"3-4 წლით ად­რე შე­უმ­ჩ­ნე­ვია მკერ­დ­ში სი­მაგ­რე, მაგ­რამ არც არა­ვის­თ­ვის გა­უმ­ხე­ლია და არც ექიმ­თან მი­სუ­ლა..." - კვირის პალიტრა

"3-4 წლით ად­რე შე­უმ­ჩ­ნე­ვია მკერ­დ­ში სი­მაგ­რე, მაგ­რამ არც არა­ვის­თ­ვის გა­უმ­ხე­ლია და არც ექიმ­თან მი­სუ­ლა..."

ამ ცოტა ხნის წინ, ახლობელი გარდამეცვალა და მისი "არყოფნა" ორმაგად მტკივნეული გახადა სიკვდილის მიზეზმა...

ლანა ულამაზესი და ყველასგან გამორჩეული გოგო იყო თავის დროზე და ალბათ ამიტომაც, სკოლის დამთავრებაც არ დააცალა მასზე უგონოდ შეყვარებულმა დათამ, მოიტაცა და მართლა დიდ სიყვარულში აცხოვრა, სანამ წუთისოფელმა ისინიც არ გაამწარა და დააბნია თავს მოხვეული პრობლემებით.

ხუთი წლისაც არ ჰყავდათ ერთადერთი ქალიშვილი, ოჯახის უფროსი ქალბატონის მძიმე ავადმყოფობამ ისე გააღარიბა ისედაც მწირი საოჯახო ბიუჯეტი. ლამის პურის ფულიც კი სანატრელი გაუხდათ. დათამ სამსახური დაკარგა და მამის დანატოვარი მანქანა მალევე გადააკეთა ტაქსად, მაგრამ იმ დროში არც კლიენტი იყო ბევრი და მანქანაც წამდაუწუმ მწყობრიდან გამოდიოდა. მისი შესაკეთებელი თანხაც აღარ რჩებოდა ქუჩაში გათენებული ღამეების სანაცვლოდ და საბოლოოდ, როცა ქალბატონი მზია გარდაიცვალა, ქელეხი რომ გაემართათ, სულაც ჯართის ფასად გასაყიდი გაუხდათ ძველი ჯაბახანა...

მარტოდ დარჩენილმა ახალგაზრდებმა სხვა გამოსავალი ვეღარ იპოვეს. ლანა ახლობელს შეეხვეწა და საბერძნეთში წაყვანა სთხოვა. ის ცალკე ამბავია, რა საშინელებაც გადაიტანა ავტობუსის საბარგულში გამოკეტილმა, როცა საზღვარს არალეგალურად კვეთდა. არც ის იყო ნაკლები ტანჯვა, როცა თავიდან ენა არ იცოდა და ამის გამო იძულებული იყო ნებისმიერ სამუშაოს დათანხმებულიყო. ისეთ ოჯახშიც მოუხდა დარჩენა, სადაც ვაშლის ნათალსაც არ აჭმევდნენ და აყრევინებდნენ: ხელფასს გიხდით და იმით იყიდე საჭმელი, ჩვენს საკუთრებას კი ნუ ეხებიო...

არც უმხელდა ქმარს, მშიერი რომ იძინებდა უმეტესწილად, რადგან საქართველოში პროცენტიანი ვალები ელოდებოდა მის ხელფასს. როგორმე იმდენი უნდა მოეხერხებინა, რომ ბანკში გირაოდ ჩადებული სახლი მაინც შეენარჩუნებინა.

ლანამ მხოლოდ 15 წლის შემდეგ მოახერხა დაბრუნება და ესეც იძულებით...

3-4 წლით ადრე შეუმჩნევია მკერდში სიმაგრე, მაგრამ არც არავისთვის გაუმხელია და არც ექიმთან მისულა - მკურნალობა უცხოელისთვის ძალიან ძვირი ჯდება და "სიმწრით ნაშოვნი კაპიკები" საკუთარი თავისთვის ვერ გაიმეტა. გარდა ამისა, რადგან უცხო ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობდა, დაჭერისა და გამოძევებისაც ეშინოდა..

ლანამაც რატომღაც ასე გადაწყვიტა, რომ სანამ შეძლებდა, იმუშავებდა და მკურნალობას მაშინ დაიწყებდა, როცა სამშობლოში დაბრუნდებოდა. ძალიან მალე მიხვდა, რომ მართლა ცუდად იყო და საქართველოში ჩამოსვლა იმიტომაც უნდა ეჩქარა, რომ ცოცხალი ენახა მონატრებულ ქმარ-შვილს...

მოკლედ გეტყვით, რომ გაოგნებულ ექიმებსაც კი წამოსცვივდათ ცრემლები, მისი მდგომარეობის გააზრებისას და დანანებით აღნიშნავდნენ: აღარც კი ვიცით, მერამდენე შემთხვევაა, როცა ასე დაგვიანებით მოგვმართავენ საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ქალბატონებიო. როგორც კი მცირე სიმაგრე იგრძნო მკერდში, მაშინვე რომ დაეწყო მკურნალობა, აუცილებლად განიკურნებოდა და დიდხანსაც იცოცხლებდა. ახლა კი...

ლანას მაინც გაუკეთეს ოპერაცია, მაგრამ ოთხიოდე თვეში დაიღუპა და დააობლა თორმეტი წლის უნახავი შვილი, რომელიც თინეიჯერია და ყველაზე მეტად ახლა სჭირდება დედის გვერდში დგომა. დააქვრივა დღემდე მასზე შეყვარებული ქმარი...

ეს რომ ერთეული შემთხვევა იყოს, ალბათ არც დავწერდი ამის შესახებ, მაგრამ ყოველწლიურად ათობით ქალი ჩამოდის დაავადებული

საზღვარგარეთიდან და იმდენად დაგვიანებით მიმართავს ექიმს, განკურნების აღარავითარი შანსი რომ არ აქვს და სანამ უნდა გაგრძელდეს ასე?!

ქალები მონობაში მყოფებივით მუშაობენ, რომ საქართველოში დარჩენილი ნათესავები არჩინონ - უყიდონ მათ სახლები, მანქანები, დაუფინანსონ განათლება და ვერ იმეტებენ თანხებს საკუთარი ჯანმრთელობისთვის...

მაპატიეთ, მაგრამ ვერაფერ კარგს მსგავს საქციელს ვერ ვუწოდებთ და მიუხედავად თავგანწირვისა, პირველ რიგში ეს უკულტურობა, გაუნათლებლობა და ღალატიც კია თუნდაც იმ ახლობლებისა, რომელთა გამოც თვითმკვლელობაზე მიდიან ქალები...

სწორედაც რომ თვითმკვლელობაა, როცა ამდენს მუშაობ და საკუთარი ჯანმრთელობისთვის გენანება გამომუშავებული თანხის დახარჯვა...

ინგა ჯაყელი ჟურნალი "გზა"