როცა ოცნება ნაცარტუტად იქცევა
"რატომ გააკეთე ეს? როგორ შეძელი, ჩემს ნაცვლად სიყვარულით ნაშენებ ჩვენს ოჯახში სხვა ქალი შეგეყვანა და მისთვის ცოლი დაგეძახა? ჩვენ ხომ მხოლოდ დროებით დავშორდით ერთმანეთს, ისიც იმიტომ, რომ ოჯახი ფეხზე დაგვეყენებინა, ეკონომიკურად გავძლიერებულიყავით, შვილისთვის უკეთესი მომავალი შეგვექმნა...

შენ კი, ერთი ხელის მოსმით ყველაფერს ხაზი გადაუსვი, არც მე შეგეცოდე, ბავშვიც, რომელსაც ოთხი წელი ველოდებოდით, განზე გასწიე, ორივე გულიდან მოგვიგლიჯე და მეორე ოჯახი შექმენი. ახლა, რა? - არც არაფერი. მე ჩემს რძალს, შენი
ძმის ცოლს, რომელიც დად მიმაჩნია, ვთხოვ, კიდევ ორი წელი გაიჭირვოს, თავის შვილებთან ერთად ჩემსასაც მიხედოს და როცა საქართველოში დავბრუნდები, ვერანაირი ძალა წინ ვერ დამიდგება - მოვკიდებ ხელს ჩემს გოგიტას და სულ ერთად ვიქნებით.

შენ კი, მართალია, გამიმეტე, ცუდს მაინც არ გისურვებ - ჩემი შვილის მამა
ხარ. გაჭირვებამ მაიძულა უცხოეთში წასვლა, დრომ და მანძილმა კი ჩვენი ოჯახი შეიწირა. მშვიდობით. ოდესღაც შენი ნატა!"

ეს გახლავთ ახალგაზრდა ქალის წერილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, სხვა ქალების მსგავსად, ოჯახი რომ ფეხზე დაეყენებინა, საბერძნეთს გაემგზავრა... ნატა მაშინ 28 წლის იყო. მას მერე სამი წელი გავიდა და მოულოდნელად თავზარდამცემი ამბავი შეატყობინეს, - ოთომ ცოლი მოიყვანაო. ქმარს დაურეკა. ოთომ უთხრა:

შენი შორს ყოფნა და დუმილი ვერ ავიტანე. არ ვარ დარწმუნებული, რომ მანდ არ მღალატობ, ამიტომ ის მოვიყვანე ცოლად, რომელიც ჩემთან გაჭირვებასაც აიტანს და მიერთგულებსო... საშინლად იმოქმედა ქმრის დაოჯახებამ ნატაზე. თავიდან, საბერძნეთში წასვლამდე, ასე იყვნენ მოლაპარაკებულნი, რომ სამუშაოს მოძებნიდა თუ არა, უმალ ოთოს გამოუგზავნიდა ოფიციალურ მოწვევას, მაგრამ უცხო ქვეყანაში სამუშაოს მოძებნა  და დამკვიდრება არ იყო ადვილი. ჯერ არალეგალებს დაერია იქაური პოლიცია და ზოგი ერთი, ზოგიც სამი თვით გამოკეტეს გისოსებს მიღმა.

მცირე ნაწილმა საქართველოში ახლობლებს სთხოვა ფულის გაგზავნა, უმეტესობამ კი, გაჭირვებულ ოჯახს არც გააგებინა დაპატიმრების ამბავი. ისევ იქ მცხოვრებმა ქართველებმა შეაგროვეს ფული და თანამემამულეები ციხიდან დაიხსნეს. მათ შორის აღმოჩნდა ნატაც. მას სამ თვემდე მოუწია საპატიმროში ყოფნამ. ამ დროის განმავლობაში, რაღა თქმა უნდა, ოჯახს ვერ დაუკავშირდა. მშობლებიც და ქმარიც შეშფოთდნენ, მაგრამ საბერძნეთიდან ნაცნობებმა შემოუთვალეს, ალბათ, ნატა კუნძულზე მუშაობს და ამიტომაც უჭირს თქვენთან დაკონტაქტებაო.

ნატამ გათავისუფლებისთანავე დაურეკა ოთოს, - ჯერჯერობით არ ხერხდება შენი წამოყვანაო, რამაც ოთო გააცეცხლა...  ქალი სამუშაოს ძებნაში ათენ-აღამებდა. იქ მყოფი მისი ნათესავი, რომელიც შორიდან ლამის სასახლეს ჰპირდებოდა, ვერაფერში ეხმარებოდა. დრო კი გადიოდა... დასარეკი კი არა, ზოგჯერ პურის ფულიც არ ჰქონდა, იქაური ქართველები უმართავდნენ ხელს.

უბნის უსაქმურმა კაცებმა ისედაც გულგასივებულ ოთოს ცეცხლზე ნავთი დაუსხეს, - იქ ნამყოფი ქალი შინ აღარ შემოიშვება, ღმერთმა იცის, რას საქმიანობსო...
გულმოსულმა და საშინლად შეურაცხყოფილმა ოთომ ერთ წვეულებაზე მშვენიერი ქალი გაიცნო, ბევრი აღარც უფიქრია და ხელი სთხოვა. ნინომ იცოდა, ოთოს ცოლიც ჰყავდა და შვილიც, მაგრამ უარი არ უთქვამს მისთვის.

არადა, ოთოს და ნატას სკოლის მერხიდან უყვარდათ ერთმანეთი. მერე დაქორწინდნენ. ოთხი წელი შვილი არ ჰყავდათ, მაგრამ მათი სიყვარული ოდნავაც არ განელებულა. მერე, ოთოს უმცროსი ძმა, ირაკლი დაოჯახდა. ოთომ და ნატამ მამაპაპისეული სახლი უმცროსს დაუთმეს და მეზობლად აიშენეს სახლი. ნატას და თეას (მაზლის ცოლს) თავიდანვე ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. თეას ორი ვაჟი შეეძინა, მერე ნატასაც ეყოლა ბიჭი.

ეკონომიურად რომ გაუჭირდათ, ნატამ გადაწყვიტა, საბერძნეთში წასულიყო. ჯერ თეას გაუმჟღავნა - ჩემი ნათესავი დიდი ხანია საბერძნეთში მუშაობს და სული მოათქმევინა ოჯახს. ჩამოდიო, მეპატიჟება. რამდენიმე წლით წავიდოდი, თუ შვილს მიმიხედავ. სხვას ვერავის ვანდობ გოგიტას. იქიდან კი შენც ხელს გაგიმართავო.
თეა მაშინვე დათანხმდა, - ხელიც რომ არ გამიმართო, ჩემს მაზლიშვილს ცივ ნიავს არ მივაკარებო. ნატა წავიდა დაიმედებული, რომ 5-6 თვეში ქმარსაც წაიყვანდა. ნათქვამია, - კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო...

ახლა გოგიტას თეა ზრდის, ოთო კი თავის მეორე ცოლთან ერთად საქართველოს ერთ-ერთ ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს. ნატა ყოველდღე რეკავს. თეას ემუდარება, გოგიტა მამას არ გაატანოს, მის ჩამოსვლამდე მიხედოს, ყოველთვიურად ფულსაც უგზავნის რძალს და სამივე ბავშვისთვის - ჩასაცმელ-დასახურსაც. თეა შვილებისგან არ არჩევს გოგიტას, ნატაზე განაწყენებული ოთო კი თავისიანებისკენ აღარც იხედება.

ოჯახის ფეხზე წამოსაყენებლად უცხოეთში წასულ ნატას ხელთ მისი ნანგრევები შერჩა, არადა როგორ ოცნებობდა, რომ თავისი შრომით ოჯახს ფეხზე დააყენებდა, თუმცა რას იფიქრებდა მის ოცნებას ის მოჰყვებოდა, რომ ოჯახი დაენგრეოდა. ახლა შვილზე ფიქრობს, და მუხლჩაუხრელად შრომობს. იმედი აქვს, მალე დაუბრუნდება გოგიტას...
tamuna
14 დეკემბერი 2010 15:15
ძალიან ადვილია თქვა რომ ყველა ადამიანს აქვს ბუნებრივი მოთხოვნილებები მაგრამ თქვენ არ იცით საზღვარგარეთ წასული ქალები რას განიცდიან თუ არ უნდა ქმარს ცოლი საზღვარგარეთ წავიდეს მაშინ თვითო ელემენტარული პირობები მაინც უნდა შეუქმნას
em
07 დეკემბერი 2010 01:13
ვერ გამიგია ვიღაცის ოჯახის დანგრევაში რა ბრალი მიუძღვით ან სააკაშვილს ან შევარდნაძეს, რატომ ვცდილობთ დავადანაშაულოთ ვიღაც როცა დამნაშავენი თავად ვართ.
გამოცდას ყველა ოჯახი გადის, ზოგისთვის ეს გაჭირვებაა ზოგისთვის ბოროტი დედამთილი, ზოგისთვის კი ცუდი მეგობარი. სიყვარული რომელიც გამოცდას ვერ უძლებს სიყვარული არაა და ასეთი ოჯახი გაჭირვებაში თუ არა დალხინებაში მაინც დაინგრევა მოგვიანებით. ანდა რა ფასი აქვს ისეთი ქმრის ყოლას რომელსაც საკუთარი ოჯახის დაცვა და შენახვა არ შეუძლია?! მე თუ მკითხავთ ნატას საბერძნეთში წასასვლელად რო გაუხდა საქმე აი სწორედ მაშინ უნდა მიეტოვებინა ქმარი.
tamada
06 დეკემბერი 2010 00:05
ახლა რომ ვთქვა ასეთი ჯოჯოხეთური ცხოვრება ჯერ დამპალმა შევარდნაზემ გაგვიხაზირა ქართველებს და მერე მასზე უფრო დამპალმა მიშიკია სააკაშვილმა მეთქი,მიხუინებმა შეიძლება ანათემს გადამცენ :).არა და სიმართლეს ვამბობ:(

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები