დიდი სიყვარულის ტრაგიკული დასასრული
დიდი სიყვარულის ტრაგიკული დასასრული
იმ ურთიერთობაზე, მინდა, გიამბოთ, რომელიც სკოლის კედლებში დაიწყო და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა.

ნათია სხვა სკოლიდან გადმოვიდა და თემოს კლასში "აღმოჩნდა". თითქოს ათობით შუქურა ერთად აინთო, ისეთი შეგრძნება დაეუფლა ბიჭს. თვალი ვერ მოწყვიტა ლამაზ კიკინებიან გოგონას... მაშინვე ვერც გააცნობიერა 13 წლის ბიჭმა, მოგვიანებით კი მიხვდა, რომ სწორედ ამას ერქვა ერთი ნახვით შეყვარება. მერე იყო მშვენიერი დღეები,  გაჯერებული გრძნობით, ბედნიერებით და სიურპრიზებით. სკოლაში ყველამ იცოდა, რომ ეს ლამაზი წყვილი აუცილებლად ერთად იქნებოდა.
ასეც მოხდა...

სკოლის დამთავრების შემდეგ ნათია მაშინვე ჩაირიცხა უნივერსიტეტში, თემოს კი ქულა დააკლდა და ჯარშიც მალევე გაიწვიეს. ძალიან ეშინოდა ნათია არ დაეკარგა... განა, გოგოს არ ენდობოდა?! არა! ლამაზი იყო ძალიან და ურიცხვი თაყვანისმცემელი ჰყავდა. სანამ თემო მის გვერდით იყო, ვერავინ ბედავდა, ხმამაღლა გამოეხატა სიმპათიები, ახლა
კი, როცა თემოს შორს დაიგულებდნენ, ვაითუ, ვიღაცებს ესარგებლათ ამ "მოხერხებული დროით" და საოცნებო გოგო მოეტაცათ...

თემოს მამას დიდი სამეგობრო ჰყავდა, ყველგან შეეძლო ნაცნობი გამოეძებნა და შვილისთვის "საქმე ჩაეწყო", მაგრამ ბატონმა კოტემ ეს არ გააკეთა. - დროა, დაღვინდე და სირთულეებს შეეჩვიოო,- უთხრა თემოს და არც მისაღებ გამოცდებზე დაეხმარა, არც ჯარისგან დაიხსნა. წავიდა თემო, წასვლამდე კი უახლოეს მეგობრებს "ჩააბარა" ნათია, - უბატონოდ ხმა არავინ გასცესო. . . ორმა წელმაც გაიარა... ჩამოვიდა თუ არა, მაშინვე უნდოდა ექორწინა ნათიაზე, მაგრამ გოგომ სთხოვა, ჯერ უმაღლესში ჩაებარებინა და მოგვიანებით დაეწერათ ჯვარი. ნათიას სიყვარულმა ბევრი შეაძლებინა თემოს, უნივერსიტეტში ჩააბარა დაუსწრებელზე, მამას კი, სთხოვა სამსახური ეშოვა. ამაზე უარი აღარ უთქვამს ბატონ კოტეს. სამსახურიც უშოვა და დიდებული ქორწილიც გადაუხადა შვილს... თითით საჩვენებელი წყვილი იყო...

როცა თემოს მეგობრები აფხაზეთის ომში წავიდნენ, თემომ ნათიას სთხოვა, წინააღმდეგობა არ გაეწია მისთვის. ნათიამ გაუგო... წავიდა თემო. მისი ორი მეგობარი ომში დაიღუპა, ის კი სამი თვის შემდეგ საშინლად დათრგუნვილი და გულგატეხილი დაბრუნდა. კარგა ხანს ეგონა, რომ დრო გაჩერდა...სულ ის საშინელი დღეები აგონდებოდა, მაგრამ საყვარელმა ქალმა და შვილებმა თავისი გააკეთეს და ცხოვრებაც გაგრძელდა. ათი წელი გავიდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, თუმცა, მთლად კარგიც არ ეთქმის იმ პერიოდს, როცა ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა... ბევრ შეძლებულ ოჯახს გაუჭირდა მაშინ, მათ შორის თემოსა და ნათიასაც, მაგრამ ეს სირთულეც გადააგორეს.

რამ შეიძლება ასეთი დიდი სიყვარულით შექმნილი ოჯახი დაანგრიოს? ღალატმა? სიდუხჭირემ? ხასიათების შეუთავსებლობამ? უფროსების ჩარევამ ან მოშურნეთა მიერ აგორებულმა ჭორებმა? ნათქვამია, არასოდეს თქვა "არასოდეს", ანუ ყველაფერიც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ნათიასა და თემოს ოჯახურ ურთიერთობაში ბზარი არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილს არ გაუჩენია...

მოწმენდილ ცაზე ჭექა-ქუხილი ჰგავდა იმის "აღმოჩენა", რომ თემო ნარკომანი იყო. ამან შოკში ჩააგდო გოგო... ვერაფრით გაეგო ნათიას, რამ აიძულა ორი შვილის მამა, წამალდამოკიდებული გამხდარიყო. როდესაც კითხვებს უსვამდა ქმარს, თემო მიკიბულ-მოკიბულად პასუხობდა. ამ უთავბოლო კითხვა-პასუხებით ნათიამ ასეთი დასკვნა გამოიტანა. თემო ნარკოტიკს აფხაზეთში შეეჩვია. თავდაპირველად არ ემჩნეოდა, მერე და მერე, ვეღარ მალავდა, რადგან "ლომკები" რომ ეწყებოდა, უკვე ვეღარ აცნობიერებდა, რას სჩადიოდა...

ნათია კარგა ხანს მალავდა ახლობლებისგან ამ საშინელებას, მაგრამ რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ძნელი გახდა ბედნიერი ცოლის ნიღბის ტარება. თემოს ფიცი-მტკიცი საპნის ბუშტებივით ქრებოდა, როგორც კი წამალი მოუნდებოდა... ერთმანეთის მიყოლებით გაქრა ოჯახიდან ძვირფასი ნივთები, ნათიას ოქროულობა, ბოლოს, შვილების ტანსაცმელიც კი, რომელსაც ამერიკაში მცხოვრები და უგზავნიდა ხოლმე ძმისშვილებს. ეს უკვე ბოლო წვეთი იყო. ნათია იძულებული იყო, დედამთილ-მამათილისთვის მოეყოლა ის, რა უბედურებაც მათ ოჯახს თავს დაატყდა.

ვერც მამის კატეგორიულობამ, ვერც დედის ცრემლმა ვერ იმოქმედა თემოზე. თავად თემოც ხვდებოდა, რომ წყალწაღებული ადამიანი იყო...ერთხანს დედის და ნათიას თხოვნას დაემორჩილა და სცადა სამკურნალო დაწესებულებაში მისულიყო, კურსი ჩაეტარებინა, მაგრამ ერთ კვირაში გამოქცა იქიდან. ადრე თუ ვერ წარმოედგინა ნათიას გარეშე ცხოვრება, ახლა უკვე სულ ერთი გამხდარიყო, როგორი არჩევანის წინაშე დააყენებდა ნათია...

და როცა ცოლმა საბოლოოდ დაუსვა საკითხი: აირჩიე, ან მე და ბავშვები, ან შენი ნარკომანობაო, - თემომ მხრები აიჩეჩა და მშრალად უთხრა: წამლის გარეშე მოვკვდები, ამიტომ შენ თავად აირჩიე, მკვდარი გინდივარ თუ წამალდამოკიდებული ცოცხალიო..

ნათიას სხვა გზა არ ჰქონდა, მას აღარ შეეძლო ამ მდგომარეობაში მყოფი თემოს ცქერა და წამოვიდა მისგან...

დაინგრა ოჯახი, რომელიც სიყვარულით შეიქმნა, დაიშალა სანაქებო წყვილი, რომლის ურთიერთობაც სკოლის მერხიდან დაიწყო. თემომ ვერც ერთი სამსახური ვერ შეინარჩუნა, არადა, წამლის შეძენისთვის ისევ და ისევ ფული იყო საჭირო... ასე იქცა "ბარიგად". დიდხანს არ გაგრძელებულა მისი "ბიზნესი", მალევე ჩავარდა. დაიჭირეს და 9 წელი მიუსაჯეს.


მკითხველის კომენტარი (2)
მაგ
03 დეკემბერი 2019 11:41
საქართველოში ყოველთვის "ცოლი უნდა დაუდგეს გვერდში" მაგრამ როდესაც იგივე ცოლს ჭირდება ქმრის თანადგომა,მამაკაცების უმეტესობა საყვარლის კალთაში ეძებს გამოსავალს..........
26 ნოემბერი 2019 12:04
აღსარება და ზიარება სჭირდება, ღმერთი ყველაფრის მკურნალია, ცოლი ეხლა უნდა დაუდგეს გვერდში!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები