"ჩემმა რძალმა ისეთი ამბები დაატრიალა, ქმრის სიკვდილიც კი დამავიწყდა" - კვირის პალიტრა

"ჩემმა რძალმა ისეთი ამბები დაატრიალა, ქმრის სიკვდილიც კი დამავიწყდა"

არც კი ვიცი, მერამდენე ისტორიას ვისმენ დედამთილისა და რძლის ურთიერთობაზე და ყოველ ჯერზე ვრწმუნდები რომ ე.წ. "რძალ-დედამთილიანი" მარადიული თემაა.

ქალბატონი ლეილა (სახელი შეცვლილია) დედამთილი გახლავთ. მის მოთხრობილში ეჭვი ვერ შევიტანე, მან გულწრფელად მიამბო მისი ოჯახის ამბავი. ბედმა ის რამდენიმე წლით იტალიაში "გაამწესა". ადრე ნებიერა ქალს საკმაოდ რთული პერიოდი დაუდგა და ფიზიკურად არასოდეს რომ არ უშროომია, ჩავარდნილი მოხუცების მოვლა უწევდა, უჭირდა, მაგრამ მაინც გაართვა თავი, რადგან იცოდა, მის გარდა ვერავინ უშველიდა შვილსა და შვილიშვილებს.

ლეილას ოჯახური პრობლემები კი, წლების წინ, მას შემდეგ დაიწყო, როცა მისმა 19 წლის ვაჟიშვილმა ორი წლით უმცროსი გოგონა მოიტაცა... ატყდა ერთი ამბავი, გოგოს მშობლებმა თბილისის მთელი პოლიცია ფეხზე დააყენეს, მაგრამ სვანეთს შეფარებული წყვილი ვერ იპოვეს მანამ, ვიდრე თავად ახალგაზრდებმა არ მოისურვეს ოჯახში დაბრუნება. ლეილას მეუღლე ერთ-ერთი ქარხნის დირექტორი გახლდათ, არც მატერიალურად უჭირდათ, არც ნაცნობ-მეგობრობის სიმცირეს უჩიოდნენ. რაღა ბევრი გავაგრძელო და, ეკას მშობლებს ყველამ უთხრა, - ქერის ორმოში ჩაგივარდათ შვილი და ჩივილი არც გაბედოთ, ხელისგულზე დაისვამენ რძალს და სიკვდილამდე არაფერს მოაკლებენო... მალე 300-კაციანი ქორწილი გადაიხადეს და საქორწინო მოგზაურობაში ბულგარეთში გაისტუმრეს.

ერთი წლის მერე ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა წყვილს. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ბედნიერი ოჯახი ერქვათ, მშობლები ეხმარებოდნენ.

მერე რაღაც უსიამოვნებაში გაეხვია ოჯახის უფროსი. სასწრაფოდ გაყიდეს ორსართულიანი კერძო სახლი ვაკეში, იყიდეს 4 -ოთახიანი ბინა და იმისთვის, რომ ეს ბინა მაინც ხელშეუხებელი ყოფილიყო, მამამთილმა რძლის სახელზე გადააფორმა.

ლეილა: - უკვალოდ არ ჩაიარა ნერვიულობამ. იმ პირველი კომისიის შემდეგ ორჯერ მოუვიდა ინფარქტი ჩემს ქმარს. ალბათ, ვერავინ დაიჯერებს, რომ ქარხნის დირექტორი უცოდველი იყო, მაგრამ ჩემი მეუღლე ყველას უყვარდა, ყველას დამხმარე იყო... მას 15 წელი ეკავა ის თანამდებობა, რომელიც ბევრს შურდა. როცა ხელისუფლება შეიცვალა და სხვები მოვიდნენ, ლევანის ადგილს თვალი დაადგეს. იმ პირველი შემოწმების მერე სახლი გავყიდეთ, ფული მოგვრჩა კიდეც და გადავწყვიტეთ, ცოტა ხანს შეგვენახა, რომ მერე ცალკე გვეყიდა ჩვენთვის. ნათქვამია: კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. ლევანი იმ ადგილზე აღარ გააჩერეს, მეტიც, ცოტა ხანში ბრალი დასდეს ფულის გამოძალვასა და მექრთამეობაში და 12 წელი მიუსაჯეს. ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ სასჯელი გამენახევრებინა. ის გადანახული ფული სულ წავიდა მის გათავისუფლებაში. 12-ის ნაცვლად, 7 წელი მოიხადა, მაგრამ იქიდან ჯანმრთელობაშერყეული დაგვიბრუნდა. მხოლოდ 2 წელი იცოცხლა, მისმა გულმა ვერ გაუძლო იმ დამცირებას და სირთულეს, რაც პატიმრობისას გადაიტანა.

დავქრივდი. მისი სიკვდილი სამყაროს დასასრული მეგონა, ერთადერთი სხივი ჩემი შვილიშვილების დანახვა და მათთან სიახლოვე იყო. სამყაროს დასასრულს რაც შეეხება, აწი, მელოდა თურმე... ისეთი საქმეები დაატრიალა ჩემმა რძალმა, სიზმრად ნანახიც რომ კოშმარად მომეჩვენებოდა... აზარტული მოთამაშე აღმოჩნდა ორი შვილის დედა.

გიგამ რამდენჯერმე შეიყვანა ცოლი ეშმაკის სახლში. გიგას თამაშის და ფულის მოგების ისეთი ჟინი არ ჰქონდა, როგორც მის ცოლს. ეკა რამდენიმე სტუმრობის მერე ნამდვილ ლუდომანად იქცა. მან ქმრის ჩუმად დაიწყო კაზინოში სიარული და ერთხელაც უზარმაზარი თანხა წააგო. ამ თანხის "ჩასაბარებლად" კი მამამთილის სამი მეგობრისგან ფული ისესხა. იმათაც უპრობლემოდ მისცეს, რას იფიქრებდნენ, რომ ჩვენი რძალი თაღლითი იქნებოდა… ეკა ფულის უკან დაბრუნებას არ აპირებდა. ბინა ხომ მასზე იყო გაფორმებული... ნასესხები არ ეყო და ჩუმად ჩადო ბინა კერძო ბანკში, აიღო 70.000 დოლარი და ერთ მშვენიერ დღესაც გაქრა.

კინაღამ გავგიჟდით. როგორია, ორი შვილის დედა სახლიდან წავიდა და ვერ ვპოულობდით. ჩემი შვილი ნერვიულობისგან ლოგინად ჩავარდა. აღარ ვიცოდი რომელი მედარდა: შვილი, უდედოდ დარჩენილი შვილიშვილები (იმ პერიოდში ისინი 9 წლისანი იყვნენ), გამქრალი თაღლითი რძალი თუ შერცხვენილი სახელი და ჩემი ოჯახი? ეკას მშობლები თავიდან თუ განიცდიდნენ, მერე აგრესიაზე გადმოვიდნენ და ჩვენ გვადანაშაულებდნენ, - ალბათ ცუდად გრძნობდა თავს თქვენთან და იმიტომ გადადგა ეს ნაბიჯიო... მისგან ერთი ხმამაღალი სიტყვა არ გვახსოვს და რაღა თქვენთან გაგიჟდაო? უმიზეზოდ არაფერი არ ხდებაო... არადა, გეფიცებით, მართლა ხელის გულზე ვატარებდით, არაფერს ვაკლებდით... წელიწად-ნახევრის მერე გავიგეთ, რომ ესპანეთში წასულა, სადაც კარგა ხანია ცხოვრობდა მისი ერთი მეგობარი, მერე ორივე ერთად გამგზავრებულა ამერიკაში. ვალი ვალად დაგვრჩა, რა უნდა გვექნა? ბევრი ტკივილი, დარდი, შეურაცხყოფა გადავიტანეთ, მაგრამ ყველაზე რთული მისი ტყუილები და უსამართლო ბრალდებები აღმოჩნდა. ხმა გაავრცელა სანაცნობოში, თითქოს ჩვენ ვატერორებდით, არსად არ ვუშვებდით, ბევრ რამეს ვუკრძალავდით. ჩემზე უთქვამს, დედამთილი ბავშვებსაც არ მაკარებდაო... არადა, ხან რომელ ქვეყანაში მოგზაურობდნენ ჩემი შვილი და რძალი, ხან რომელში, ბავშვებს მე ვიტოვებდი, რაღა თქმა უნდა... უსირცხვილოდ როგორ დაგვადანაშაულა, ან როგორ თქვა ისეთი რამ, რაც სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამებოდა.

- ბინა დაკარგეთ? - არა, ამას ვეღარ გადავიტანდი, რომ ღია ცის ქვეშ დამეტოვებინა შვილიშვილები. ვისესხე ბინის გამოსასყიდი თანხა (კიდევ კარგი, ჩემს ქმარს და შვილს ერთგული მეგობრები კიდევ ჰყავდათ შემორჩენილი ), ბინა დავიბრუნეთ, მაგრამ ვალს ხომ დაბრუნება უნდოდა?! ამიტომაც გადავწყვიტე იტალიაში წასვლა... 9 წლის მანძილზე ბევრი ვიშრომე, რომ თანხის დიდი ნაწილი გამესტუმრებინა, მერე ჩემი შვილიც ნელ-ნელა გამოვიდა დეპრესიიდან, ჩაება საქმეში და ისიც ამომიდგა მხარში.

- თქვენი რძალი არ ეხმიანება შვილებს?

- თავს დიდად არ იწუხებდა, თუმცა ამ ორი წლის წინ შეეხმიანა, თავისთან იხმობდა, ჩემმა შვილიშვილებმა კი სასტიკი უარი უთხრეს. წარმოიდგინეთ, როგორ არიან დედაზე ნაწყენი, რომ ყველასთავის საოცნებო ქვეყანაში ჩასვლაზეც კი უარს აცხადებენ. ახლა ამაზე ააგორა ახალი ჭორი: ვითომ მე ისეთი მკაცრი და დესპოტი ბებია ვიყავი, რომ დღე და ღამე აუგს ჩავჩიჩინებდი რძალზე და ბავშვებს საკუთარი დედა შევაძულე. არადა, გეფიცებით, სანამ აქ ვიყავი, ერთი სიტყვაც არ წამომცდენია ცუდი, ბავშვების ფსიქიკას ვუფრთხილდებოდი. მერე წავედი და იქიდან ვუგზავნიდი ფულს შვილს და შვილიშვილებს... როდის უნდა მელაპარაკა რძალზე?

- ბავშვები ახლა დიდები არიან, ალბათ? - დიახ,  როცა ჩემმა რძალმა ეს ამბები დაატრიალა, ისინი 9 წლისანი იყვნენ, კარგად ახსოვთ, რაც დაგვმართა ეკამ, ყოველი დღე ჩემთის ცრემლით იწყებოდა და მთავრდებოდა... ქმრის სიკვდილიც კი დამავიწყა რძალმა, ისეთი ამბები დაატრიალა, ახლა სურს, რომ ბავშვებიც წაიყვანოს, მაგრამ ისინი უკვე იმ ასაკში არიან, როცა კარგად აფასებენ ადმიანურ ღირსებებს. ვიღაც იტყვის, რძალდედამთილიანობა გაცვეთილი თემააო... მე მსგავსი ამბავი სხვისგან რომ მომესმინა, ალბათ, დაჯერება გამიჭირდებოდა, მაგრამ თურმე ამ ცოდვილ ქვეყანაში ყველაფერი ხდება.

- არასოდეს აპატიებთ რძალს?

- მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ... ვიცი, რომ პატიება ღვთიური ნიჭი და დიდი მადლია, მაგრამ როცა მახსენდება ჩემი შვილის სასოწარკვეთილი სახე, ჩემი შვილიშვილების გაოცებული და ცრემლით სავსე თვალები, ვრწმუნდები, რომ ვერ შევძლებ პატიებას. ის ქალი, რომელიც თაღლითური გზით ოჯახს უმწეო მდგომარეობაში ჩააგდებს, საკუთარ შვილებს მიატოვებს, დედამთილ-მამამთილის პატივისცემას არ დააფასებს, ამაგს წყალში ჩაუყრის და ათას სიბინძურეს გაავრცელებს, რათა თავი გაიმართლოს, არაა პატიების ღირსი.

მარინა ბაბუნაშვილი

(სპეციალურად საიტისათვის)