დედის მაჭანკალი
დედის მაჭანკალი
რედაქციაში წერილი მოვიდა, გვთხოვდნენ ერთი ისტორიის გამოქვეყნებას:

"დედისერთა ვარ, მამა არ მახსოვს და არც ვიცი, ვინ არის. დედა მეუბნებოდა ხოლმე, - ის მფრინავი იყო, თვითმფრინავი აუფეთქდა და დაიღუპაო. თქვენც ხვდებით, რომ მოგონილი ამბავია, მაგრამ არასოდეს ჩავძიებივარ, რომ სიმართლე დამედგინა.

ასე გამზარდა მარტომ, წვალებ-წვალებით, მაგრამ უმამობა არასოდეს მიგრძნია.

3 წლის წინ გავიცანი ამირანი. ერთმანეთი შეგვიყვარდა. დედაჩემმაც იცოდა და მისმა მშობლებმაც, რომ ერთმანეთს ვხვდებოდით. სტუმრადაც მივდიოდი მასთან და მის ოჯახში სარძლოს მეძახდნენ.
ერთხელ სამამამთილოს დაბადების დღეზე გახლდით მიპატიჟებული. დედა არ წამოვიდა და შინ დარჩა. სუფრასთან საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი. ერთი კაცი ისე დაჟინებით მიყურებდა, რომ ძალზე უხერხულად ვიგრძენი თავი. ცოტა ხნის შემდეგ გვერდით მომიჯდა და მკითხა: დედაშენს ნატო ხომ არ ჰქვიაო? - კი-მეთქი, - დავუქნიე თავი.
შუბლზე მაკოცა: ასეც მივხვდი, მისი ზუსტი ასლი ხარო, მითხრა. შემდეგ მიამბო, რომ თურმე ახალგაზრდობაში დედაჩემი ჰყვარებია, დედაც არ ყოფილა მისდამი გულგრილი და ერთად ცხოვრებასაც გეგმავდნენ, რომ ერთ დღეს ვიღაცას დედა მოუტაცებია და მათი სიყვარული დაუნგრევია. ბოლოს იმ კაცმა მითხრა: - თვალებში რომ შემოგხედე, გავშეშდი, მეგონა, ნატო მიყურებდაო.


იმ საღამოს, შინ დაბრუნებულ დედას ლოგინში ჩავუწექი და ვთხოვე, ახალგაზრდობის ამბები მოეყოლა. დაწვრილებით მომიყვა მისი და სოსოს (წვეულებაზე გაცნობილი კაცის) ამბავს. მამაჩემს მოუტაცებია, ერთად სულ 2 თვე უცხოვრიათ, შემდეგ დედაჩემი სოფელში, მშობლებთან გაქცეულა. როდესაც შეიტყო, რომ ფეხმძიმედ იყო, ურჩევდნენ, თავიდან მოვეშორებინე, მაგრამ იქიდანაც გამოქცეულა და ისევ თბილისში დაბრუნებულა. გამაჩინა და ასე, წვალებით გამზარდა. გული მომიკვდა, როცა მითხრა - სოსო რომ დავკარგე, მეგონა, ცხოვრება დამთავრდა, მაგრამ შენ რომ გაჩნდი, ყველაფერი ხელახლა დავიწყეო.

გადავწყვიტე, სოსო მომეძებნა და გამეგო, ცოლი ჰყავდა თუ არა. აღმოჩნდა, რომ თვითონაც უკითხავს ჩვენი ტელეფონის ნომერი, მაგრამ მე დავასწარი - დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. ბევრი ვილაპარაკეთ. აღმოჩნდა, რომ ცოლი მოუყვანია, მაგრამ 10 წლის წინ ის ქალი გარდაცვლილა და შვილიც არ დარჩენია. მოვილაპარაკეთ, რომ დედას სიურპრიზს მოვუწყობდით.

ერთ თვეში ნატოს დაბადების დღე მოდიოდა. სოსოს ეჩქარებოდა მისი ნახვა, მაგრამ ვაიძულე, მოეთმინა. დაბადების დღის სუფრა რესტორანში შევუკვეთეთ. სოსომ ფულიც მომცა ახალი ტანისამოსის შესაძენად. დედაჩემი ისე გამოვაწყვე, რომ ლამის ქალღმერთს დავამსგავსე. - საიდან მოიტანე რესტორნის ან ტანისამოსის ფულიო? - რომ მეკითხებოდა, ამირანს (შეყვარებულს) “ვაბრალებდი” (ისიც საქმის კურსში იყო და გვგულშემატკივრობდა). რესტორანში სულ 20 ადამიანი გვყავდა დაპატიჟებული. მათ შორის - დედაჩემის ახალგაზრდობის მეგობრები, რომლებმაც მისი და სოსოს სიყვარულის შესახებ ყველაფერი იცოდნენ და დედასთანაც დღემდე მეგობრობდნენ.

ცოტა ხნის მისულები ვიყავით კარი რომ გაიღო და... სუნთქვა შემეკრა, რადგან ჩვენი სცენარის მიხედვით, სოსო უნდა შემოსულიყო, მაგრამ... გაოცებისგან პირი ღია დამრჩა: ოთხმა კაცმა ოთახში ადამიანისხელა, 5-სართულიანი ტორტი შემოიტანა, რომელზეც უამრავი სანთელი ენთო. ტორტი იატაკზე დადგეს, რადგან ზომის გამო მისი სხვაგან მოთავსება შეუძლებელი იყო. ოფიციანტები გავიდნენ, კარში კი უზარმაზარი თაიგულით ხელში ყურებამდე გაღიმებული სოსო იდგა. დედაჩემს ლამის გული წაუვიდა. მისი მეგობრები ხომ მთლად გადაირივნენ. კარგი იქნებოდა, თუ ამ ამბავს ასე დავასრულებდი: "ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა"... დღეს ისინი ცოლ-ქმარი არიან და მათი ბედნიერებით მეც ვტკბები. მარიკო".

მარკი
14 იანვარი 2020 10:02
კარგია
მზია
13 იანვარი 2020 21:26
რაც კარგად მთავრდება. ყველაფერი კარგია. ესენიც რომ სიმართლე იყოს და არა ზღაპრები. კარგი იქნებოდა
13 იანვარი 2020 19:15
ეს ხომ ბედნიერების ზენიტია დაე კარგათ გამყოფოთ ღმერთმა

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა