ეს ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს!
07-10-2019
ეს ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს!
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის ნაწილის შემადგენლობაში სიცოცხლისთვის სახიფათო ნივთიერებები - პარაბენები და ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა. არის თუ არა საგანგაშო ვითარება, რამდენია ამ ნივთიერებების დაშვებული ნორმა და რა დაავადებებს იწვევს, ამ საკითხებზე სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორ ვახტანგ კობალაძესა და კოსმეტოლოგ ია ლაზიშვილს ვესაუბრეთ.

- ბატონო ვახტანგ, რომელ ლაბორატორიაში ჩაატარეთ კვლევები?

- ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა ტიპის პროდუქციის კვლევებს. არასასურსათო ნაწარმიდან კვლევა ჩავატარეთ ტანსაცმელსა­ და პარფიუმერიულ ნაწარმზე. თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 40 დასახელების
კოსმეტიკური საშუალების ნიმუშები და გავგზავნეთ საფრანგეთის ლაბორატორია "ევროფინსში", რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი და ავტორიტეტული ქსელია. გვინდოდა გამოგვეკვლია პარაბენების, სხვა კონსერვანტებისა და ბარიუმის შემცველობა ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად. რამდენიმეში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენება აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში.

- ერთსა და იმავე პროდუქციაში აღმოჩნდა ეს ნივთიერებები?
- დიახ, ფორმალდეჰიდი ორმოცივე პროდუქტში აღმოჩნდა, ხოლო პარაბენები­ - ხუთში.

- რომელ ხუთ პროდუქტში?
- ეს არის ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი "გარნიე", ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი Amalfy, თმის საღებავი CLAIROL, თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline­ და ფრჩხილის ლაქი O"ლივია".

- საქართველოში არის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ამისთვის პასუხს მოითხოვს?
- არ არსებობს და შემოსული პროდუქცია არ მოწმდება. ჩვენ ამ პრობლემაზე წლებია ვლაპარაკობთ, მაგრამ კვლევების ჩატარების­ შესაძ­ლ­ებლობა არ გვქონდა.­ მხოლოდ მსოფ­ლ­იო­ პრაქტიკასა და ევ­როკავშირის ქვეყნ­ე­ბის­ კვლევებს ვეყრ­დნობოდით. სისტემატურად ვაქვეყნებდით­ ინფორმაციას, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. საჭიროა საზოგადოების ზეწოლა, რომ ეს საკითხი პრიორიტეტული გახდეს. პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური - 2000-იანი­ წლების შუახანებში გაუქმდა. არც სა­ქართველოში­ მო­ქ­­მედ ლაბორატორიებს აქვთ აკრედიტაცია ასეთი ნაწარმის შესამოწმებლად.

- როგორც ვიცი, ფორმალდეჰიდს ბევრი კოსმეტიკური საშუალება შეიცავს, თუმცა, აქამდე განგაში არავის აუტეხია...
- საქმე ის არის, რომ დღეს ევროკავშირში ფორმალდეჰიდი აკრძალული­ ნივთიერებების სიაშია შეტანილი და საერთოდ არ უნდა იყოს პროდუქციაში, საქარ­თველოში კი პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხ­ოვნები 2001 წლის ნორმატიული­ აქტით არის დამტკიცებული. ამ აქტის მიხედვით, პროდუქტებში ფორმალდეჰიდის კონცენტრაცია არ უნდა აჭარბებდეს 0,2%-ს, პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებებში­ - 0,1%-ს, აეროზოლებში ფორმალდეჰიდის შემცველობა აკრძალულია. ჩვენთან მიღებული ნორმა 2001 წლის შემდეგ არ შეცვლილა და არ ითვალისწინ­ებს ბოლო 18 წლის განმავლობაში გამოვლენილ საფრთხეებს. ფაქტობრივად, მკვდარი ნორმაა.

ევროკავშირის ნორმებით, ფორმალდეჰიდის შემცველობა პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში იზღუდება და თუკი მაინც არის პროდუქციაში, 0,05%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, აუცილებ­ე­ლია მითითებული იყოს გაფრთხილება, რათა მომხმარებელმა თვითონ გადაწყვიტოს, სურს თუ არა ასეთი პროდუქტის შეძენა.­ 0,05% დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია, ეს კი ქვეყანაში მოქმედმა მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს. გამონაკლის შემთხვევაში, თუ მეწარმე დაამტკიცებს, რომ ეს შეიძლება და ამას სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოც დაადასტურებს, მცირე ოდენობით დაიშვება... მართალია, საქართველოში შემოტანილ პროდუქციაში 0,05%-ზე მაღალი შემცველობის ფორმალდეჰიდი არ აღმოჩენილა, მაგრამ, როგორც გითხარით, მცირედი შემადგენლობითაც კი საფრთხის შემცველია.

- თქვენ შეამოწმეთ იაფი პროდუქცია, რომელსაც უამრავი მოქალაქე მოიხმარს, მაგრამ ხომ არსებობს ძვირად ღირებული პროდუქტებიც? მათი მოხმარების შემთხვევაში თუ ვართ დაზღვეული?
- არა ვართ დაზღვეული. როცა ჩვენს ქვეყანაში კონტროლის მექანიზმი არ მოქმედებს, რა გარანტიაა, რომ რომელიმე პროდუქტი ევროპაში სხვა ხარისხის არ იქნება და ჩვენთან კი სხვა ხარისხის.

- აღნიშნული პროდუქცია აღარ იყიდება?
- ზოგიერთი მაღაზიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ამოიღეს მოხმარებიდან, მაგრამ სად წაიღებდნენ? ალბათ, სხვა მაღაზიებში ან ბაზრობებზე. ახლა გაგზავნილი გვაქვს ბიჟუტერია და უახლოეს ორ კვირაში იქნება პასუხი, ხოლო პარფიუმერიულ პროდუქციას კვლავაც შევამოწმებთ.

- ქალბატონო ია, პარაბენებზე რას გვეტ­­ყვით?
ია ლაზიშვილი, კლინიკა "მედის" კოსმეტოლოგი: - აშშ-ის პროდუქტებსა და წამლებზე კონტროლის სამსახურის მონაცემებით, პარაბენები მინიმალური კონცენტრაციით უსაფრთხოა, თუმცა მათ აქვთ ორგანიზმში დაგროვების უნარი. არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს პარაბენების არსებობას მკერდის სიმსივნურ უჯრედებში, ასევე მათ შესაძლო ზეგავლენას ესტროგენებზე, რომლებიც გარკვეულ როლს ასრულებს მკერდის კიბოს განვითარებაში. მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტ ფილიპ დარბეს აზრით, სიმსივნურ უჯრედებში პარაბენების მოხვედრა შეიძლება დეზოდორების, კრემების ან ტანის­ სპრეის საშუალებით. მართალია, ჯერჯერობით არც ერთი კვლევით არ დასტურდება პირდაპირი კავშირი პარაბენებსა და მკერდის კიბოს შორის, მაგრამ რადგან არსებობს ვარაუდი, უმჯობესია შემცირდეს ამ ნივთიერების შემცველი კოსმეტიკის და განსაკუთრებით, პარაბენების შემცვ­ელი დეზოდორების გამოყენება. კვლევებით დამტკიცებულია, რომ მეთილპარაბენი UVB მავნე გამოსხივებასთან­ ურთიერთმოქმედებს და კანის დაბერებას აჩქარებს.

- რა არის ფორმალდეჰიდი და არის თუ არა ის სიმსივნის გამომწვევი?
- ამერიკის ჯანდაცვის სამინისტრომ რვა ნივთიერება მიამატა კანცეროგენული პროდუქციის სიას, რომელთა შორის ერთ-ერთია ფორმალდეჰიდი. ეს ნივთიერება უკვე მიეკუთვნება კანცეროგენულ კატეგორიას და შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მხედველობაზე, სასუნთქ­ და ნერვულ სისტემაზე, გამოიწვიოს დერმატიტი, სიმსივნე, ასთმა, კანისა და თვალების გაღიზიანება. ის ტოქსიკურობის მაღალი დონით გამოირჩევა და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შემოტანილ პროდუქციაში ის დაშვებულ ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა, ჩემი რჩევაა, მოერიდოთ ასეთ პროდუქციას.

- რა სახელწოდებებით გვხვდება ფორმალდეჰიდი პროდუქციებზე?
- ფორმალდეჰიდი შეიძლება შეგვხვდეს შემდეგი სახელწოდებებით: Formalin, Morbicid acid, Methylene oxide, Methylaldehyde, Methylene glycol.

ხათუნა კორთხონჯია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?