"ვინ იცის, ახლა ჩემი შვილი ვის ეძახის "დედას"
13-12-2010
"ვინ იცის, ახლა ჩემი შვილი ვის ეძახის "დედას"
ყოველგვარი ცოდვა დასაძრახია, მაგრამ შვილზე უარის თქმა, საკუთარი პირმშოს გასხვისება უმძიმესი და გამოუსწორებელი ცოდვაა.
ზოგს, პირობითად დედა რომ ჰქვია, თავს დატეხილი პრობლემების უცებ "მოგვარება" სურს... ასეთი "დედები" ქუჩაში, საზოგადოებრივ ტუალეტებში თუ სანაგვეზე აგდებენ ჩვილებს. ზოგი ქალი აღარ უბრუნდება წარსულს და აღარც იმ საშინელ წუთებს იხსენებს, როცა "ზედმეტი ტვირთი" უგულოდ მოიშორა, მაგრამ ზოგიერთს სინანული ტანჯავს და მძიმე ცოდვა არ ასვენებს.

მოულოდნელი იყო ამ უცნაური და მეტისმეტად გულახდილი ქალის სტუმრობა. დაჯდა და
ხმის კანკალით გამიმხილა ცოდვა, რომელიც დიდი ხანია სულს უმძიმებს და სიცოცხლეს უწამლავს. იგი მზადაა, ვინაობაც განაცხადოს, მაგრამ თავშეკავებას ვურჩევ. თექვსმეტი წელი გავიდა იმ საბედისწერო დღიდან... ძნელია მშვიდად უსმინო ქალს, რომელმაც ჯერ შვილის მოკვლა სცადა, მერე კი უკანმოუხედავად დატოვა სამშობიაროში.

ნ.დ. - მკაცრი მამა მყავდა. ორ
უფროს ძმას ყველაფრის უფლებას აძლევდა, მე ძალიან მზღუდავდა, დედაც შეკლული ჰყავდა ხელში. ჩემს ძმებს ეუბნებოდა ხოლმე, - ორი ქალი გვყავს ოჯახში და ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, ქალს ნებისმიერ დროს შეუძლია თავს ლაფი დაგვასხასო. დღემდე არ ვიცი, რატომ იყო ასეთი აგრესიული. ასეთი მამა-ძმების პატრონს საშინელი კომპლექსი მქონდა.

გარეგნობით ცუდი გოგო არ ვიყავი, სიმღერის ნიჭიც მქონდა და ცეკვისაც, მაგრამ 12 წლიდან ორივესთვის თავი დამანებებინა, - სკოლაც საკმარისია შენთვისო. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ყოველთვის რეკავდა და მამოწმებდა, შინ ვიყავი თუ არა. მეგობრებიც ერიდებოდნენ ჩემს დაპატიჟებას კინოში ან დაბადების დღეებზე. ვეცოდებოდი და ხანდახან აქეთ მაკითხავდნენ, თუმცა მხოლოდ ცოტა ხნით - "მონსტრის" (ასე ვეძახდი მამაჩემს ჩუმად) შინ დაბრუნებამდე...

როცა სტუდენტი გავხდი, გამომიცხადა: არ გამაგონო აქეთ-იქით წოწიალი, ლექციების მერე პირდაპირ შინ წამოხვალ. როცა გათხოვდები, ქმართან ერთად, სადაც გინდა, იქ წადიო... გეფიცებით, ვოცნებობდი მალე გათხოვებაზე, რომ მამას და ძმებს მოვშორებოდი, მაგრამ ოჯახის შექმნა უსიყვარულოდ არ მინდოდა. და მალე გიგი ისე შემიყვარდა, თავი დავკარგე. როგორც კი მამაკაცისგან სითბო ვიგრძენი, ყველა და ყველაფერი დამავიწყდა. ასე მეგონა, მთელ სამყაროში მხოლოდ ის ერთი - თბილი, ერთგული და მოსიყვარულე არსებობდა. ახლაც მიჭირს იმის თქმა, რომ მას არ ვუყვარდი, მაგრამ რომ ვყვარებოდი, ალბათ არც შემაქცევდა ზურგს.

როცა ვუთხარი, ორსულად ვარ-მეთქი, დაიბნა და მერე ძლივს ამოილუღლუღა, - იქნებ სჯობდა ჯერ მოგვეცადაო. ამაზე ისეთი ისტერიკა დამემართა, სულ ბოდიში მიხადა. ბოლოს მთხოვა, - ცოტა ხანს მადროვე, რამეს მოვიფიქრებო. აღარ დასცალდა "რამის" მოფიქრება. ამ ამბიდან თვე-ნახევრის შემდეგ გიგი და მისი მეგობრები ტაბახმელის გზაზე ავტოავარიაში დაიღუპნენ.

დავრჩი ასე, ჰაერში გამოკიდებული სამი თვის ორსული. გიგის მშობლები ისეთ დღეში იყვნენ, არც მიფიქრია, მივსულიყავი მათთან და მეთქვა: - თქვენი შვილისგან ბავშვს ველოდები-მეთქი. 

მალე მუცელიც წამომეზარდა. ჯერ ჩემს უახლოეს მეგობარს გავენდე, მერე დედას.
დედაჩემი ისეთ დღეში ჩავარდა, საკუთარი თავი შემეზიზღა. მიუხედავად ამისა, აბორტის გაკეთებაზე მაინც უარი ვთქვი.

დედას უნდოდა სპექტაკლი გაეთამაშებინა - ვითომ უმაღლესი სასწავლებლიდან ერთი წლით რუსეთში მიშვებდნენ გაცვლითი პროგრამით. ვიცოდი, ეს სცენარი "ჩავარდებოდა". ასეც მოხდა. მამაჩემმა - გასათხოვარ გოგოს უცხო მხარეს როგორ გავუშვებ, როცა თბილისში არ ვრთავ აქეთ-იქით სიარულის ნებასო. ძმებმაც კვერი დაუკრეს... ახლაც მიჭირს იმ დღის გახსენება, როცა ჩემი "ავხორცობის" შედეგი გამოაშკარავდა. მამაჩემმა დედა სცემა, მე კი წიხლებით შემდგა.

ისე გამხეცდა, რომ ძმებმაც კი შემიცოდეს, ძლივს გააჩერეს და გაიყვანეს ოთახიდან. მეორე დღეს საწყალმა დედამ ქვითინით მითხრა, მამაშენს თუ ამ საღამოს შინ დავხვდით, დაგვხოცავსო. შემეცოდა დედა, ისედაც პატარა ქალი, კიდევ უფრო დაპატარავებულიყო და კანკალებდა. ბიძამ (დედის ძმამ) შეგვიფარა, მაგრამ ძალიან ვიწროდ ცხოვრობდნენ და იქ დიდხანს ყოფნას ვერ შევძლებდით. მშობიარობის წინადღეებში მამაჩემმა შემოგვითვალა: მაგ ნაბიჭვრის გარეშე თუ მოხვალთ, მიგიღებთ, თუ არა, ჩვენი სახლის კარი სამუდამოდ დაკეტილია თქვენთვისო...

მშობიარობა ურთულესი მქონდა, ბავშვს  ჭიპლარი ჰქონდა შემოხვეული. დაიჯერებთ? ექიმები გარს ეხვივნენ პატარას, რომ გადაერჩინათ, მე კი, მისი მშობელი, ვნატრობდი, - ნეტავ, მოკვდეს-მეთქი. მისი სუსტი ამოჩხავლება ზარივით ჩამესმა. მომილოცეს, - გადაგირჩა გოგოო. მესამე დღეს პალატაში ექიმი შემოვიდა და მითხრა, - ბავშვი ვერ არის კარგად, მაგრამ ნუ გეშინია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აქედან საღ-სალამათი გაგატანოთო. ღმერთს ვევედრებოდი, რომ შვილის ჯანმრთელობა დამძიმებულიყო და გასცლოდა ამ ცოდვილ ქვეყანას, მაგრამ...

რძე არა და არ მომივიდა და სხვა ქალის რძე მიმქონდა პედიატრიულში, სადაც ჩემი შვილი (მას დედის სახელი, მარიამი დავარქვი) იწვა... და მესამედ, ღამით, როცა მორიგე ექიმს თვალი ვერ მოვკარი, ექთანს კი იქვე, საწოლზე მიწოლილს ეძინა, საზარელმა აზრმა გამიელვა თავში - სახეზე ხელს დავაფარებ და გავგუდავ, ვინ რას გაიგებს-მეთქი? ახლაც მახსოვს მისი პაწაწინა, გრილი ცხვირი და თბილი, ვარდისფერი ლოყები... არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი იქ - 5, 10 თუ 15 წუთი.

დერეფნიდან ხმაური როგორც კი შემომესმა, ერთი კი დავხედე პატარას და უაზროდ გამოვედი პედიატრიული განყოფილებიდან... ცოტა ხანში ჩემს პალატაში სანიტარი შემოვიდა, დანარჩენ ორს რაღაც გადაულაპარაკა, ისინი თანაგრძნობით მომაჩერდნენ. ვერ ავიტანე მათი მზერა და ზურგი შევაქციე ყველას. მთელი ღამე თავს ვიწყნარებდი, ალბათ მალე შემოვლენ და ბავშვის სიკვდილს შემატყობინებენ-მეთქი. როგორც იქნა, ირიჟრაჟა და მაშინღა ჩამეძინა. ექთანმა გამაღვიძა.

მეუცხოვა მისი მხიარული სახე, გაოცებული მივჩერებოდი, მან კი მოსამძიმრების ნაცვლად მითხრა: კიდევ ერთხელ გილოცავ, შენი გოგო წუხელაც ძალიან მძიმედ იყო, მაგრამ ისევ გამოძვრა კრიზისიდან და ცოტა ხანში პალატაში მოგიყვანთო. აქ კი ვეღარ შევძელი თავის შეკავება და ისტერიულად ვიკივლე, - არ გამაგონოთ მისი ხმა, არც დამანახოთ, თორემ ფანჯრიდან ვისვრი. მთელი ჩემი უბედურება მას უკავშირდება და ამიტომაც უარს ვაცხადებ შვილზე-მეთქი. ყველა გაოგნებული მომჩერებოდა... მერე ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი:

მგონი, დედამ დაწერა განცხადება, რომ ბავშვზე პრეტენზია არასოდეს გვექნებოდა და მე ხელი მომაწერინეს, მერე უფროსი ძმა დაგვხვდა გარეთ და მანქანით მიგვიყვანა შინ. მამა ძალიან დიდხანს არ გველაპარაკებოდა, თუმცა ეს სულაც არ მადარდებდა.

ვიწექი ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში და ვფიქრობდი - არაფერზე. ორი თვის მერე, მხოლოდ ერთხელ გამიელვა აზრმა, მივსულიყავი გიგის გაუბედურებულ მშობლებთან და მეთქვა, რომ მათი შვილიშვილი ცოცხალი იყო და რამენაირად მოეძებნათ, მაგრამ წუთიერი იყო ეს სურვილი.

არც ფიზიკურად, არც სულიერად მზად არ ვიყავი იმისთვის, რომ შვილისთვის მებრძოლა, ან სიმართლე გამომეაშკარავებინა და ბებია-ბაბუა მაინც არ დამეკარგა ჩემგან მიტოვებული პატარა გოგოსთვის...

იმ დღიდან თექვსმეტი წელია გასული. ვინც იცის, ახლა ვისთან იზრდება ჩემი შვილი, ვის ეძახის "დედას" ან "მამას". ნეტავ, ბედნიერია? იქნებ, რა აწუხებს, მე კი არაფერი ვიცი მასზე.

ცოდვამ, რომელიც მამაჩემის სიმკაცრის გამო ჩავიდინე, მე და ჩემი ოჯახის წევრებს გვიწია. ჩემი უმცროსი ძმა ჩხუბში მოკლეს, მამაჩემმა ეს ვერ გადაიტანა და გული გაუსკდა. დედა შარშან გარდამეცვალა. ხუთ წელზე მეტხანს იყო ჩავარდნილი და ვუვლიდი. უფროსი ძმა ცალკე ცხოვრობს, მეც მარტო ვარ. მე რომ მამისგან ასეთ დიდ ფსიქოლოგიურ წნეხში არ აღმოვჩენილიყავი, ახლა ერთად ვიქნებოდით მე და ჩემი მარიამი...

დრო გადის, წლები მემატება, პაწიას ლოყების სითბო კი ახლაც შემორჩენილი აქვს ჩემს ხელს და მოსვენებას არ მაძლევს. მზად ვარ, ყველაზე საშინელი სასჯელი მივიღო, ოღონდ კი ერთი წუთით დავინახო ჩემი შვილი. მთელ დედამიწაზე არავის ვუსურვებ ისეთი ტანჯვით ცხოვრებას, როგორითაც მე ვარსებობ (აბა, ცხოვრებას ვერ დავარქმევ ჩემს ყოფას). თუკი ჩემი აღსარება ვინმეს შესძრავს, თუკი ვინმეს მაინც ეცნო ეს ამბავი, ვთხოვ, შემეხმიანოს.

ვიცი, თანაგრძნობას არ ვიმსახურებ, მაგრამ შვილის ნახვის სურვილი იმდენად დიდია, ვკადნიერდები და დახმარებას თქვენგან ველი...
სოფო
10 დეკემბერი 2019 17:50
ლამის გული გამიჩერდა რომ ვკითხულობდი... ახლაც ძლივს ვიკავებ ცრემლებს რომ წარმოვიდგინე როგორ შეიძლებოდა გაეგუდა პატარა ანგელოზი :'( ღმერთო დაიფარეთ ყველა :( თქვენ კი ქალბატონო აუცილებლად უნდა მოძებნოთ თქვენი პატარა და ბებია და ბაბუას გააცნოთ. იქნებ სულაც არ აქვს დალხენილი ცხოვრება და რა იცით რა უჭირს :'( თქვენ კი მოგიტევოთ თუ არა თავად გადაწყვიტავს... :(
Eeeeellll
19 აპრილი 2019 19:55
Chven ver ganvsjit veravis da roca adamiani daxmarebas gvtxovs,ar gvaqvs upleba misi sheuracyopis. Me chems azrs davapiqsireb. Iqneb arc exla iyos gvian,gaumxilet es saidumlo bavshvis bebias da babuas(ra tqma unda tu cocxlebi arian),an sxva mat axloblebs da ertiani dzalit shedzlebt gogonas modzebnas.xom sheidzleba bavshvi arc tu iset saxarbielo pirobebshi gaizarda da gaaxarebs biologiuri dedis naxva. An bolosdabolos kidev uaresi codva ar datrialdes da gogonam shemtxvevit sisxlit natesavtan ar sheqmnas ojaxi. Upali gparavdet.
марине
17 აპრილი 2019 13:12
шени ожахис ситуациидан гамомдинаре тави дамнашавед ар игрзно уфали дидиа да шегецева гисурвеб гамзлеобас да шени сурвилис асрулебас

რედაქტორის რჩევით
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები