"ჩავითქვი გულში, ეს ბავშვი ადამიანად უნდა ვაქციო-მეთქი.. ბევრს უთქვამს, მას უფრო მეტ ყურადღებას აქცევ, ვიდრე შვილებსო" - კვირის პალიტრა

"ჩავითქვი გულში, ეს ბავშვი ადამიანად უნდა ვაქციო-მეთქი.. ბევრს უთქვამს, მას უფრო მეტ ყურადღებას აქცევ, ვიდრე შვილებსო"

პარაფეხბურთელი რუსლან ჩილაშვილი 23 წლისაა და უკვე არაერთი განსაცდელი გამოიარა. იყო პერიოდი, როდესაც ქუჩაში ცხოვრობდა, მერე ვიღაცის გაუფრთხილებლობამ უარესობისკენ შეცვალა მისი ბავშვობა, მერე ბავშვთა კრიზისულ ცენტრში ცხოვრობდა. მერე კი...

რუსლან ჩილაშვილი: "8 წელია, ჩემს დედობილთან ვცხოვრობ, რომელმაც შვილივით გამზარდა. მამა გარდაცვლილი მყავს, დედას სხვა ოჯახი აქვს. ისე მოხდა, რომ ჩვენი გზები გაიყო, თუმცა დედას ხშირად ვნახულობ. რამდენიმე წელი ბავშვთა კრიზისულ ცენტრში ვცხოვრობდი, გლდანში".

ბუნებრივია, რუსლანის დედობილთან შეხვედრისა და საუბრის სურვილი გამიჩნდა. დავინტერესდი, ვინ იყო ქალბატონი, რომელმაც ერთი გზააბნეული ბავშვის ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა.

ნანი ჩილაშვილი:

- ახალციხიდან ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდე, მეუღლეც ჩემივე სოფლიდანაა. მყავს მეუღლე და 2 ბიჭი, ერთი რუსლანზე უფროსია, მეორე - უმცროსი. დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. 25 წელი ჩემს სოფელში, მუსიკალურ სკოლაში ვასწავლიდი. მერე ჩემი ქმარი თბილისში წამოვიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ, შვილებიც სტუდენტები გახდნენ და მეც წამოვედი. ჩემი და მუშაობდა კრიზისულ ცენტრში, ქერჩის ქუჩაზე და მეც იქ მიმიღეს აღმზრდელად.

რუსლანი რომ მოიყვანეს, 14 წლის იყო. ძალიან შეგვეცოდა ბავშვი, "კასტილით" რომ დავინახეთ, მაგრამ მალე ყველა გაგვაგიჟა, ისეთი ცელქი, მოუსვენარი იყო. მაუგლივით ხეებზე დაძვრებოდა. მე და რუსლანი ყოველდღე ვჩხუბობდით, ძაღლი და კატასავით ვიყავით. მოკლედ, ყველას თავი მოაბეზრა. ჩავითქვი გულში, ეს ბავშვი ადამიანად უნდა ვაქციო-მეთქი. რამდენჯერმე სახლში წავიყვანე. მერე თვითონაც მთხოვდა, შინ წამეყვანა. ერთხელ მკითხა, მომნათლავო? - კი-მეთქი. იმავე კვირაში ჩემს მამაოსთან მივედით და მოვნათლე. ერთხელაც მესმის, მეძახის: ნანა დე. ვიფიქრე, მომესმა. კიდევ რომ გაიმეორა, ჰო, დე-მეთქი, - ვუპასუხე. საღამოს თქვენთან, სახლში წამოვალო... ერთ დღესაც მივედი და რას ვხედავ, თავისი ტანსაცმელები ჩანთაში ჩაულაგებია და მეუბნება, საღამოს შენთან საცხოვრებლად მოვდივარო. დირექტორს ვთხოვე, ერთი საათით სახლში გავეშვი, ოჯახის წევრებისთვის აზრი ხომ უნდა მეკითხა. ჩემი შვილი და რძალი ისრაელში ცხოვრობენ, მაშინ ჩამოსულები იყვნენ ჩემთან. ყველას ვუთხარი, რომ საღამოს რუსლანი მომყავდა, მაგრამ იფიქრეს, მხოლოდ რამდენიმე დღით. ერთი თვე რომ გავიდა, უფროსმა შვილმა მკითხა, - როდემდე უნდა იყოს ჩვენთანო? არსად წასასვლელი არა აქვს და სადამდეც საჭირო იქნება-მეთქი. მეორე დღეს მითხრა, - აირჩიე ან რუსლანი, ან ოჯახიო. მეგონა, კარგად გიცნობდი და თურმე არ მცნობიხარ-მეთქი, - ვუპასუხე შვილს. იმ დღეებში ბელორუსიაში მიფრინავდნენ. მეუღლე მსაყვედურობდა, შვილი და რძალი დამაკარგვინეო. ეტყობა, ეს რუსლანმაც გაიგო და დილით მითხრა, ცენტრში წავალ, იქაურობა მომენატრაო. მივხვდი, რაშიც იყო საქმე, ავდექი და მეც დავიწყე ტანსაცმლის ჩალაგება. ქმარს ვუთხარი, რომ ქირით გადავდიოდით საცხოვრებლად. რა თქმა უნდა, მან ამის უფლება არ მოგვცა, რუსლანი ჩვენთან დარჩა. 2-3 წელი ნათესავებიც არ მოდიოდნენ ჩვენთან, არ მიწონებდნენ გადაწყვეტილებას, მაგრამ ახლა იცით, როგორ უყვართ? თვითონ არის ძალიან თბილი. აქ რომ ვინმე ჩემიანი მოვა, ყველას ზედ ჰყვება. ბევრს რუსლანიც ჩემი შვილი ჰგონია. მეც რომ ხელი მეკრა, რა ბედი ეწეოდა? კრიზისულ ცენტრში მაშინ 45 ბავშვი იყო, მხოლოდ 2 გადაურჩა ციხეს. შენ რომ არ ყოფილიყავი, მეც ეს ბედი მექნებოდაო, - მეუბნება ხოლმე.

- მითხარით, ახლა ძმებივით არიან ერთმანეთისთვისო.

- დრო სჭირდებოდა და ვიცოდი, გამიგებდა. შვილი რომ შეეძინა, დარეკა, - დედა თუ სახლშია, დამალაპარაკეთო. მივულოცე და დავულოცე შვილი. მთხოვა, ბრუსლი (ასე ეძახდა რუსლანს) თუ სახლშია, დამალაპარაკეო. გულიანად მოიკითხა, ძალიან მოგვენატრე, მალე ჩამოვალ და გნახავ, აი, შენი ძმისშვილი როგორია, ჯერ შორიდან გაიცანიო. მართლაც, ახალი წლისთვის ჩამოვიდნენ და ერთი წელი აქ იყვნენ. ბიჭებს ისე უყვართ ერთმანეთი, ვერ წარმოიდგენთ, როგორც ძმები, ისე არიან. ორივე ისრაელში წაიყვანა დასასვენებლად, ერთი თვით. ძალიან მინდა, ყველას თავ-თავისი კუთხე ჰქონდეს და იმედი მაქვს, მოვახერხებთ.

- მადლიანი საქმე გაგიკეთებიათ.

- ბევრს უთქვამს, შენ რუსლანს უფრო მეტ ყურადღებას აქცევ, ვიდრე შვილებსო. რა ვქნა, მას უფრო სჭირდება სითბო და სიყვარული. ალბათ ამიტომაც, ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ მისთვის ვართ ყველაფერი - დედაც და მამაც. მისი ეს სიტყვები ძალიან მახარებს და ნამდვილად ვერსად გავუშვებ, ისე მიყვარს. იხილეთ სრულად

ნინო ჯავახიშვილი