"ვიღაცებმა კარზე დააკაკუნეს,ბევრი ფეხის ხმა ისმოდა, გავაღე კარი და ხელი მტაცეს..." - კვირის პალიტრა

"ვიღაცებმა კარზე დააკაკუნეს,ბევრი ფეხის ხმა ისმოდა, გავაღე კარი და ხელი მტაცეს..."

"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 62  წლის ფოთოლა ლაგვილავას ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ფოთოლა ლაგვილავა, 62 წლის, ქუთაისი

"20 წლის წინ, არსებობდა ასეთი შპს - "ოქროს საწმისი." მთელი საქართველოს მასშტაბით, თუ ვინმეს რამე ჰქონდა იმ დროს, ყველამ აქ ჩადო ფული, ზოგმა ბინაც გაყიდა, თანხის 10%-ს აძლევდნენ ყოველი თვის ბოლოს. 90-იანები იყო, ხალხს შაქარს აძლევდნენ, მაკარონს, პროდუქტებს… ეს იყო მაგარი "აფიორა," რომელიც თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული. ქურდები იყვნენ მაშინ და ისინიც "აწერდნენ" ფულს, მთავრობაც, პროკურატურაც და გაკოტრდა. ვინც კი სათავეში ჩაუდგა ამ ამბავს ხალხის დასახმარებლად, ზოგი დაიჭირეს, ზოგი მოკლეს და მოადგნენ ჩემს ქმარს, სახლში აკითხავდა ხალხი - არაფრის გეშინია, შენ მოიგებ ამ საქმეს და ჩვენ გვერდში დაგიდგებითო. ასე აირჩიეს 2010 წელს, გაკოტრებული "ოქროს საწმისის" თავმჯდომარედ.

ჩემმა ქმარმა შეისწავლა ეს საქმე, 20 მილიონი დოლარი იყო დასაბრუნებელი. 5000-მა ადამიანმა მისცა მას ნოტარიულად დამოწმებული რწმუნება, რომ თუ ამ საქმეს მოიგებდა, 20 მილიონის 10%, როგორც ადვოკატს, მას ეკუთვნოდა. 2 მილიონი არ იყო ცოტა, მეც დავუდექი გვერდში და შევუდექით საქმეს. სასამართლოები მიმდინარეობდა და ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებოდა. ჩემს მეუღლეს შეხვდნენ "ოქროს საწმისიდან" ვიღაც მაფიოზები და უთხრეს, დაანებე ამ საქმეს თავი, 10000 დოლარს მოგცემთ და მერეც წილში გვეყოლებიო. ჩემმა მეუღლემ, მე ხალხს პირობა მივეცი, ისე მიცნობენ, როგორც წესიერსა და პატიოსან ადამიანს და იმიტომ მენდნენო. ფული კი გვჭირდებოდა, მაგრამ სინდისი და ნამუსი გვქონდა…

2010 წლის 16 ივნისს, საღამო ხანს ვიღაცებმა კარზე დააკაკუნეს, ის სახლი ნაქირავები გვქონდა და ახალგადასული ვიყავით. ვალაგებდი, ვიფიქრე, ახალგადმოსული ვარ აქ, რა უნდა იყოს, ალბათ ვიღაცას რამე აინტერესებს მეთქი. ბევრი ფეხის ხმა ისმოდა, გავაღე კარი. გავაღე კარი და ხელი მტაცეს, "ზალისკენ" წამოდიო, ფორმიანები იყვნენ, ზოგი ლოჯისკენ გარბოდა, ზოგი - საძინებელში. რა ხდება მეთქი, ვიკითხე, ხმაც არ ამომაღებინეს, დამსვეს და რა, არ იცი, თურქეთში რომ იყავი, წამალი გადმოიტანე იქიდან და რომ გაყიდეო?! პირი გამიშრა, თვალები გამიფართოვდა, ჰაერის უკმარისობა დამეწყო... შემოსასვლელში ჩანთა მქონდა დაკიდებული, ჩემი თვალით დავინახე იქ რომ რაღაც ჩააგდეს. აქეთ წამოდი და ნახეო, გადმოაპირქვავეს ჩემი ჩანთა და რაღაც პატარა პარკები გადმოცვივდა. ეს რა არის მეთქი, ხელის მოკიდება მინდოდა, მარა არ მოკიდოო, აქ ხელი მოაწერე, რომ წამალი გქონდაო. არ ვიცი, რა დამემართა, მიშველეთ მეთქი, მარა ჩემს ქმარ-შვილსაც არ გაანძრევინეს ხელი, ყველგან იარაღიანები ისხდნენ. შევიდნენ საძინებელში, პერანგს რომ გავიხდი, ბალიშის ქვეშ ვდებ ხოლმე, იმ პერანგშიც წამალი ჩამიდეს. უკვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე, მაგრამ ვიფიქრე, ქმარი ისეთი მყავს, სხვას ეხმარება, რაცაა ისაა მეთქი და წავყევი, რა უნდა მექნა?! თბილისში ჩამომიყვანეს, ამიყვანეს სადღაც მე-9 სართულზე, გამწარებული და გაუბედურებული ვიყავი. იმან უყვირა, ამის ქმარი რატო არ ჩამოათრიეთო?! უიმე დედა, ახლა ჩემი ქმარ-შვილიც არ დაიჭირონ მეთქი, ვიფიქრე. ჩემი შვილი მაშინ სტუდენტი იყო.

მეორე დღეს სასამართლო იყო, წინასწარს რომ აძლევენ. ჩემი ქმარ-შვილი იქ როგორ გაჩნდა, არ ვიცი. სახლში 20 ლარი მქონდა და ის 20 ლარი როგორ ეყოთ თბილისში ჩამოსასვლელად… 4 თვე ვიყავი წინასწარ პატიმრობაში. მაშინ ძველი ხელისუფლება იყო, ვერაფერს იკითხავდი, მიზეზს ეძებდნენ, რამე მეთქვა ან ისე მოვქცეულიყავი, რომ რაღაც სადამსჯელო ადგილი იყო, იქ მოვხვედრილიყავი, ქალები მიჰყავდათ და სცემდნენ. პროვოკატორებიც იყვნენ, ყველა საკანში იჯდა თითო ქურდი ქალი, მატროსოვზე იყო მაშინ ქალების ციხე. ვინმეს "დაჩკას" რომ მოუტანდნენ, იმისთვის უნდა მიგეცა, ასე ავსებდნენ ჩანთებს, სახლებში აგზავნიდნენ და ოჯახებს არჩენდნენ. უფროსობასთან შეთანხმებული იყვნენ. ამას ვუყურებდი, მაგრამ როგორ ამოვიღებდი ხმას?! ოჯახის ქალებიც ვნახე იქ, ძალიან კარგი ქალები.

თავიდან, ის ოთხი თვე არ მეძინა, წამალს რომ მაძლევდნენ, ვინახავდი და ვფიქრობდი, ერთად დავლევ ამ წამლებს, შპრიცს გავიყრი და თავს მოვიკლავ მეთქი, იმ დონემდე მივედი. მე ციხეში რა მინდოდა?! რისთვის დამიჭირეს?! დარეკვის უფლება რომ მომცეს და ჩემს ქმარს პირველად დავურეკე, ვერაფერი ვუთხარი, მე აქედან ვტიროდი და ის - იქიდან.

17 წელი მომისაჯეს, ვიღაცებს ნარკოტიკი ჩამოართვეს და ისიც მე ჩამითვალეს, შენი იყო, შენ მიჰყიდეო. თვითონაც ხომ იცოდნენ, რა გამიკეთეს… მოსამართლეს გამზადებული განაჩენი ჰქონდა, წაიკითხა და წავიდა. რომ წაიკითხა, ასე მეგონა, სხვა ფოთოლა ლაგვილავას ეხებოდა, რეაქცია არ მქონდა, არაფერს ჰქონდა აზრი, იმდენად გავითავისე ყველაფერი. რა დრო იყო და რა ხდებოდა იქ, ხომ ვუყურებდი?! მაგრამ იმედი მქონდა, რომ ჩემი მეუღლე გაარკვევდა ყველაფერს, მანამდე ვფიქრობდი, გამიშვებენ ან შეიძლება დამაჯარიმონ და მერე გამიშვან მეთქი. მერე ჩემი მეუღლე მამშვიდებდა, სააპელაციოში გავასაჩივრებ, სტრასბურგშიცო, ამის იმედი მქონდა, იმედით ვიყავი.

რუსთავში, ახალ ციხეზე რომ გადაგვიყვანეს ქალები, ნიღბიანები დაგვახვედრეს ყოველ ორ მეტრში, რომ მივდიოდით, გვერდზე გახედვის უფლება არ გვქონდა, დაშინებული ვიყავით. გადაჭედილი იყო ციხე, ექვსი კაცის ადგილას რვა ვიყავით, პირობებს არა უშავდა, გარემონტებული იყო, სისუფთავეც.

იყო ასეთი შემთხვევებიც - გოგოები გავიცანი იქ. ერთმა, საოპერაციოდ მივდივარო, რომ დაბრუნდა ეს გოგო, გვითხრა, ჯანმრთელი საკვერცხე ამომიღეს და ავადმყოფი დაუტოვებიათო. მე მყავს მეგობარი, ციხეშია ახლაც, საშვილოსნოზე საოპერაციოდ წაიყვანეს და ჯანმრთელი საკვერცხეებიც ამოუცლიათ - შვილები და შვილიშვილები გყავს და აწი რად გინდაო. ასეთი რაღაცები ხდებოდა, მარა ვის შეედავებოდი, ვინ გაბედავდა რამეს?! ვითმენდი და გააზრებული მქონდა, რომ არაფერი უნდა გამკვირვებოდა, იქით თუ რამე ხდებოდა, იმისთვის არ უნდა შემეხედა. ისეთი ქალებიც იყვნენ, რომლებიც მათ ემსახურებოდნენ და "შპიონებს" ეძახდნენ. მკვლელებისთვის ცალკე კორპუსი იყო, იქ ერთმანეთს ურტყამდნენ, ერთი ქალი ვერ იგუეს, არსად ჰქონდა წასასვლელი და მოიყვანეს ჩემს კამერაში. დამაწვინეს თავზე, მე ქვედა "კოიკაზე" ვიყავი და ის თავზე მეწვა. რომ გამოვიტანდი ჩემი კარადიდან ჩაის და ვსვამდი, ეს თმას ივარცხნიდა და მიყრიდა შიგნით, ვერც ვეუბნებოდი, მეშინოდა. რომ ავხედავდი, რას მიყურებ, იქეთ გაიხედეო, მეუბნებოდა. მერე მივედი უფროსთან და ვუთხარი, რაღა მე დამაწვინეთ თავზე, ხომ მიცნობთ მეთქი. დაიბარეს და გააფრთხილეს, შემოვიდა მერე და მითხრა, მოდი, "დავარტყათ" იმათო. რაის დამრტყმელი ვიყავი და რაის ძველი ბიჭი?!

მერე მე უკვე ნევროზიც მქონდა, უძილობა და ა.შ. სასადილოში მაგიდები იყო დაწყობილი, გოგოები ისხდნენ იქ და მძივებზე მუშაობდნენ. ვთხოვე რამდენიმეს, მასწავლეთ მეთქი და დავიწყე ბისერებით ჯვრების, ყელსაბამების კეთება. ბისერების ყიდვის საშუალება რომ არ მქონდა, ერთმა ქალმა ნისიად მიყიდა ხუთი ლარის და როცა გექნება, მერე გადამიხადეო. კოვზებით იყიდებოდა, თვითონ პატიმრები ყიდდნენ. ოთხ პატარა ჩაის კოვზ მძივს თუ იყიდდი, ერთი კოლოფი სიგარეტი უნდა მიგეცა. ამითი დავიწყე. მერე ამ ნამუშევრებს ვყიდდი და სანაცვლოდ ვიღებდი შაქარს, ყავას, კანფეტს… 2012 წელს ახალი დირექტორი დაინიშნა ციხეში. მერე შემოვიდნენ მასწავლებლები, რომლებიც ხელსაქმეს ასწავლიდნენ: ქარგვას, ლენტებით მუშაობას, ხის ჭრას, ჩუქურთმებს, ხატვას, ხატწერას, მინანქარიც კი ვისწავლე. 22 სერტიფიკატი მაქვს, ყველაფერი მაინტერესებდა და თან იქეთ-აქეთ რომ დავდიოდი, ამითი გამყავდა დრო, ამით გადავიტანე მე ის წლები და გამიიოლდა იქ ყოფნა.

მერე სტუმრები მოდიოდნენ, გამოფენები ტარდებოდა, ნამუშევრებს ვჩუქნიდი დირექტორს, სტუმრებს. რუსთაველის თეატრში სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა, მთავარ როლში ვიყავი, რეჟისორი გვყავდა და სპექტაკლი დავდგით. შვიდი ქალი ვმონაწილეობდით, სამი თვის მომზადების მერე, კარგი სპექტაკლი გამოგვივიდა და ხელფასებიც მოგვცეს, 930 ლარი. 400 ლარი გამოვუგზავნე ჩემს შვილებს, დანარჩენით - ნაჭრები და მასალები ვიყიდე, დავჯექი და ვმუშაობდი. დირექტორს ვთხოვე, არ შემომიყვანო ვინმე მეთქი, ნერვები აღარ მქონდა, 2012 წელს ხომ გაუშვეს ხალხი და იყო ამისი საშუალება, დაიცალა ციხე. ყველანაირად ხელი შემიწყო, ტელევიზორიც მქონდა, ტოსტერიც და ხაჭაპურებს ვაცხელებდი იმაში, "ჩაინიკში" ვაკეთებდი ღომს, მჭადებს ვაცხობდი, მერე ამას ვყიდდი იქ და მქონდა საშუალება, რომ მჭადის ფქვილი, ყველი მეყიდა, ხან სახლიდანაც მიგზავნიდნენ. ამ მუშაობითა და ღამეების თენებით გავაკეთე ყველაფერი, მაინტერესებდა, თუ გამომივიდოდა და აღმოვაჩინე, რომ თურმე რა ნიჭიერი ვყოფილვარ! ლექსებსაც ვკითხულობდით მხატვრულად, ჩვენზე ძალიან დადებითად მოქმედებდა ასეთი რაღაცები, წახალისებები, მადლობები, საღამოები ტარდებოდა, საჩუქრები არ გვაკლდა. იქაც დრო არ მქონდა, ტყუილად არ ვიყავი.

უფროსობის დამოკიდებულებაც შეიცვალა, მე ახლაც, როცა სადღესასწაულო დღეებია, ციხის დირექტორს ვურეკავ და ვულოცავ, როგორც დირექტორს, ისე კი არა, როგორც ჩემი ოჯახის წევრსა და მეგობარს. იქ ყველას ეტყობა, ვინ ვინაა. ერთხელ, ღამის 12 საათზე დამიძახა, რა გინდათ, რატო მაწუხებთ მეთქი ვიკითხე და ფოთოლაო, შეგატყვე, რომ ცუდად იყავი, დადიხარ თავჩაღუნული, შემეცოდე და დაგიძახეო. მთელი ღამე გაატარა ჩემთან ლაპარაკში, მამშვიდებდა. ღამე გაათენა ჩემ გამო და კი არ გაგრძნობინებდა, რომ ახლა მე დავიღალე და მეძინება... ასე ვინ დაგიჯდება შენ?! იქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დირექტორის დამოკიდებულებას პატიმრის მიმართ. მას აწუხებდა და ვიდეოთვალით უყურებდა, ვინმე მოწყენილი ხომ არ დადიოდა. რას დაეძებს ზოგიერთი, ვიღაც პატიმარი იქ მოწყენილი დადის, ტირის თუ რამე სტკივა, ზოგ ციხეში თავსაც კი იკლავენ. ადრე წამალი რომ მოვითხოვე, ექიმმა მითხრა, არ გვაქვსო. ძალიან მტკივა და მიშოვე მეთქი ვთხოვე და რა ვქნა ახლა, მე მოგიყვანე აქ და ჩემი ბრალიაო?! ასეთებიც იყო, მაგრამ მერე ამ სიყვარულმა გადამატანინა ყველაფერი, იმან, რომ იქ კარგი ადამიანებიც იყვნენ, რომლებსაც მართლა რაღაც შეემთხვათ. ზოგი შვილის დანაშაულის გამო იყო, 17 წლის ბავშვმა ტელეფონი მოიპარა და დედამ დაიბრალა. ახალგაზრდა ქალი იჯდა, სამი შვილის დედა, ქათამი მოვიპარე მეზობლისგან, რომ მოშივდა ბავშვებსო. ისეთი რამეებისთვის იჯდა ხალხი… მე რომ "ბარიგა" ვყოფილიყავი, "ბარიგები" იქაც ყველაზე კარგად ცხოვრობდნენ, კარგს ჭამდნენ, კარგს სვამდნენ და მერე სულ სიცილ-სიცილით გადიოდნენ. მე შვიდი წელი ტირილში გავატარე.

7 წელი და სამი თვე ვიჯექი. 2012 წელს ამნისტია რომ იყო, მეც შემეხო, 5 წელი მომაკლდა. 2016 წელს განცხადება დავწერე შეწყალებაზე. წელიწადი და 10 თვე გამიკეთეს შეწყალება. მერე მომიწია უდო, ვადაზე ადრე პირობით გამათავისუფლეს, დახასიათება კარგი მქონდა.

2017 წლის 10 ოქტომბერს გამომიშვეს. გათავისუფლებიდან თვენახევარში გარდაიცვალა ჩემი ქმარი. იმდენი სიმწარე ვნახე, გამოვედი და რომ მინდოდა, ცხოვრება ბავშვებთან, ჩემს მონაგართან… მაშინაც ძალიან დიდი სტრესი მივიღე. ჩემი მეუღლე რომ არ გარდაცვლილიყო, გამამართლებელზე ჰქონდა შეტანილი საბუთები, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას ვითხოვდით, ყველაფერი გამზადებული იყო, პასუხები უნდა მიგვეღო და ჩემი მეუღლე აპირებდა მეორე დღეს თბილისში წასვლას ამ საქმეზე. მერე მე თავზე დამემხო ყველაფერი და არც მიკითხავს ამბავი, შევეგუე ყველაფერს. მე თბილისში სირბილის აღარც თავი მაქვს და არც საშუალება, ჯანმრთელობა შერყეული მაქვს. იმდენი უბედურება გადავიტანე, ყველაფრით დავიღალე. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ქალი ვარ, უკვე ყველანაირი გასაჭირი გავლილი მაქვს. ციხეში ყოფნის დროს დედაც გარდამეცვალა, ძმისშვილი, ახალგაზრდა ბიჭი... კი მითხრა დირექტორმა, თუ გინდა, გაგიშვებ დედის გასვენებაზეო, მაგრამ იქ დედის გასვენება კი არა, ჩემი ნახვა იქნებოდა. არ მინდა მეთქი, ვუთხარი და იქ გავუკეთე გასვენება, პანაშვიდი, ორმოციც და ყველაფერი. რამდენჯერაც დავურეკავდი, სულ ტიროდა საწყალი, ჩემზეც ძალიან ბევრი იჯავრა, ასე უთქვამს, ჩამსვით მანქანაში, წამიყვანეთ და მე ვიტყვი იქ, რომ ასეთი შვილი არ გამიზრდიაო.

2020 წლის 20 იანვარს მიმთავრდება პირობითი. მზარეულის კურსებმა დამაინტერესა, ერთ ადგილას ვერ ვჩერდები და დავდივარ კვირაში ორჯერ. იქნება, რაღაცაში გამომადგეს. ახლა რაც მაბედნიერებს, ჩემი შვილიშვილებია. ესენი რომ არ იყვნენ, ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა".

°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან