"დილით დაძინებული დავტოვე, 3-ის ნახევარზე დამირეკეს და მითხრეს ეს საშინელი ამბავი" - კვირის პალიტრა

"დილით დაძინებული დავტოვე, 3-ის ნახევარზე დამირეკეს და მითხრეს ეს საშინელი ამბავი"

"ამდენი ბავშვი რომ ცვივა ფანჯრებიდან, ამას აქვს მიზეზი"

არაერთი მოზარდის თვითმკვლელობა დაუკავშირეს "ლურჯ ვეშაპს", თუმცა შსს-ს არც ერთ საქმეზე არა აქვს დასკვნა, რომ სიკვდილი ინტერნეტთამაშმა გამოიწვია და ძალიან ბევრმა ოჯახმა არ იცის, რას შეეწირა მათი შვილი.

13 წლის ელენეს დედა, ნანა ბერძენიშვილი, 2 წელია გამოძიების დასრულებას ელოდება. დარწმუნებულია, რომ მისი ერთადერთი შვილი სწორედ ამ თამაშის გამო გადმოხტა მე-13 სართულიდან. იმ ხალხს კი, ვისაც "ლურჯი ვეშაპის" არ სჯერა, ასე მიმართავს: "მოდით, შემეხეთ, მე ვარ ის რეალური ადამიანი, ვისაც "ლურჯმა ვეშაპმა" შვილი მოუკლა". როგორც ამბობს, მისთვის არაერთ მოზარდს უთქვამს, რომ "ლურჯი ვეშაპი" უთამაშია და იცის, რა ბრძოლის ფასად გადარჩნენ ისინი.

ნანა ბერძენიშვილი: - დამოუკიდებლად ჩავატარე გამოძიება და მივედი დასკვნამდე, რომ ჩემი შვილი "ლურჯ ვეშაპს" ემსხვერპლა. არ ვიცოდი, თუ თამაშობდა, სულ მცირე ეჭვი რომ მქონოდა, ჩემი შვილი დღეს ცოცხალი იქნებოდა. ბოლო 4-5 თვე ჩაცმულობა შეიცვალა. ამ უბედურების მერე ელენეს რამდენიმე მეგობარმა მითხრა, "ლურჯ ვეშაპს" ახსენებდაო... დღეს ბევრ მშობელს უჭირს დაჯერება, რომ "ლურჯი ვეშაპი" ნამდვილად არსებობს. თუმცა, ვერსად იპოვით აპლიკაციას ან სხვა ვებგვერდს, სადაც დარეგისტრირდები, ამისთვის ფეისბუკს, ინსტაგრამს იყენებენ, ქმნიან თვითმკვლელთა ჯგუფებს და შემდეგ ბავშვებს რთავენ. იდუმალებით მოცულია ისიც, თუ როგორ ერთვებიან თამაშში ბავშვები. ერთი მოსაზრებით, ე.წ. მენტორები ნადირობენ, ბავშვების პროფილებს ათვალიერებენ და უკავშირდებიან. გადარჩენილ ბავშვებთან გავარკვიე ისიც, რომ ის ბავშვები, რომლებიც ამ თამაშით დაინტერესებული არიან, თავად იწვევენ მენტორს. მშობლები ხშირად მეუბნებიან, შევამოწმე ჩემი შვილის ტელეფონი, სოცქსელი და ვერაფერი ვნახეო, მაგრამ ბევრი ბავშვი ქმნის ალტერნატიულ ფეისბუკგვერდს, სადაც გამოგონილი სახელებით რეგისტრირდებიან. მეც მეგონა, ვამოწმებდი შვილს, მაგრამ მერე მისი მეგობრებისგან გავიგე, რომ ელენეს 4-5 პროფილი სხვადასხვა სახელით ჰქონია.

პოლიცია ტელეფონს გიბრუნებს და გეუბნება, არანაირი მიმოწერა არ არისო. მეც ერთი წლის შემდეგ დამიბრუნეს ბავშვის კომპიუტერი და ტელეფონი. "აიფონი" იყო დაბლოკილი, მისი გახსნა ვერც პოლიციამ შეძლო, მერე მე წავიღე სპეციალისტთან, მაგრამ ვერც იმან გახსნა. კომპიუტერში ყველაფერი წაშლილი ჰქონდა. ისინი აშლევინებენ მესიჯებს, რათა მითისა და სინამდვილის ზღვარზე იტივტივოს თამაშმა. რუსეთში ამ თამაშის გამო სამი კაცი დაიჭირეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თამაში დასრულდა. მენტორი ძალიან ბევრია.

დღეს ერთადერთი მიზანი მაქვს - სხვისი შვილების გადარჩენა. ელენე რომ ჩაიკეტა, ეს გარდატეხის ასაკს მივაწერე... გახსოვდეთ, საგანგაშო ნიშანია, თუკი ბავშვი ტელეფონს და ინტერნეტს მიეჯაჭვა, თუკი ღამეც არ აძლევს მშობელს ტელეფონს, განგაში უნდა ატეხოთ. ერთ-ერთი დავალება თვითდაზიანებაა. ბავშვები ხშირად იკაწრავენ სხეულს, მერე იმ ადგილებს მალავენ.

- თქვენს შვილს ჰქონდა რამე კვალი?

- ვეჭვობ, ჰქონდა, 13 წლის ბავშვი თავის თავს თვითონ უვლიდა. იმ ზაფხულს უარი თქვა ზღვაზე წასვლაზე, არადა, ძალიან უყვარდა. ისიც კი მითხრა, თუ მაინც წამიყვან, იცოდე, არც სანაპიროზე გავალ და არც საცურაო კოსტიუმს ჩავიცვამო. მგონი, წელის არეში ჰქონდა თვითდაზიანება, რადგან ძალიან მოსწონდა ტოპები, მაგრამ მაისიდან დახურულ ტანსაცმელზე გადავიდა. გადამოწმების საშუალება არ მქონდა, რადგან მე-13 სართულიდან გადმოვარდნის გამო სულ დამტვრეული იყო.

ბევრი მშობელი მირეკავს, მაგრამ მიზეზთა გამო ერიდებიან საჯაროდ საუბარს. არ უნდათ მათი ამბავი ქვეყანას მოსდონ. 17 წლის ბიჭმა მიამბო, ჩემი სურვილით ჩავერთე თამაშში, მეგონა, გავერთობოდიო. თავიდან უწყინარი კომუნიკაცია ყოფილა, დღედაღამ მესიჯობა, დაუმეგობრდნენ, შემდეგ წამოვიდა დავალებები. სხეულიც დაკაწრული ჰქონდა. მორიგი დავალებით მძიმე თვითდაზიანება უნდა მიეყენებინა ფეხზე და ფოტო გადაეგზავნა. ამაზე უარი რომ თქვა, უთხრეს, ჩაირთო წამმზომი და 15 დღეში თუ ამას არ გააკეთებ, შენი ოჯახის წევრს მოვკლავთო. იმდენად იყო დაშინებული, სიმართლე ეგონა. ამ განცდებში იყო, რომ გავიცანი... დიდი ბრძოლის მერე მოვიპოვე მისი ნდობა. მოვუყევი ელენეს ისტორია, მერე გაიხსნა და თქვა, ძალიან მეშინიაო. საუბრის დროს შიშისგან გონებაც კი დაკარგა. ბავშვს ჩამოართვეს ტელეფონი, დაიწყო 15 დღის ათვლა, გავიდა 20 დღეც, მაგრამ არავინ გამოჩნდა და იმედი გაუჩნდა. სილაღე შეემატა და იმის დაჯერება დაიწყო, რომ მართლა შეიძლება არაფერი მოხდეს. დღეს ძველებურად ცხოვრობს.

- შარშან ერთი ბიჭის ამბავი გახმაურდა, ისიც გადმოხტა ფანჯრიდან, მაგრამ გადარჩა. მისი დის თქმით, ოჯახს მისი მიმოწერაც აქვს შემონახული, თუმცა არ ახმაურებენ. თქვენ ხომ არ გისაუბრიათ იმ ბავშვთან?

- პირადად არა, თუმცა დის მოყოლილი ყველა წვრილმანი მახსოვს. ოჯახს არ სურს საუბარი. როცა ბავშვმა თვალი გაახილა, მაშინვე უკითხავს, ჩემი ძმა ცოცხალიაო?.. დღეს დამირეკა ერთმა ადამიანმა, ბავშვის ტელეფონი შევამოწმეთ და ამაზრზენი მიმოწერა ვნახეთო - ვიღაც ინგლისურად დავალებებს აძლევდა... ბოლო დროს გახშირდა ონლაინბულინგიც...

მე ვარ ცოცხალი მაგალითი, რომელსაც შვილი მოუკლა "ლურჯმა ვეშაპმა", გაიგეთ, რომ ეს საფრთხე არსებობს.

- თქვენი შვილის ბოლო დღე გაიხსენეთ.

- თითქოს განსაკუთრებული არაფერი იყო. დილით დაძინებული დავტოვე, 3-ის ნახევარზე დამირეკეს და მითხრეს ეს საშინელი ამბავი. 3 დღე-ღამე გიჟივით ვეძებდი ყველგან, რამე ხომ არ დატოვა-მეთქი. რვეულებში აქა-იქ ვნახე მიწერილი: "მოლი ბულე. მოლიმ მითხრა, ესენი ცუდები არიან და ის არის კარგი. მოლი მეუბნება, როგორ მოვიქცე, მოლი ჩემი საუკეთესო მეგობარია". მის მეგობრებს ვკითხე, ვინმეს ხომ არ იცნობდა ამ სახელით-მეთქი, მითხრეს, ერთხანს თვითონაც დაირქვა სახელად მოლიო. წავიღე ჩანაწერები პოლიციაში, მაგრამ ვერაფერი გაარკვიეს.

ამ პრობლემის მოგვარებას კომპლექსური მიდგომა სჭირდება... ამდენი ბავშვი რომ ცვივა ფანჯრებიდან, ამას აქვს მიზეზი, შედეგს ვხედავთ, მიზეზი უნდა ვეძებოთ. იხილეთ სრულად