"ჩემი შვილისთვის უნდა მეცოცხლა!" - რას ყვება მსახიობი, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა? - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილისთვის უნდა მეცოცხლა!" - რას ყვება მსახიობი, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა?

მსახიობი ვეკო ბუჩუკური საზოგადოებამ წლების წინ რეალითი შოუდან "ჯეობარი" გაიცნო. შოუს დამთავრების შემდეგ, მსახიობი აკეთებდა საყვარელ საქმეს, დაოჯახდა, შეეძინა შვილი და მაშინ, როდესაც მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იყო, მოულოდნელად ტკივილმა შეაწუხა... დიაგნოზი მძიმე აღმოჩნდა - ლეიკემია, რომელიც საქართველოში ბოლომდე ვერ დაამარცხა და საშინელ სენთან საბრძოლველად საფრანგეთში მოუწია სამუდამოდ გადასვლა.

AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ვეკო ბეჩუკური იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, რომლის გადატანაც დაავადების გამო მოუხდა, თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბრით, სურს სხვებისთვის კარგ მაგალითად იქცეს:

- 2014 წლის მარტში ძვლების ტკივილმა შემაწუხა, ამას თან ერთვოდა სიცხე, სისუსტე და ყელის ტკივილი, სიმპტომი იყო თითქოს გაციებული ხარ. მაშინ მსახიობობის გარდა, დამატებით ცეკვის ტრენერად ვმუშაობდი. სისუსტის გამო ვიფიქრე, დროებით შევწყვეტ ვარჯიშს და დავისვენებმეთქი, რა ვიცოდი ჩემი დასვენება დიდხნიანი აღმოჩნდებოდა...

ბევრი ანალიზებისა და ექიმებთან ვიზიტის შემდგომ, მივედი ჰემატოლოგთან, არაჩვეულებრივ ექიმთან თამარ მაკალათიასთან, რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ. საბოლოო დიაგნოზი ოქტომბერში დაისვა. მახსოვს კადრი, ფურცელი - ეკატერინე ბუჩუკური 29 წლის, დიაგნოზი მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია B2...

იმ წუთას მთელმა ჩემმა ცხოვრებამ კადრებად ჩაიარა, გაქცევა მინდოდა სხვა სამყაროში, სადაც ჩემი ისტორიის ეს ნაწილი სხვანაირად დაიწერებოდა. ჩემი მეგობრების, ახლობლების, მეზობლების თვალებში შიშს ვხედავდი, აი, რომ გიყურებენ და ეცოდები იმიტომ, რომ განწირული გონიხარ ყველას, ჩუმად გამიგია კიდეც ლაპარაკი - "აუ, რა ცოდოა, ჯერ ახალგაზრდაა"...

- ძალიან მძიმე იქნებოდა ამის გადატანა ფსიქოლოგიურად...

- იმ მომენტში ყველაფერმა ფასი დაკარგა მხოლოდ სიცოცხლის წყურვილი მახრჩობდა და ჩემს შვილზე ფიქრი. რა მოხდება მე რომ მოვკვდე? ვფიქრობდი ჩემს განვლილ გზაზე, არ მინდოდა ვინმეს შევცოდებოდი, არ მინდოდა ვინმეს ვეგლოვე, თავი ფილმის გმირი მეგონა, სადაც ბრძოლაში გამარჯვებული აუცილებლად მე უნდა ვყოფილიყავი.

ამ ფიქრებში პირველი ქიმიის კურსიც მოახლოვდა, რომელიც ზურგის ტვინში გაკეთდა. "ეს დაცვითია"- მითხრა ექიმმა, რომ ძვლის ტვინიდან სიმსივნე უკან არ გადასულიყო. ტირილში ვათენებდი, მინდოდა დიდხანს მეყურებინა ჩემი შვილისთვის, რომელიც მაშინ 1,7 წლის იყო.

ერთ დღეს ჩავიხედე სარკეში და ვთქვი: ვეკო შენ გაიმარჯვებ, შენ ყველაზე ძლიერი ხარ, შენ ყველაზე მაგარი ხარ, პრედლიზოლონი? ქიმია? არაფერია ესეც ხომ უნდა გეცადა... და დაიწყო მკურნალობის გრძელი გზა

თვეში ერთხელ ქიმია, ქიმიის მერე აპლაზია და ისევ საავადმყოფო... გული მეკუმშებოდა იქაურობის სუნზე, საწოლზე. გარეგნულად რამდენიმე თვეში ძალიან შევიცვალე, თმა გამცვივდა, სახე და მუცელი დამისივდა. რომ ვუყურებდი ჩემს თავს, სხვა მეგონა, ამან ახალი დეპრესიის ტალღა წამოიღო, სახლიდან აღარ მინდოდა გასვლა.

- საქართველოდან საფრანგეთში როგორ მოხვდი?

- ზუსტად არ მახსოვს რამდენი ხანი ვიმკურნალე საქართველოში, 1,5 წელი ალბათ, შედეგი კარგი იყო. იყო სრული რემისია. უარი ვთქვი ქიმიის დანარჩენ კურსზე და შევწყვიტე, უბრალოდ აღარ შემეძლო. ვიფიქრე, მორჩა ეს მე შევძელი, თუმცა ექიმმა გამაფრთხილა, რომ დაავადება შეიძლება დაბრუნებულიყო და შემდეგ აუცილებელი იქნებოდა ძვლის ტვინის გადანერგვა.

ორი წელი "ვიგულავე". ჩავდექი ისევ ფორმაში, დავიკელი წონაში, მივედი ფიტნეს დარბაზში, დავიწყე აქტიურად ვარჯიში. მოკლედ, ამაყი ვიყავი ჩემი თავით, რომ იმან ვერ გაიმარჯვა ჩემზე, მაგრამ გულში სულ რაღაც მიღიტინებდა, ვგრძნობდი რომ რაღაც მქონდა წინ...

2018 წლის მარტში გამიჩნდა სისხლჩაქცევები სხეულზე, უკვე მივხვდი რაც იყო, მაგრამ არ მინდოდა ამის დაჯერება. მივედი ისევ თამარ მაკალათიასთან, გავიკეთე ძვლის ტვინის ბიოფსია და ტელეფონმა დარეკა - ექიმის ხმა: "ვეკო, ლიმფოციტოზია დაწყებული, მოდი დავილაპარაკოთ..."

საქართველოში ძვლის ტვინის გადანერგვა არ კეთდება... გავრცელდა ისევ სტატიები, ფოტოები, დავეხმაროთ ვეკო ბუჩუკურს. გული მეკუმშებოდა ამას რომ ვხედავდი... ეთო გუგავამ, რომელიც ჩემი ნათლიაა, დადო პოსტი თავის გვერდზე. ამის შემდეგ გამოჩნდა ეთოს მეგობარი, რომელიც ცხოვრობდა საფრანგეთში და ახლა ჩემი მეგობარიცაა. მან მირჩია რომ წავსულიყავი, მირჩია კი არა, დამაძალა - რომ არა გიგას და ნატალიას ლაპარაკი, მე ალბათ აქ არ ჩამოვიდოდი.

საბოლოოდ გადაწყდა და 16.04.2018-ში 14:40 წუთზე თვითმფრინავი დაფრინდა შარლ დე გოლის აეროპორტში. ჩამოვედი სულ მარტო, არავინ არც ოჯახის წევრი, არც მეგობარი, არავინ არ მყავდა აქ. მხოლოდ მამაჩემის მეგობარი მანუჩარ ოშხარელი დამხვდა, ვინც დამეხმარა ყველაფრში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას და მის ოჯახს. იხილეთ სრულად

ნინო გიგიშვილი