"პატარა ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები განქორწინდნენ. დედა ავად იყო და გარდაიცვალა. ისე გავიზარდე, მამას ერთხელაც არ ვუნახივარ" - კვირის პალიტრა

"პატარა ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები განქორწინდნენ. დედა ავად იყო და გარდაიცვალა. ისე გავიზარდე, მამას ერთხელაც არ ვუნახივარ"

საოცარ მწვადს წვავს წალამზე, აკეთებს ზღაპრულ საცივსა და ჩაქაფულს, აგრეთვე, გოზინაყს, თუშურ დათხურს და გურულ ღვეზელს. უდედმამოდ გაიზარდა, გახდა სამართალმცოდნეობის, ფილოლოგიისა და თეატრმცოდნეობის მაგისტრი, თსუ-ის დოქტორანტი.

ჰყავს მეუღლე და 11 წლის შვილი, რომელიც უკვე შეხვდა მადლენ ოლბრაიტს, იყო ბრიტანეთის თემთა პალატის სხდომაზე, იცის 5 ენა, სწავლობს რობოტექნიკას, ჯირითობს, ცურავს, ციგურებსა და თხილამურებზე დგას, ცეკვავს ბალეტს და მღერის ჯაზს... და ეს კიდევ არ არის ყველაფერი, რაც ხათუნა ლაგაზიძის შესახებ შეიძლება ითქვას.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"პატარა ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები განქორწინდნენ. დედა ავად იყო და გარდაიცვალა. ბებიამ და დეიდებმა გამზარდეს. მამას სხვა ოჯახი არ შეუქმნია, მაგრამ ისე გავიზარდე, ერთხელაც არ ვუნახავვარ. არ ვიცი, ასე რატომ მოიქცა. 1991 წლიდან ინტენსიურად მიწევდა ტელევიზიით გამოსვლა, როგორც უშიშროების საბჭოს წარმომადგენელს. სულ მქონდა იმედი, მოლოდინი, რომ მამა მნახავდა, შემეხმიანებოდა... 31 წლის ვიყავი, როდესაც თავად გადავწყვიტე მისი მოძიება და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო. მისი საფლავი 3 წლის წინ ვნახე. ძალიან მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ მიცვალებულსაც კი ვერ ვაპატიე..."

"16 წლამდე არც კი ვიცოდი, ცოცხალი რომ იყო. მამის ნამდვილი სახელი და გვარი მაშინ გავიგე, როდესაც სრულწლოვანი გავხდი და ბავშვთა პოლიკლინიკიდან საბუთების წამოღება დავაპირე..."

"ჩემი ბებია ძალიან დარდობდა იმის გამო, რომ წიგნებიდან თავს არ ვიღებდი. განათლების მიღება სიამოვნებას მანიჭებდა, თუმცა ისიც მინდოდა, სკოლაში ყველაზე მაგარი ვყოფილიყავი. შესაბამისად, განათლების მიღებაში შინაურების წაშველება არ მჭირდებოდა. ჩემი მოწაფეობა ოთხმოციან წლებს დაემთხვა. დეიდები ყველაფერს აკეთებდნენ, სრულფასოვანი განათლება რომ მიმეღო და სიცივე და შიმშილი არ მეგრძნო..."

"ნაციონალებისთვის" მიუღებელი და აკრძალული ვიყავი. ძალიან რთული პერიოდი, შეიძლება ითქვას ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა ჩემმა ოჯახმა "ნაციონალური" მთავრობის პერიოდში. ჩემი ოჯახისთვის გაუსაძლისი პერიოდი 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ურეკში ჩვენს საოჯახო სასტუმროს დაადგა თვალი..."

"ერთ-ერთმა ყველაზე ჭკვიანმა ქალმა, ლელა თავართქილაძემ, რომელიც ოზურგეთში ცხოვრობს, მითხრა, ჩამოდი ჩემთან, გემრიელ რამეებსაც გაჭმევ და ზღვაზეც გაგასეირნებო. წავედით მანქანით ოზურგეთიდან ფოთისკენ, მაშინ სამანქანო გზა ფაქტობრივად არ არსებობდა, სოფლის ორღობის მსგავსი გზა იყო. დაგვიღამდა გზაში. ლელამ შემომთავაზა, ფოთში ჩასვლამდე ურეკში, ჩემი მეგობრის სასტუმროში შევიაროთო. შევედით და... ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, მისი მხრიდან. გზაში ჩემმა მეგობარმა კი მითხრა, მგონი ამირანს მოეწონეო, მაგრამ მე ეს ვერც დავუშვი, წარმოუდგენლად მომეჩვენა, მას ხომ ჩემზე ხუთი წლით უმცროსი შვილი ჰყავდა?!."

ხათუნა ლაგაზიძის ძალიან საინტერესო ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 19 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ბახტურიძე