გულითადი რჩევა "დაწუნებულ" სასიძოს - კვირის პალიტრა

გულითადი რჩევა "დაწუნებულ" სასიძოს

ვატოს კომპიუტერი ბავშვობიდან აინტერესებდა. უნივერსიტეტი დაამთავრა და ისეთი პროგრამისტი გახდა, ქალაქში თუ ვინმეს რამე გაუჭირდებოდა, მაშინვე ვატოს უხმობდნენ.

თავმდაბალი და მორიდებული გარეგნობითაც მშვენიერი ყმაწვილი იყო, თუმცა გოგონებთან ურთიერთობისას ბრინჯივით იბნეოდა...

ვატოს ქუთაისელი მამიდაშვილები, კოტე და ლალი, სულ ცდილობდნენ, "გამოექექათ" ბიძაშვილი - ნამეტანი საწყალია და დაჩაგრავს ვინმე თამამი გოგოო. შარშან, ლალის დაბადების დღეზე ვატომ მისი კურსელი ნატუკა გაიცნო. უცებ იფეთქა სიყვარულმა... მერე, კოტე ხუმრობდა, - ჩემმა "სკოლამ" გასჭრა, თვარა ვატოს ადგილიდან დაძვრა არ იყო იოლი საქმეო.

ნატუკას მამას მკაცრი კაცის სახელი ჰქონდა წყალტუბოში და ქალიშვილის არჩევნით მაინცდამაინც კმაყოფილი არ დარჩენილა - არ უნდოდა თბილისელი სიძე, ერჩივნა, ნატუკა ახლოს გაეთხოვებინა და შვილს ბიჭთან შეხვედრა აუკრძალა. ვატომ იცოდა, რომ ნატოს მამამისი თვალს არ აშორებდა, მაგრამ მაინც მოახერხეს მცირე ხნით შეხვედრა და შეთანხმდნენ, რომ ყველაფერი დროისთვის მიენდოთ, იმედოვნებდნენ, ადრე თუ გვიან, შოთას გული მოულბებოდა... დაღონებულმა ვატომ ჯერ მამიდაშვილებს  გაუარა ქუთაისში, მაგრამ არაფერი უთქვამს, - ამათ რაღას მოვახვიო თავს ჩემი სადარდებელიო.

დაემშვიდობა ახლობლებს და ავტოსადგურამდე ტაქსით გადაწყვიტა მისვლა. დანა პირს არ უხსნიდა. მძღოლი მიხვედრილი კაცი აღმოჩნდა, - გატყობ, უქეიფოდ ხარ, რა მოგივიდაო? - მზრუნველად ჰკითხა მამისტოლა კაცმა. გულდათუთქულმა ვატომაც გუდას პირი მოხსნა და თავისი გასაჭირი უამბო. ეგაა, ნატუკას სახელი და მისამართი არ უხსენებია - არ ჩათვალა საჭიროდ, თორემ ეგ რა დასამალი იყო. კაცი ყურადღებით უსმენდა. მერე კი უთხრა: - რას გეტყვი, შვილო, იცი? თუ ასე გიყვართ ერთმანეთი, მამამისს რას უყურებ, მოჰკიდე ხელი და წაიყვანე. ის კაცი პაწა ხანს კი იბობოქრებს, მარა მერე დაცხრება.

აბა, შვილი ვის დაუკარგავს? სახეზე გაწერია, პატიოსანი ოჯახიშვილი რომ ხარ, გადაგეხვევა, გადაგკოცნის და გაბედნიერებასაც მოგილოცავს, ეგება, მანქანაც ქე გიყიდოსო... ვატომ ნაძალადევად გაუღიმა და გულდამძიმებულმა წაილუღლუღა, - რად მინდა მანქანა, ქალი მომცეს და მეტი არაფერი მინდაო. მძღოლმა კვლავ შეაგულიანა, - რაც გითხარი, ისე გააკეთე ყველაფერი და ნახავ, რაფერ კარგად წავა შენი საქმეო. ვატომ ფულთან ერთად მადლობაც გადაუხადა კეთილისმსურველს და მძიმე ნაბიჯით გაემართა თბილისის მიკროავტობუსისკენ.

სანამ მგზავრებით გაივსებოდა მანქანა, ფიქრით ლამის თავი გაუსკდა: - მართალს მეუბნებოდა ის მძღოლი. რას ვუცადო? დრო ყოველთვის კარგ როლს როდი თამაშობს, ზოგჯერ დამღუპველიცაა... ჰოდა, მეც ავდგები ახლა, მივალ ნატუკასთან, მოვკიდებ ხელს და წამოვიყვანო... ის-ის იყო, ავტობუსი ადგილიდან დაძვრას აპირებდა, რომ ვატომ განწირული ხმით იყვირა, - გააჩერე, ჩავდივარო. დაიჭირა ტაქსი და ისევ წყალტუბოსკენ გაქუსლა. ნატუკამ გადაფითრებული ვატო რომ დაინახა, ბევრი აღარ უფიქრია.

დრო იხელთა, სანამ შინ მხოლოდ ბებია იყო, აიკრა გუდა-ნაბადი და ვატოსთან ერთად დაადგა თბილისის გზას. მეორე დილით ელოდნენ ახალგაზრდები განრისხებული მამის მოვარდნას, მაგრამ გათენებას აღარ დალოდებია  შოთა და შუაღამისას მიადგა სიძეს და ქალიშვილს კარზე. ვატოს მშობლები და მეგობრები ახალი წასულები იყვნენ. ნატუკა სუფრას ალაგებდა, კარზე ზარის ხმა რომ გაისმა. ორივეს ფერი ეცვალა, მაგრამ როდემდე ისხდებოდნენ კარჩაკეტილები?

ნატუკა სავარძელში მოცელილივით ჩაეშვა, ვატო კარის გასაღებად წავიდა. გააღო კიდეც და რას ხედავს? ის მძღოლი არ დგას კარის ზღურბლზე, ალალად რომ ურჩია, - გოგოს მამას რას უყურებთ, ასე თუ გიყვართ ერთმანეთი, მოჰკიდე ხელი და წაიყვანეო. მძღოლის უკან კი ტირილით თვალებდასივებული ნატუკას დედა, დები და ბიძები იდგნენ. შოთა გაოცებული მისჩერებოდა ვატოს. ვერც ვატო იღებდა ხმას. დანარჩენებიც დუმდნენ, ვერ მიმხვდარიყვნენ, რა ხდებოდა. ნატუკას გულმა რეჩხი უყო და ისიც გამოვარდა ოთახიდან.

- მამა, ხომ კარგად ხარ? - ჰკითხა გაშეშებულ კაცს - ყველაფერს ელოდა მამამისგან, სიჩუმის გარდა.

ბოლოს, ისევ მორიდებულმა სიძემ დაარღვია დუმილი და, - ბატონო შოთა, კეთილი იყოს ჩვენს ოჯახში თქვენი ფეხი... ისე, თქვენ რომ არ გერჩიათ, ნამდვილად ვერ გავბედავდი ასე უცებ ამ ნაბიჯის გადადგმას, დიდი მადლობა გამხნევებისა და ასეთი კარგი რჩევისთვისო (ნატუკას არ უთქვამს საქმროსთვის, რომ უსამსახუროდ დარჩენილმა მამამისმა ქუთაისში დაიწყო ტაქსაობა).

ყველას გასაკვირად, შოთას ჯერ გაეღიმა, მერე გაეცინა და ბოლოს ახარხარდა... ყველა გაოცებული მისჩერებოდა, ეგონათ, გაგიჟდაო. ვატოს და შოთას გარდა, ხომ არავინ იცოდა, რა მოხდა იმ დღეს. ბოლოს, როცა ნეფე-პატარძალმა სტუმრები შინ შეიპატიჟეს და სუფრაც განახლდა, დაწვრილებით უამბეს შემთხვევითი შეხვედრის, განდობისა და რჩევა-დარიგების ამბავი.

ლხინმა დილამდე გასტანა...