"მღლიდა, ძალას მაცლიდა ხალხის რეაქცია,შეშინებული მზერა, პირდაპირ რომ გეუბნებოდა - "შენ სხვანაირი ხარ, ვიდრე ჩვენ..."
"მღლიდა, ძალას მაცლიდა ხალხის რეაქცია,შეშინებული მზერა, პირდაპირ რომ გეუბნებოდა - "შენ სხვანაირი ხარ, ვიდრე ჩვენ..."
"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა თეა კუპრაშვილის ბლოგი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

თეა კუპრაშვილი, თბილისი

"მე მქვია თეა და უკვე 3 წელიწადია არანებაყოფლობით ვცხოვრობ ჩემს თანამგზავრთან ერთად, მას ალოპეცია ჰქვია. მართალი რომ გითხრათ უკვე შემიყვარდა კიდეც, მაგრამ ყველაფერი გაცილებით რთულად დაიწყო.

თავიდან სიზმარში მეგონა თავი, როდესაც ერთ დილით თვალი გავახილე და წარბი ვეღარ დავინახე სახეზე. გამალებით ვხუჭავდი თვალებს იმის იმედით, რომ გავახელდი
და წარბი ისევ დამხვდებოდა, მაგრამ ამაოდ. მალე წარბს წამწამი მიყვა და ბოლოს თმები... ყოველი აბაზანის მიღება ტანჯვად იქცა, მეშინოდა თმების დავარცხნაც, აღარ ვიკრავდი, შევიმოკლე. მთელი არსებით შევიგრძენი იმ გამოთქმის შინაარსი, რასაც ცივ ნიავს არ ვაკარებ" ჰქვია.
ყოველ თმის ღერს ვეფერებოდი და ვთხოვდი არ ჩამოვარდნილიყო, მაგრამ ვერ შემისრულეს და ზუსტად 3 თვეში სრულიად ცარიელი ვიყავი ამ
სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით - ცარიელი თმებისგან, ემოციებისგან და ცრემლებისგან.

შემდეგ დაიწყო ეტაპი, რაც ზუსტად იმას გავდა წყალში ხავსს რომ ებღაუჭებიან: გაუთავებელი გამოკვლევები, ცდები, უიმედობა და კითხვა - რატომ მე? პასუხი არსაიდან ჩანდა და დიაგნოზიც შესაბამისი დაისვა - მე და ჩემი მეგზური სამუდამოდ ერთად ვრჩებოდით. ასე დავემშვიდობე ჩემს თმებს, გადავყარე ყველა ნივთი, რაც თმას გამახსენებდა და გამოვაცხადე ბრძოლა ყველას მიმართ, პირველ რიგში ჩემი თავის წინაშე. დავდე პირობა, რომ არ დავმარცხდებოდი და არ მივცემდი ჩემზე გამარჯვების უფლებას.

ადაპტაციის პერიოდი რთული აღმოჩნდა - ჩავიკეტე, ტაბუ დავადე ყველა და ყველაფერს, არ ვიღებდი არავის და არანაირ რჩევებს. მაღიზიანებდა ყველა შეცოდებით წარმოთქმული ფრაზა და მაღიზიანებდა მთელი სამყარო.
ასეთ დროს, როცა თავზე გემხობა მთელი განვლილი ცხოვრება, ძნელია იმ შუალედის პოვნა და სამყაროსთან დამეგობრება.

მღლიდა და ბოლო ძალას მაცლიდა ხალხის რეაქცია, შეცოდება და ის შეშინებული მზერა, პირდაპირ რომ გეუბნებოდა - "შენ სხვანაირი ხარ, ვიდრე ჩვენ..." აღარ მინდოდა ამ როლში ყოფნა, არ მინდოდა არც შეცოდება, არც ნუგეში. უბრალოდ, ერთადერთი რაც მინდოდა, მომღიმარი სახეები იყო და გადავწყვიტე მე მეთამაშა ეს თამაში და ყველა ამ დაბნეული ხალხისთვის ისევ მე გამეღიმა და მე ეს შევძელი!

მე გავიღიმე და გავიხსენი. მე მოვიგე ჩემი ომი სულ მარტომ. ერთადერთი ადამიანი მასულდგმულებდა ამ ბრძოლაში, ჩემი ნიკუშა. მადლობა მას, რომ ყველანაირს მიტანდა და ყველანაირი ვუყვარვარ. პირველი მისი მანუგეშებელი სიტყვები გახდა ჩემი ბრძოლის ლოზუნგი - " დე, არ იტირო, მერე რა, ეს ხომ მარტო თმებია". მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი ამ სიტყვების ჭეშმარიტებას, ახლა კი მეც ასე ვფიქრობ და თმის სურნელი რომ მენატრება, ნიკუშას თმებს ვყნოსავ.

მე ალოპეცია მაქვს და მე ის მიყვარს!"



manana
16 დეკემბერი 2019 12:45
თეა, ალბათ გაგებული გექნება რუსული გამოთქმა, ბავშვის პირიდან ჭეშმარიტება იფრქვევაო, ეს ხომ მართლაც მხოლოდ თმაა. სანუგეშებლად არ ვამბობ, სარკეში რომ იყურებით ალბათ თვითონაც ხვდებით, რომ სიმპატიური ქალი გიცქერთ.. მთავარია ჯანმრთელობა! თქვენი, თქვენი ნიკუშAსი და ყველასი! მე ისედაც წარმბაგცვენილი ვარ დაბადებიდან, რაც გაპრანჭვა დავიწყე, მას მერე ვიხატავ :-))))) აქ კი მთავარი თქვენი შვილის მიდგომა იყო.. აი ამაზე ძვირფასი ალბათ არაფერია, ასეთი რომ გყავთ!
ნიკა
11 დეკემბერი 2019 20:42
ძალიან ლამაზი ხარ და არ მიაქციო ყურადღება სხვების ნათქვამს,იცხოვრე და აბედნიერე სხვებიც შენი ცხოვრებით
კახა
10 დეკემბერი 2019 13:45
კოხტა გოგონა ხარ და უზომოდ სასიამოვნო.
ღმერთმა სიკეთე და სიხარული არ მოგაკლოს.
წარმატებები და ბედნიერება მისურვებია

რუბრიკის სხვა სიახლეები