"მენანება უღირსი კაცის გვერდით დაკარგული წლები..."
"მენანება უღირსი კაცის გვერდით დაკარგული წლები..."
მძიმე წასაკითხია თქვენს რუბრიკაში დაბეჭდილი წერილი "როცა ოცნება ნაცარტუტად იქცევა", ხოლო ათმაგად მძიმეა მათთვის, ვისაც მსგავსი რამ გამოუცდია.
მეც იმ ქალთაგანი ვარ, რომელმაც მთელი პასუხისმგებლობა ოჯახის რჩენისა საკუთარ თავზე აიღო...

ცხრა წლის წინ წავედი საბერძნეთში. სხვა გზა არ მქონდა და იმიტომ. სულ მიმაჩნდა, რომ დედა შვილების გვერდით უნდა ყოფილიყო, მაგრამ როცა გაუსაძლისი შეიქნა ჩვენი ყოფა, ავიკარი გუდა-ნაბადი.

დედაჩემის და დედამთილის იმედი მქონდა, რომ შვილებს მიმიხედავდნენ, გამოგიტყდებით - ყველაზე ნაკლებად ქმარი
მეიმედებოდა... და იცით, რატომ? კაცი, რომელიც თავისი მდგომარეობით ქალს (ცოლსა და შვილების დედას!) იძულებულს გახდის უცხოეთში წავიდეს სამუშაოდ, არ არის საიმედო ადამიანი.

ერთი წელი, სანამ ფეხს მოვიკიდებდი, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მაინც შევძელი შეუძლებელი. კარგი შვილები მყავს, ქალ-ვაჟი. რასაც ვშოულობდი, ნახევარზე მეტს შინ ვგზავნიდი. სანამ დედამთილი
ცოცხალი მყავდა, ფული მთლიანად ჩემს შვილებს და ოჯახს ხმარდებოდა. მისი სიკვდილის შემდეგ კი სადავე ჩემმა ქმარმა ჩაიგდო ხელში. გადავწყვიტე, დისთვის გამომეგზავნა და იმას განეკარგა შვილებისთვის განკუთვნილი ფული. აქედან დაიწყო უსიამოვნება. ჩემს "ჯინაზე" (დღემდე ასე აცხადებს!) საყვარელი გაიჩინა და დღედაღამ მასთან იყო. მამის უყურადღებობამ თავისი შედეგი გამოიღო და გოგონა სკოლას რომ ამთავრებდა, მაშინ მომტაცეს.

ძალიან ვინერვიულე, კინაღამ ლოგინად ჩავვარდი, მაგრამ მერე თავს შევუძახე, ისევ მე უნდა მეპატრონა შვილებისთვის. გოგო ვერ გაჩერდა დიდხანს ქმრის ოჯახში და შინ დაბრუნდა. მამამისი სულ მაგას აყვედრიდა, - შენც დედაშენის ასლი ხარ, იმასაც ფეხებზე ჰკიდია ოჯახი და შენც, გათხოვილი უკან როგორ მობრუნდიო. ისე გაამწარა შვილი, კინაღამ თავი მოაკვლევინა - რაღაც წამალი დალია დიდი დოზით და ძმას რომ შემთხვევით არ მიესწრო, ვერ გადარჩებოდა. მე მოგვიანებით შევიტყვე ეს ამბავი.

შვილები ყველანაირად ცდილობდნენ, ჩემთვის ცუდი არ გაეგებინებინათ... ჩემმა ქმარმა შემომითვალა, - ფული მეც გამომიგზავნე, უმუშევარი ვარ, თუ არადა, როცა ჩამოხვალ, ცოცხალს არ გაგაჩერებო. იძულებული ვიყავი, მისთვისაც გამეგზავნა, რომ შვილები არ დაეწიოკებინა. შარშან ნინიკო გამითხოვდა, ღირსეულმა ბიჭმა წაიყვანა. ვაჟიც მესამე კურსზეა უკვე, ფულიც საკმარისი მოვაგროვე, ამიტომაც გადავწყვიტე, საქართველოში დავბრუნებულიყავი.

ჩემმა ქმარმა კი, იცით, რა ქნა? ბინა გაყიდა და შვილს იმდენი მისცა, ერთოთახიანიც ვერ იყიდა. მამა რომ შვილს ბინას წაართმევს, იმას რა შეიძლება ეწოდოს? ამდენი ხნის ნაგროვები თანხა დავუმატე იმ ფულს და ჩემს ვაჟს 3-ოთახიანი ცალკე ვუყიდე, ჩემთვისაც ერთოთახიანი ვიყიდე. მინდა ერთი პატარა კუთხე ქალიშვილსაც ჰქონდეს. საკუთარი თავი მენანება, ამდენი წელი რა ტყუილუბრალოდ დამიკარგავს უღირსი კაცის გვერდით.

ლ.ს., რუსთავი

111
09 აგვისტო 2017 15:58
ასეთი იდიოტი მამა ყავს ჩემს შვილს არასოდეს არ უზრუნია მის კეთილდღეობისთვის, ყველაფერი მე გავუკეთე უნივერსიტეტი ჩაცმა დახურვა ბინა მისთვის და ჩემთვის გათხოვდა და ქმარიც უზარმაცესი შეხვდა მუშაობა ეზარება ბავშვების რჩენა არც აღელვებს იქეთ არის ჩემი სარჩენი მოკლედ ვფიქრობ ნეტა რა დავაშავე , ასეთი კაცები მარტო ჩემს გარშემო როგორ ტრიალებენ მარტო მე ვარ მაგ დღეში?
Mkitxveli
14 ივნისი 2017 18:22
Wlebi sad dakqrge? Uqmrod iyavi mainc:)
14 ივნისი 2017 11:53
90% kartveli kacebi egetebi gaxdnen!!! Marto shen ar xar mag dgeshi dlieri da carmatebuli kali xsr mixede shvilebs da pirad cxovrebas. Ar gicnob magram kvela eseti kali❤️

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები