ბებიამ როგორ უნდა მაჯობოს? - კვირის პალიტრა

ბებიამ როგორ უნდა მაჯობოს?

"სჯობს, გათხოვდე და ინანო, ვიდრე გაუთხოვარი დარჩე და მაინც ინანო..."

ჩემი უფროსი და დიდი წუნია ვინმე გახლავთ. 37 წლის გახდა და მაინც არ ჩქარობს გათხოვებას, თუმცა მისი სიჯიუტე იქამდე გაგრძელდა, სანამ თქვენს რუბრიკაში ის ამბავი წავიკითხე, ბებია როგორ გათხოვდა საზღვარგარეთ.

ჩემს დაზე 6 წლით უმცროსი ვარ და ორი შვილი მყავს, ორივე მოსწავლეა. ოჯახს ერთი სადარდელი გვაქვს - არ გვინდა, ირინა შინაბერად დარჩეს. დედა ეუბნება: სამსახურიც კარგია და დისწულებიც, მაგრამ ქალს საკუთარი შვილები უნდა ჰყავდესო. ირინას კი, ვითომც არაფერი ესმის, ღიღინ-ღიღინით აგრძელებს თავის საქმეს - დადის სამსახურში, ამზადებს მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მათემატიკასა და უნარ-ჩვევებში... ფულიც აქვს და სახელიც.

მეტი არაფერი უნდა... ვიცი, სიყმაწვილეში შეყვარებული ჰყავდა, რომელმაც პატარა წაკამათების გამო მიატოვა და ცოლი შეირთო. მას მერე ირინამ თითქოს რწმენა დაკარგა და ახლოს აღარავინ გაიკარა. ან იქნებ, ისე უყვარდა ის ბიჭი, რომ სხვა ვეღარ შეიყვარა... არ ვიცი, ამ თემაზე ლაპარაკი ყოველთვის უჭირდა და არც მე ვაძალებდი. უბრალოდ, დრო რომ გავიდა, დაოჯახებას ვურჩევდი და გივი ბერიკაშვილის გმირივით (სპექტაკლიდან "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი") ვუმტკიცებდი:

სჯობს, გათხოვდე და ინანო, ვიდრე გაუთხოვარი დარჩე და მაინც ინანო-მეთქი. ისიც ჯერ ხუმრობდა, მაგრამ მერე სერიოზულად მპასუხობდა, - თუ უნდა ვინანო, რაღატომ უნდა ავიტკივო აუტკივარი თავი, ვიქნები ჩემთვის, როგორც მინდა, ისე ვიცხოვრებ, მაკონტროლებელი არ მეყოლება, სიბერეში კი შენი შვილები მომხედავენო.

ბოლოს ხელი ჩავიქნიე, თან გულის სიღრმეში იმედი მქონდა, რომ მოგვიანებით მაინც გონს მოვიდოდა და მიხვდებოდა, რომ დედობა ყველაზე დიდი ბედნიერებაა...

ბოლო ხანს ერთი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, მაგრამ ეს ჩემი და ზედ არ უყურებდა. წინა ნომერში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით "ოკეანისგაღმელი სასიძო და მშვენიერი ქართველი ბებო". ის გვერდი მაგიდაზე დავუდე და ვთხოვე, წაიკითხე და ნახე, ამ ქალის ისტორია, იქნებ მისმა ამბავმა მაინც ჩაგაფიქროს-მეთქი.

ნამდვილად არ ველოდი ასეთ შედეგს, თან ასე სწრაფად... ირინამ "სენსაციური" განცხადება გააკეთა ოჯახში: გადავწყვიტე, შოთას გავყვე ცოლად, ბებიებმა როგორ უნდა მაჯობონო... სიხარულით ჭკუაზე არ ვიყავით. გვეგონა, მოგვეყურაო. ირინამ კი: - უკვე მოვილაპარაკეთ და შემდეგ შაბათს ჩემს დასანიშნად მოვლენო.

რაღა ბევრი გავაგრძელო და დიდი მადლობა მინდა გითხრათ, შინაბერობისთვის "განწირულ" ჩემს დას თვალი რომ აუხილეთ და ოჯახის შექმნის სურვილი აღუძარით. ვინ იცის, ირინასნაირად რამდენი დაფიქრდება მარტოობაზე...

დიანა, თბილისი