"არასოდეს თქვა "არასოდეს", ანუ ღალატის სანაცვლოდ... - კვირის პალიტრა

"არასოდეს თქვა "არასოდეს", ანუ ღალატის სანაცვლოდ...

მისი ქმრის დევიზი იყო - "არასოდეს თქვა "არასოდეს", თუმცა ეკა დარწმუნებული გახლდათ, რომ მეორე ნახევარი ოჯახს არასოდეს უღალატებდა.

ამბობენ, მამაკაცებს ცხოვრების გალამაზების სურვილი 40 წლის ასაკიდან ეძალებათ და ჩვენს ზურაბსაც "დიდი და ვნებიანი" სიყვარული ორმოცდაორი წლისას ესტუმრა. სულ ეგონა, რომ იოლად შეძლებდა გატაცების დაძლევას, მაგრამ ვერა და ვერ მოერია გრძნობას. ეკამაც შეიტყო ერთი წლის გასაიდუმლოებული რომანის შესახებ და ზურამაც აღარ დამალა: - რა ვქნა, ეკა, თურმე, მართალი ვყოფილვარ, კაცმა არასოდეს უნდა დაიჩემოს, - ამას არ დავუშვებ და არ გავაკეთებო. ვიცი, ძნელია შენთვის ამის გაგება, მაპატიე, მაგრამ შემიყვარდა ის ქალი და მასთან მივდივარ. მალე შვილს გამიჩენს და ვერ მივატოვებო...

თავზარდაცემულ ეკას თვალწინ დაუდგა ერთად გატარებული ბედნიერი წლები... სიტყვის თქმას ვეღარ ახერხებდა, ბოლოს როგორც იქნა ამოილუღლუღა:

- კი, მაგრამ ჩვენ რომ გვტოვებ, ეგ არაფერია? - აკანკალებული ხმით უთხრა ზურას და ტირილი წასკდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ზურაბთან ლაპარაკი წყლის ნაყვა იყო.

წავიდა და წავიდა...  "იმ ქალის" ოროთახიან ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. წილზე სიტყვაც არ დასცდენია, ახლობლებთან მხოლოდ ერთხელ და გარკვევით თქვა, - მართალია ის სახლი, სადაც ჩემი ცოლყოფილი და შვილები ცხოვრობენ, ჩემიც არის, მაგრამ შვილებს ბინას ხომ არ გავუყოფო.

ზურაბმა ოფიციალურად განქორწინებაზე დიდხანს ითრია ფეხი, მაგრამ ბოლოს, მაინც შეიტანა განცხადება და ერთ დროს მოყვარული და ტკბილი ცოლ-ქმარი ყოველგვარი სკანდალის გარეშე განქორწინდა. თვეში ერთხელ ზურაბი გიოს და მარის სანახავად მიდიოდა, მათთან ერთად გაისეირნებდა, მერე 300 ლარს გაატანდა დედასთან და დაემშვიდობებოდა.

ეკას მისგან არაფერი მოუთხოვია, თუმცა გულის სიღრმეში უხაროდა, რომ ზურამ, სხვა კაცების დარად, მთლად არ "დაიბანა ხელები". ორი წლის შემდეგ ზურაბმა თავისი ნაბოლარა გააცნო უფროს შვილებს. ეკას არ ენახვებოდა, იცოდა, მასთან არ იყო მართალი და ერიდებოდა ცოლყოფილთან პირისპირ შეხვედრას. პატარა თათიას ნახვის მერე მარიმ და გიომ ლამის ყურები გამოუჭედეს დედას, - ძალიან საყვარელი ბავშვია ჩვენი უმცროსი დაიკოო. დედა დუმდა და იღიმებოდა, მაგრამ ეს ის ღიმილი არ იყო, ეკას რომ სჩვეოდა, უფრო დარდი და გამშრალი ცრემლი ერქვა ამ ღიმილს... და რახან დედა არაფერს ამბობდა, და-ძმაც არ იჩემებდა - პატარას შინ მოვიყვანთ და გაჩვენებთო...

მერე "იმ ქალს" ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა და 38 წლის ასაკში გარდაიცვალა. ძალიან იდარდა ზურაბმა საყვარელი ადამიანის სიკვდილი. აწი პატარა თათიასთვის ის უნდა ყოფილიყო დედაც და მამაც. მისი, როგორც თავად უწოდებდა, "სიბერის შვილი", თანაც დიდი სიყვარულის ნაყოფი პატარაობაშივე დაუობლდა და ამიერიდან მას დედის ზრუნვისა და სითბოს გარეშე უნდა ეცხოვრა. ზურაბმა ერთხანს თავის მოხუცებულ მშობლებს მიუყვანა ოთხი წლის გოგონა, მაგრამ იმათ თავი გასჭირვებოდათ, სად შეეძლოთ პატარის მოვლა...

თათია ძალიან თბილი და საყვარელი გოგონა იყო. დედის სიკვდილის შემდეგ დღე არ გავიდოდა, დედიკო არ გახსენებოდა. ზურაბი კითხვებით შეკლული ჰყავდა: "სად წავიდა ჩემი დედიკო?" "როდის მოვა?" "ჩემთან რატომ აღარ იძინებს?" გოგონას ყოველი სიტყვა ეკალივით ესობოდა ზურაბს გულზე და მეათასედ უმეორებდა შვილს: - შენი დედიკო შორს წავიდა, ახლა იგი ზეციდან გიყურებს. აბა, შენ იცი, გული არ ატკინოო... მერე მამამ პატარა თათია  ბაღში მიიყვანა, მაგრამ სამსახურში ყოფნა ზოგჯერ გვიანობამდე უწევდა... ისევ მარიმ შეაშველა სიტყვა, - მამა, თუ გინდა, ბაღის მერე თათიას ჩვენთან წავიყვანთო.

- მერე, დედა რას იტყვის? - უმალ ეს იკითხა კაცმა.

- ხომ იცი, დედა როგორი კეთილია, ეჭვიც არ მეპარება, უარს არ გვეტყვის, - ახლა გიომაც ამოიღო ხმა.

იმავე საღამოს დაელაპარაკნენ შვილები ეკას:

- დედა, რომ იცოდე, რა საყვარელი ბავშვია, გვერდიდან აღარ მოიცილებ. მამას არ შეუძლია მისი მოვლა, თანაც ამბობს, მალე მშენებლობა დასრულდება და უმუშევარი დავრჩებიო. რუსეთში უნდა წასვლა. ჩვენ თუ არ მივეშველეთ, ძალიან გაუჭირდება. დას ბედის ანაბარად ხომ არ დავტოვებთ? მოდი, ხვალ მოვიყვანთ, წყნარი ბავშვია, არაფერზე შეგვაწუხებსო...

ეკა ასეთი დაბნეული ალბათ არასოდეს ყოფილა, მაგრამ მაინც მოახერხა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია შვილებს, - კარგი, მოიყვანეთო.

თათიამ ეკა დაინახა თუ არა, მივიდა, მუხლებზე ხელი მოხვია და წაიტიტინა: - ჩემს დედიკოსავით ლამაზი ხარო... ძლივს შეიკავა თვალზე მომდგარი ცრემლი ეკამ. აბა, როგორ შეეძლო, ბავშვი გულგრილად მოეშორებინა! გამართლდა მისი შვილების სიტყვები - ძალიან მალე შეეჩვია გოგონას და უსაზღვროდ შეიყვარა...

ხომ არიან ქალები, რომლებიც ღირსებას და დედობრივ სიყვარულს ყველაფერზე წინ აყენებენ! ეკა ზუსტად ასეთი ქალი აღმოჩნდა. ზურაბი კი დღეს საქართველოში არ იმყოფება, უცხო ქვეყანაშია, იქ მუშაობს და იქიდან ეხმარება თავის ოჯახს, პატარა თათია ისე აღარ ედარდება, როგორც ადრე. იცის, რომ მისი ნაბოლარა საიმედო ხელშია.