ? - არა, ადრე რაღაც პრობლემა ჰქონია და დეპორტი ჩაურტყამთ. ყველა საბუთი ხელახლა გაუკეთებია და დედის გვარზე გადასულა. ერთი სიტყვით, ბიჭის ოჯახი ნიშნობაზე ჩამოვიდა. აივნიდან დავინახე, როგორ გადმოვიდა მანქანიდან მაღალი, ჭაღარა კაცი და ჩვენი კორპუსისკენ კოჭლობით წამოვიდა. ეს ზაზა იყო - ადამიანი, ვის გამოც ღამეები ტირილში გამითენებია.

- გიცნოთ? - მაშინვე მიცნო... ფერი დაკარგა. შუბლიდან კისრამდე ნაიარევი გასდევდა. ტამიშთან დაჭრილა და ცოცხალ-მკვდარი გადაუფრენიათ თბილისში. ფეხში რკინა უდევს, მარცხენა ხელი უმოძრაოდ აქვს. ოჯახმა ჩვენს ურთიერთობაზე მხოლოდ ის გაიგო, რომ ერთად ვსწავლობდით.

- რამე გითხრათ ძველ ურთიერთობაზე? - ომში ჩანაწერებს ვაკეთებდი შენთვისო... შემდეგ, როდესაც კომიდან გამოვედი, ლოგინს მივეჯაჭვე და არავის დანახვა არ მინდოდა, შენთვის ვწერდი, ვწერდი ყველაფერზე, სიყვარულზე, ოჯახზე, ერთგულებაზე. ამან გადამარჩინა. შენახული მაქვს, იქნებ ოდესმე შევხვდე და მივცემო, მაგრამ ახლა რანაირად გადმოგცე, მოყვრები ვართ და არ იქნება სწორი საქციელიო.

- რა უპასუხეთ? - მართალი ხარ-მეთქი, თუმცა, ალბათ, მთელ დარჩენილ ცხოვრებას დავთმობდი, გამერკვია, რას მწერდა ზაზა იმ წერილებში.

ნინო აფხაზავა