ქმარი რომ არ დაეკარგა, საშინელება მოიფიქრა - კვირის პალიტრა

ქმარი რომ არ დაეკარგა, საშინელება მოიფიქრა

ბედს ვერავინ გაექცევაო, - ნათქვამია. ისიც თქმულა, კაცი თვითონ სჭედს თავის ბედ-იღბალსო, მაგრამ...

ჩემი მამიდაშვილი გიორგი ძმასავით მიყვარს. მამა ადრე გარდაეცვალა და მამაჩემი დისწულს თავის შვილებში არ არჩევდა, ერთად გვზრდიდა. სწორედ გიოზე ითქმის,  ბედმა არ გაუღიმაო... რას იფიქრებდა, თუ მეორე ოჯახიც დაენგრეოდა.

თუმცა, თავიდან გიამბობთ გიოს ამბავს.

სიყმაწვილეში დაოჯახდა. შვილი შეეძინა, დათუნა. მერე გიორგის ცოლმა მდიდარი საყვარელი გაიჩინა. გიომ არაფერი იცოდა. უფროსებს ერიდებოდათ, გაემხილათ მისთვის ცოლის ღალატი. მე და ჩემი და-ძმა ვბობოქრობდით - რა აზრი აქვს ასეთი ოჯახის შენარჩუნებასო. ბოლოს, აღარ მომითმინა გულმა... რაღა ბევრი გავაგრძელო და, ისინი მალევე გაშორდნენ... თიკამ ბავშვი გიოს დაუტოვა, თავად კი სტამბოლში წავიდა. მგონი, სასტუმროში მუშაობს...

მამიდაჩემმა აიჩემა, - თბილისელი რძალი არ გამომადგა, სოფელში უნდა ავარჩიო პატიოსანი, თავმდაბალი, ზრდილობიანი და გამრჯე გოგო, რომელსაც ჩემი შვილი ძალიან ეყვარებაო. მოკლედ, ქმრის სანათესავოს ჩააკითხა ქართლის ერთ-ერთ სოფელში და სულ მალე ერთ ლამაზ გოგოს დაადგა თვალი. გიოსაც აჩვენა და ჩვენც - ყველას მოგვეწონა. დაქორწინდნენ და მალე გოგონაც გაუჩნდათ.

შვილის დაბადების შემდეგ ეს ჩვენი მშვიდი და საყვარელი თამო ძალიან შეიცვალა. საეჭვოდ გვეჩვენებოდა მისი გამუდმებული ოთახში ჩაკეტვა  და ბუტბუტი, თითქოს ერთსა და იმავეს გამუდმებით იმეორებდა. თამოს მოყვანის დღიდან გიო ხშირად ვერ იყო კარგად. ერთი წლის შემდეგ კი თავის ისეთი ტკივილი დაეწყო, ლამის კედლებზე გადიოდა.

ექიმებმა დაასკვნეს, - ნევროზის ბრალია, დასამშვიდებლები დაალევინეთ და თანდათან გაუვლისო, მაგრამ რაც დრო გადიოდა, უარესად ხდებოდა. თან რაღაცნაირი უემოციო, არაადეკვატური გახდა. კითხვებზე მანამ არ გვპასუხობდა, სანამ არ შევაჯანჯღარებდით. თითქოს ამ ქვეყანას არ იყო. უმეტესად ეძინა. აბა, ასეთს ვინ გააჩერებდა სამსახურში? დისტრიბუტორად მუშაობდა და მალე გამოუშვეს. საგონებელში ჩავვარდით.

ერთხელ თამო მშობლების მოსანახულებლად სოფელში წავიდა. მამიდამ მიხმო და თამოსა და გიოს საძინებელი დავათვალიერეთ. ვიცი, ეგ არ არის მთლად კარგი საქციელი, მაგრამ მაშინ რომ ასე არ მოვქცეულიყავით, გიოს გაბრუების მიზეზსაც ვერ გავიგებდით...

კარადაში აღმოვაჩინეთ ლურჯ სატინაში გახვეული შავი სანთლები და ნაჭრის პატარა თოჯინა, რომელსაც შავი ფლომასტერით "გიო"  ეწერა. წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა მამიდაჩემს! მეც ცუდად გამიხდა გული, მაგრამ მალევე მოვედი გონს და ეს ყველაფერი ეკლესიაში წავიღე და  მოძღვარს რჩევა ვთხოვე. მან მეტეხის ეკლესიაში გამიშვა.

იქაური მოძღვრის  (იგი კვეთებულის ლოცვებს ატარებს) დარიგება უკლებლივ შევასრულე... შინ მობრუნებული თამო გამოტყდა. იმისათვის, რომ გიო სულ მის გვერდით ყოფილიყო, საშინელ რიტუალს ყოველდღე ატარებდა. მას ოჯახში ვინღა გააჩერებდა? თამო სოფელში დაბრუნდა, გოგონაც წაიყვანა, რომელსაც თან გაჰყვა ჩვენი სული და გული.

გიო ახლა ერთ-ერთ მამათა მონასტერშია და აღდგომამდე იქ აპირებს დარჩენას. მონასტრიდან დაბრუნებული სრულიად ახალ და ჯანსაღ ქრისტიანულ ცხოვრებას დაიწყებს.

P.S. გთხოვთ, გამოაქვეყნოთ ეს წერილი, რადგან მსგავსი ამბები ძალიან გახშირდა ჩვენში.

მარიამი, თბილისი