"4 წელი დამჭირდა, რომ ნუკრის გარეშე ცხოვრება მესწავლა. ვიცოდი, მეორედ არასოდეს გავთხოვდებოდი..."
03-11-2019
"4 წელი დამჭირდა, რომ ნუკრის გარეშე ცხოვრება მესწავლა. ვიცოდი, მეორედ არასოდეს გავთხოვდებოდი..."
"მანამდე შეყვარებული არ ვყოფილვარ. მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს, სუნთქვა რომ გეკვრის ადამიანს"

ადვოკატ ნანა ფრიდონაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ის დღეს ბევრი ცნობილი ბრალდებულის დამცველია და არაერთ ხმაურიან პროცესში მონაწილეობს. თუმცა, მანამდე იყო ჟურნალისტობის 18-წლიანი პერიოდი, მისი არაერთი სტატია წაუკითხავს მკითხველს. ნანას მართლა საინტერესო ცხოვრება აქვს გავლილი, მიზანსწრაფული ადამიანია და წლების მანძილზე ბევრ საინტერესო ადამიანთან უწევდა ურთიერთობა. თეატრზე მეოცნებე, მხიარული და ენერგიული გოგონა როგორ აღმოჩნდა ადვოკატურაში, მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ნანა,
თეატრიდან ადვოკატურაში როგორ აღმოჩნდით?

- მეშვიდე კლასიდან ზუსტად ვიცოდი, რა სპეციალობა უნდა ამერჩია და ეს დედაჩემის დიდი დამსახურებაა. თეატრში აქტიურად დავყავდი. აბონემენტი გვქონდა და აბსოლუტურად ყოველ საღამოს, ყველა სპექტაკლს ვესწრებოდი. იმდენად მომეწონა და ისე კარგად ვგრძნობდი თავს, სულ იქ ყოფნა მინდოდა. რამდენიმე სპექტაკლი იმდენჯერ მქონდა
ნანახი, რომ ყველა მცნობდა, მსახიობები სცენიდან მესალმებოდნენ. როგორც წესი, ყველა ბავშვი ოცნებობს მსახიობობაზე ან რეჟისორობაზე, მაგრამ მე თეატრმცოდნეობა მინდოდა. როდესაც შეამჩნევ, რა ინტერესი აქვს შენს შვილს, სწორედ ის უნდა განუვითარო. ცუდი მოსწავლე არ ვიყავი, მაგრამ ზოგჯერ ტექნიკურ საგანში კარგ ნიშანს რომ არ მივიღებდი, კლასის დამრიგებელი დედასთან მოვიდოდა და ეტყოდა, დღეს ნანა თეატრში არ გაუშვაო. დედაც არ მიშვებდა და ამას დღემდე ვერ ვპატიობ.

სპექტაკლი 7 საათზე იწყებოდა, ამ დროს რომ გადასცდებოდა და სახლში ვიყავი, ხმას არავის ვცემდი. მამაჩემი პროკურორი იყო, ძმა მყავს, მაგრამ მამას ყოველთვის უნდოდა, მე ჩამებარებინა იურიდიულზე და პროკურორი გავმხდარიყავი. კატეგორიულად ვამბობდი, რომ თეატრმცოდნეობა მინდოდა. 4 წელიწადში ერთხელ იყო თეატრალურ ინსტიტუტში თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე გამოცდები. სკოლა რომ დავამთავრე, იმ წელს არ იყო. გამოვაცხადე, მომავალ წელს დაველოდები-მეთქი. მამა მეხვეწებოდა, იურიდიულზე სცადეო, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვი. შემდეგ წელს უმაღლესი ქულებით ჩავირიცხე, რაც ყველაზე დიდი ბედნიერება იყო. პირველი ხუთიანი რომ დავინახე, ეს განცდა არასოდეს დამავიწყდება. იმ დღეს 6-ჯერ მივედი ინსტიტუტში სიის სანახავად. სადიპლომო თემად მესამე კურსზე ქალბატონ ნათელა ურუშაძის რჩევით, მედეა კუჭუხიძის შემოქმედება ავირჩიე და მას მერე არც მოვშორებივარ ქალბატონ მედეას გვერდიდან. იმდენად ვიყავი რეპეტიციებში ჩართული, რომ რეჟისორის ასისტენტი გავხდი და არც ერთი სპექტაკლი არ გამიცდენია. დურგალთანაც ვმუშაობდი, მხატვართანაც, კომპოზიტორთანაც, ყველაფერს ვეხებოდი, რომ თეატრი ბოლომდე შემესწავლა. დღემდე არ მბეზრდება თეატრზე ლაპარაკი.

- როგორც ვიცი, სტუდენტობის დროს შეგიყვარდათ მომავალი მეუღლე, რამაც შეცვალა თქვენი სამომავლო გეგმები.
- მეხუთე კურსზე ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში ჩემი აწ უკვე ცხონებული მეუღლე, ნუკრი გეგუჩაძე გამოჩნდა. მანამდე შეყვარებული არ ვყოფილვარ. მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს, სუნთქვა რომ გეკვრის ადამიანს. ისე მიყვარდა, მართლა ვერ ვსუნთქავდი. სადიპლომო მქონდა დასაწერი და ვეღარ ვწერდი, თვალწინ სულ ნუკრი მედგა. თავს ვებრძოდი. როგორც იქნა, დიპლომი დავიცავი საკმაოდ წარმატებითაც. პეტერბურგში ან მოსკოვში უნდა გამეგრძელებინა ასპირანტურა, მაგრამ ნუკრიზე შეყვარებულმა გადავიფიქრე ასპირანტურაში ჩაბარება. მერე გავთხოვდი. უკვე შემეცვალა აზრები, სულ ნუკრის გვერდით მინდოდა ყოფნა. ის მუშაობდა, ისეთი გრაფიკი ჰქონდა, 7 საათზე სახლში არასოდეს მოდიოდა, მაგრამ მე 7 საათზე ფანჯარასთან ვიჯექი და მის მოსვლას ველოდებოდი. სულ მეგონა, უფრო მალე მოვიდოდა, თუ ფანჯარასთან ვიჯდებოდი. შინაგანი კავშირი მქონდა მძაფრი და ფიზიკურად ვგრძნობდი, როდის უჭირდა. შეიძლება გაზვიადებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ დღემდე არ მაქვს კავშირი მასთან დაკარგული, მიუხედავად იმისა, რომ 15 წელია, გარდაცვლილია. როცა მივლინებაში მიდიოდა, ზოგჯერ მეც მივყავდი. ახლა მგონია, ცოტა ხანგრძლივ მივლინებაშია წასული და ოდესღაც მეც მასთან წავალ. დღე არ ღამდება ისე, ნუკრი არ ვახსენო. რა ისტორიაც უნდა გავიხსენო, ნუკრიც იქ არის. 18 წელი ვიყავით ცოლ-ქმარი, 4 წელი ვებრძოდით განუკურნებელ სენს, უცხოეთშიც ვიყავით, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ. ბოლო 4 დღე წუთებით მახსოვს.

- გათხოვების შემდეგ თეატრს თავი დაანებეთ?
- წითელ დიპლომზე დავამთავრე, მაგრამ თეატრი გვერდზე გადავდე. მეუღლე ხელს არაფერში მიშლიდა, პირიქით, ოღონდ რამე გამეკეთებინა, ოღონდ რეალიზებული ვყოფილიყავი, მეტი განათლება მიმეღო, მაგრამ მე სახლში მინდოდა ვყოფილიყავი და მას დავლოდებოდი. ერთხელ ნუკრიმ ნახევრად ხუმრობით მითხრა, შენ ნამდვილად დაამთავრე თეატრალურიო? მაშინ მივხვდი, ზედმეტი ყურადღებითა და ჩაბღაუჭებით შესაძლებელი იყო, ნუკრისთვის საინტერესო აღარ ვყოფილიყავი. ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო, ფიზიკურადაც წარმოსადეგი იყო და ჩემ თვალწინ ეარშიყებოდნენ ქალები. შემოთავაზება მივიღე გაზეთიდან - "თეატრი და ცხოვრება", იქ თეატრზე უნდა მეწერა. ნახევარ განაკვეთზე ვიყავი და 7 საათის მერე, მას ველოდებოდი... ამ დროს დაარსდა გაზეთი "ახალი თაობა" და იქ შემომთავაზეს მუშაობა. პრესაში 18 წელი ვიმუშავე და ხშირად მენატრება ჟურნალისტობა. პარალელურად დავიწყე "ახმეტელის თეატრში" მუშაობა, ლიტერატურულ ნაწილში. 90-იანი წლები იყო, "მხედრიონი" ბობოქრობდა. ერთ დღეს რედაქციაში მოვარდა მემწვანილე ქალი, კოლმეურნეობის მოედანზე დახოცეს მხედრიონელებმა საზამთროს გამყიდველებიო. მე ვწერდი თეატრზე, მაგრამ სოსო გოგინაშვილმა მითხრა, უნდა წახვიდე და რეპორტაჟი გააკეთოო. ძალიან კარგი რეპორტაჟი გამომივიდა და მას მერე სამართალზე დავიწყე წერა. ვწერდი თეატრზე ან სამართალზე. მერე ჩავაბარე იურიდიულზე. უმაღლეს დამთავრებულთათვის 4-წლიანი იყო.
-
მერე იყავით პრესამსახურის უფროსი სატრანსპორტო პროკურატურაში, იქ მუშაობა რატომ გადაწყვიტეთ?
- ჟურნალისტებს გამომძიებლები და პროკურორები გვაწვდიდნენ უპრობლემოდ და დროულად ინფორმაციებს. შს სამინისტროდანაც მაშინ საკმაოდ მარტივად შეგეძლო ინფორმაციის მიღება. არასოდეს გეუბნებოდნენ იმაზე მეტს, რაც გამოძიებას დააზარალებდა. თემურ კვირკველიამ გამიწია მაშინ რეკომენდაცია და სატრანსპორტო პროკურატურის პრესამსახურის უფროსად დავინიშნე. პროკურატურა საკმაოდ უმადური სისტემაა, მთელი ენერგია შეიძლება ჩადო იქ თანამშრომელმა. პრესამსახურში 9 წელი ვიმუშავე, ასევე გარკვეული პერიოდი თბილისის პროკურატურაშიც ვიყავი მივლინებული.

- პრესსამსახურის ხელმძღვანელობა არ გაგიჭირდათ?
- ძალიან თავისუფალი და ლაღი პროფესიებიდან მივედი უცებ პროკურატურაში, მაგრამ არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი მყავდა, ნუგზარ შოშიაშვილი. ძალიან პრინციპული ადამიანი იყო. ჩემი პირობა იყო, რომ გაზეთში გავაგრძელებდი მუშაობას. სამსახურში ორ-ორ კიბეს მხიარულად ვახტებოდი, სულ მუდამ მოღიმარი, ღიმილით ვესალმებოდი პროკურორებს და ამის გამო გენერალური პროკურორის ერთ-ერთი მოადგილისგან ბევრჯერ მიმიღია შენიშვნა - მესმის, რომ თავისუფალი პროფესიებიდან მოხვედი, მაგრამ ასეთი ქცევა არ შეიძლება, სულ მოღიმარი დადიხარო. - როგორ უნდა მოვიქცე, თუ შუბლშეკრული ვივლი, უფრო ჭკვიანის შთაბეჭდილებას დავტოვებ-მეთქი? არავისზე ვიყავი დამოკიდებული, ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას და რაც მისაღები იყო, ბატონი ნუგზარიც იღებდა. არასოდეს დავუკომპლექსებივარ, ფეხის წვერებზე არასოდეს მივლია. პრესკონფერენციები რომ იმართებოდა, ყველაზე მწვავე კითხვებს მე ვსვამდი, ისევ ის მოადგილე მიბარებდა და მეკითხებოდა, - სამსახურიდან ხომ არ წასულხარო? რედაქციაც ჩემს ნაწერებს გაცილებით ყურადღებით კითხულობდა, რომ ლობირება არ ყოფილიყო. 2000 წლიდან გახდა მეუღლე ავად, 2004 წელს, როცა გერმანიიდან დავბრუნდით, მითხრეს, რომ სატრანსპორტო პროკურატურაში პრესსამსახური გაუქმდა. დღეს ძალიან ვნანობ, რაც გავაკეთე, მაგრამ ემოციურმა ფონმა, მეუღლის ავადმყოფობამ მიბიძგა, ის 9-წლიანი ნაშრომი, რაც აკინძული მქონდა, ყველაფერი დამეწვა - დიდი კოცონი დავანთე ეზოში.

- დღემდე პრობლემაა ჟურნალისტებისთვის პრესსამსახურის უფროსებთან ურთიერთობა, რადგან ხშირად ვერ ვიღებთ უწყებიდან ინფორმაციებს. როგორ არწმუნებდით პროკურორებს, რომ კითხვებზე ეპასუხათ?
- ვცდილობდი, ყველა ჟურნალისტისთვის ღია ყოფილიყო ტრანსპორტის პროკურატურა. ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, ბიზნესმენის, ცხონებული მამუკა ჯინჭარაძის შვილმა დაქოქა ვერტმფრენი და ბავშვი დაზიანდა. დიდი ხმაური მოჰყვა ამ საქმეს. ჟურნალისტებით გაივსო შენობა და აინტერესებდათ, იყო თუ არა მერაბ ჯინჭარაძე დაკითხვაზე. შევედი ტრანსპორტის პროკურორთან და ვეუბნები, ჟურნალისტებს აინტერესებთ-მეთქი. - შენ ეს არც დაადასტურო და არც უარყო, ან საერთოდ არ გასცე პასუხიო. - ეს თქვენი სტილია, ჩემს კოლეგებს ამას არ გავუკეთებ, ახლა დავივლი ამ სამსართულიან შენობას და გავიგებ, არის თუ არა დაკითხვაზე-მეთქი. გავედი ჟურნალისტებთან და ვთქვი, - სამწუხაროდ, ვერც მე მივიღე პასუხი და ამიტომ სახლში მივდივარ-მეთქი. იდიოტურ მდგომარეობაში ვერ ვიქნებოდი. იმდენად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი.

- ადვოკატობა რატომ გადაწყვიტეთ?
- პროკურატურიდან წამოსვლიდან მალე ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და 4 წელიწადი მოწყვეტილი ვიყავი ყველაფერს. 4 წელი დამჭირდა, რომ ნუკრის გარეშე ცხოვრება მესწავლა. იმ პერიოდში იასონ ბესელიას ჰქონდა საადვოკატო ფირმა და მასთან დავიწყე მუშაობა. გავაკეთეთ რუბრიკა გაზეთში და საზოგადოებისთვის საჭირო კითხვებზე სამართლებრივ პასუხებს ვაქვეყნებდით. იმ ოფისში გავიცანი ორი არაჩვეულებრივი გოგო, ხათუნა და ოლიკო, ადვოკატები იყვნენ და შემომიჩნდნენ, საადვოკატო გამოცდები ჩამებარებინა. გამოცდები ჩავაბარე ჯერ სისხლის სამართალში, მერე სამოქალაქო და ადმინისტრაციულში, სტაჟირებაც გავიარე და ადვოკატობა დავიწყე. სრულიად მარტო ვიყავი, სხვებს კისერზე არ ჩამოვეკიდებოდი, ვიცოდი, მეორედ არასოდეს გავთხოვდებოდი, მეგობარ მამაკაცს არ გავიჩენდი. მამა უკვე ცოცხალი აღარ მყავდა. ჩემი ძმა საზღვარგარეთ იყო და სუფთა პრაგმატული მიზნით დავიწყე ადვოკატობა. სულ მეშინოდა, ასეთი საინტერესო პროფესიების შემდეგ ეს რუტინა ხომ არ დამღლიდა. მივხვდი, რომ ძალიან მაინტერესებს ეს ყველაფერი, ამ პროფესიამ გადამარჩინა და ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ადვოკატობა აღმოჩნდა კარგი ფსიქოთერაპია ჩემთვის. დალხენილი ადამიანი არ მოდის, ყველა რაღაც პრობლემით მოდის. დღემდე ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს. ეს არ არის მაღალი პროფესიონალიზმის ნიშანი, მაგრამ არ მინდა, თვისება - თანაგრძნობა დავკარგო.

- ბევრი ცნობილი ადამიანის დამცველი ხართ, რა კატეგორიის დამნაშავეს არ დაიცავთ?
- არასოდეს დავიცავ განზრახ მკვლელობის ჩამდენს. გაუფრთხილებლობით მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობით ბრალდებულები დამიცავს. ვერ დავიცავ ადამიანის გამტაცებლებს, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულს და გამაუპატიურებელს. ასეთი საქმეები არც ერთ ჰონორარად არ მიღირს. ბევრჯერ მითქვამს უარი გარკვეული შეხედულებების გამო. თავისუფალი პროფესიაა, გინდა დაიცავ, გინდა არა. ბევრი ადამიანი გამისტუმრებია უარით, როცა დამინახავს, რომ მას ადვოკატი არ სჭირდება. მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღო მომსახურების საფასური, არ შეიძლება, საქმეს ხელი მოჰკიდო.

- ამდენი პროფესიიდან რომელ საქმეს მიანიჭებთ უპირატესობას?
- ძალიან კარგად ვგრძნობ ამ პროფესიაში თავს, ეს დიდი ფსიქოთერაპია აღმოჩნდა ჩემთვის. არ მიჭირს პატიმრებთან ურთიერთობა, ფაქტობრივად არ ყოფილა ადამიანი, რომელიც ჩემთან ბოლომდე არ გახსნილიყო, ალბათ ეს ძველი პროფესიების შედეგია, რაშიც თეატრალური კრიტიკოსობაც მეხმარება. სპექტაკლშიც იგივეა, როგორც სასამართლოზე. პროკურორი სანამ რამეს იტყვის, უკვე ვიცი, რა იფიქრა. დრამატურგია მასწავლეს კარგად. არც ერთ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს არ ვეკითხები, ჩაიდინა თუ არა დანაშაული. ვიცი, როდის იტყუება და როდის არა. ციხეში შევდივარ როგორც ადვოკატი უკვე 10 წელზე მეტია, მაგრამ ყველა კარის დაკეტვაზე მაინც დაძაბული ვარ, ბოლომდე ვერ შევეჩვიე ხმაურიანი კარის დაკეტვას. კარგად მესმის იმ ადამიანების, ვინც იქ არიან. ყოველთვის ვეუბნები მათ ცოლებს, რომელთა ქმრებიც ციხეში სხედან და რომლებზეც გაბრაზებულები არიან: ანგარიშსწორება არ შეიძლება, სანამ ის 16-კვადრატულშია გამოკეტილი. რომ გამოვა, მერე გაარკვიეთ ურთიერთობები-მეთქი. ძალიან საინტერესო ურთიერთობები ყალიბდება ადვოკატსა და პატიმარს შორის. უცხო ადამიანი ხარ, მთელ სამყაროსთან დამაკავშირებელი და მათთვის ახლობელი ხდები.

გარდა იმისა, რომ თავის დროზე ამ პროფესიამ ფიზიკურად გადამარჩინა, ამდენ ადამიანზე რომ ვნერვიულობ, ჩემი სანერვიულოსთვის დრო არ მრჩება. ქალბატონი ნათელა ურუშაძე კარგა ხანს არ მელაპარაკებოდა, იმდენად მოულოდნელი იყო ჩემი 180 გრადუსით გადატრიალება, მერე შემირიგდა და თავის გამოცემულ წიგნს ასეთი წარწერა გაუკეთა: "ნანა, დაბრუნდი თეატრში, იქ არის შენი ადგილი". თეატრი დღესაც ძალიან მიყვარს, მაგრამ თუ დიდხნიანი სპექტაკლებია, არ დავდივარ, რადგან სულ მგონია, ამ დროს ვაკლებ იმ პატიმრებს, რომლებსაც ვიცავ. ამ წლებში ადამიანის თავისუფლების ფასიც უფრო მეტად გავიგე. არანორმალურად მიყვარს თეატრი, ზოგჯერ ჟურნალისტობაც ძალიან მენატრება. ხელები მექავება, მაგრამ მიმაჩნია, როცა შიდა სამზარეულო იცი, არ უნდა წერო. იქ, სადაც ვარ ახლა, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მართლაც ბევრი საერთო აქვს თეატრსა და სასამართლოს. როგორც თეატრში არსებობს მაყურებელი, ასევეა აუდიტორიაში. მოსამართლე ზის შემაღლებულ ადგილას და ეს ადგილი სცენას წააგავს. არც ერთი წუთი არ მინანია, რატომ უფრო ადრე არ ჩავაბარე იურიდიულზე, ყველა პროფესიამ ბევრი რამე მასწავლა და დღეს ძალიან კარგად მადგება ეს ყველაფერი.

თეა ხურცილავა
ჟურნალი "გზა"
ზურა
05 ნოემბერი 2019 10:10
ადვოკატი ყველანაირ ბრალდებულს უნდა იცავდეს და არა მარტო ცნობილებს და უდანაშულოებს.
ქეთინო
04 ნოემბერი 2019 22:51
ნანა
irakli
04 ნოემბერი 2019 07:09
gmertma gaanatlos tqveni meuglis suli. Tqven ki udusesi madloba aseti didi grdznobistvis rac meuglis mimart gagachniat. Gmerti gfaravdet mudam

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?