"როგორ გავხდი ოჯახის დანგრევის უნებური თანამონაწილე" - კვირის პალიტრა

"როგორ გავხდი ოჯახის დანგრევის უნებური თანამონაწილე"

რედაქციიდან გვიან გამოსულმა ტაქსი გავაჩერე. მძღოლი ენაწყლიანი კაცი გამოდგა. - მთელი დღე (ზოგჯერ ღამეც) გამოსული ვარ შინიდან, ოჯახის წევრებს მცირე ხნით თუ ვნახულობ, ამიტომაც შემიყვარდა მგზავრებთან საუბარიო, - მითხრა, მერე კი მკითხა, - ხომ არ გაწუხებთო.

მართალი გითხრათ, ჩემს ფიქრებთან დარჩენა მერჩივნა, მაგრამ მაინც ვუთხარი, - რას ბრძანებთ-მეთქი. ერთი-ორი კითხვა დავუსვი და ისიც აღარ გაჩერებულა. მძღოლი მურთაზ აბესაძე ჭიათურელი აღმოჩნდა, ოცი წელია ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს..

- პოლიტექნიკური ინსტიტუტი რომ დავამთავრე, მშობლიურ ჭიათურაში თავპირისმტვრევით გავიქეცი, იქ შეყვარებული მყავდა.

მუშაობა მაღაროში დავიწყე და ერთ თვეში ქორწილიც გადავიხადე... მერე, მოგეხსენებათ, უკან-უკან წავიდა ყველაფერი, შავი ქვა და მარგანეცი ვიღას უნდოდა, საბჭოთა კავშირი იშლებოდა. ხელფასს თვეობით ვეღარ ვიღებდით. სხვა რამისთვის უნდა მომეკიდა ხელი, თორემ ცოლ-შვილი შიმშილით დამეხოცებოდა. ჯერ ხელოსნობით ვირჩენდი თავს.

იმდენი დავაგროვე, გარეუბანში სამოთახიანი ბინა ვიყიდე და მშობლებიც წამოვიყვანე. მერე, ჯანმრთელობამ აღარ შემიწყო ხელი და ტაქსაობა გადავწყვიტე. ძალიან კი მენანებოდა ჭიათურის სახლი, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ვეღარ ვახერხებდი იქ ჩასვლას. ბინა გროშებად გავყიდე, ცოტა დავამატე და მანქანა შევიძინე. უკვე 10 წელია ვტაქსაობ და ოჯახს ამით ვარჩენ. ჩემი უფროსი ვაჟიც მუშაობს, გოგონები ჯერ კიდევ სწავლობენ, მეოთხე, ნაბოლარა კი 5 წლისაა.

ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი გვაქვს და არ გვიჭირს-მეთქი, მარა მაინც ბედნიერ კაცად მიმაჩნია თავი. რატომაც არა? დედა ჯერ კიდევ ცოცხალი მყავს (მამა ამ სამი წლის წინ გარდამეცვალა), მყავს კარგი ცოლი და კიდევ უკეთესი შვილები. ჩემი ცოლი, სანამ ნაბოლარა გიორგის გააჩენდა, საბავშვო ბაღში მუშაობდა, ახლა შინაა.

ეხუმრები, ამხელა ოჯახის მოვლას? ყველანაირად ვცდილობ, ხელი შევუწყო და მივეხმარო. მანქანა კი მყავს და ბაზარში ცოლი არასოდეს გამიშვია. მებრალება მძიმე ჩანთებაკიდებული ქალი... ამას წინათ, წერეთელზე მივიყვანე მგზავრი და შინ უნდა წავსულიყავი სასადილოდ. ვიფიქრე, ბარემ ბაზართან ვარ, რამეს გავიყოლებ-მეთქი. ვიყიდე, რაც მინდოდა და მანქანისკენ წავედი. ვხედავ, ასე, 35 წლის ქალი და კაცი რაღაცაზე დაობენ. უცებ კაცი გაბრაზდა, ორი დიდი პარკი ფეხებთან დაუგდო ქალს და გინებ-გინებით გაეცალა.

ერთი პარკი გასკდა და ნავაჭრი ტროტუარზე მიმოიფანტა. ქალი ცრემლებს ძლივს იკავებდა. შემეცოდა, მივედი, ახალი პარკი მივუტანე, ჩავუწყე შიგ ყველაფერი და შინამდე მიყვანა შევთავაზე. ხელები გაასავსავა, - მარშრუტკით წავალო. არადა, მძიმე პარკები როგორ უნდა წაეღო! ვკითხე, სად ცხოვრობთ, იქნებ ერთი გზა გვაქვს, ტაქსისტი ვარ, ფულს არ გამოგართმევთ, მეც შინ ვაპირებ წასვლას-მეთქი. სანზონაში უცხოვრია.

მოვატყუე, - მეც მანდ ვცხოვრობ-მეთქი. მთელი გზა ტიროდა. თან არ უნდოდა, შემემჩნია და წარამარა ცრემლებს იწმენდდა. კი მაინტერესებდა, რა მოხდა, მაგრამ ისეთ დღეში იყო, ვერ დაველაპარაკე. ერთი კი გავარკვიე, ის კაცი ქმარი ყოფილა. განა რა დაუშავა იმ სიფრიფანა ქალმა ისეთი, რომ ამდენი ნავაჭრი მიუყარა და შუა ქუჩაში დატოვა?! დრომ მართლაც შეცვალა ქალისა და კაცის ურთიერთობა. უსამსახუროდ და უფულოდ დარჩენილი კაცი რატომღაც გაბოროტდა და თითქოს ქალი იყოს დამნაშავე, ჯავრს ცოლზე იყრის. ეს არაა კაცური საქციელი.

ამას წინათ, ისეთ შარს გადავეყარე, თავბედი ვიწყევლე: ერთი სიმპათიური ქალბატონი ჩამიჯდა და ჯანმრთელობის სამინისტროსთან მიმაყვანინა თავი. მანქანიდან არ გადმოსულა, 50-ლარიანი გამომიწოდა და მითხრა, - აქედან ერთი კაცი გამოვა და სადაც წავა, უკან უნდა მივყვეთო. მივხვდი, საშარო საქმეში რომ მხვევდა, მაგრამ სიტყვა ვერ შევუბრუნე. კარგა ხანს ვუცდიდით "იმ კაცს". ქალი ცოტათი დამშვიდდა და გამარკვია:

ვისაც ველოდებით, ჩემი ქმარია. სულ წუწუნებს, - აუარება სამუშაო მაქვსო, შინ გვიან ან საერთოდ არ მოდის. ჩემმა მეგობარმა მითხრა, თავის მდივანთან დაძვრება, სამსახურის შემდეგ სულ ერთად არიანო. გადავწყვიტე, ფაქტზე გამოვიჭიროო.

საღამოს 8 საათი იყო, ქალმა რომ თქვა, - გამოვიდაო. დავინახე, კიბე როგორ ჩამოირბინა მამაკაცმა, ეზოში შევიდა, მანქანა გამოიყვანა და გზის პირზე დააყენა. ცოტა ხანში ახალგაზრდა ქალიც ჩამოვიდა. "აი, ისიც", - თქვა ჩემმა მგზავრმა. დაიძრა მანქანა. დავიძარით ჩვენც. ისინი ჯერ რესტორანში შევიდნენ. ცოლს სიმწრით გაეცინა და მობილური მაჩვენა, - ვურეკავ და გათიშული აქვს. მერე მეტყვის, თათბირი დიდხანს გაგრძელდა ან უცხოელ სტუმრებს ვმასპინძლობდითო...

არ ვიცი, რატომ არ შევიდა რესტორანში და თავს არ წამოადგა საყვარლებს. ეტყობა, აინტერესებდა, შემდეგ სად წავიდოდნენ. იქ დიდხანს არ გაჩერებულან, საათ-ნახევრის შემდეგ გამოვიდნენ და ავლაბრისაკენ გასწიეს. უკან მივყევით. კერძო სასტუმროში შევიდნენ. ოცი წუთის მერე ცოლიც უკან მიჰყვა. ცოტა ხანში ისეთი წივილ-კივილი გავიგონე, მივხვდი, ის კაცი (და ალბათ, ქალიც) შავ დღეში იყო. ჩემს მგზავრს ნათხოვნი ჰქონდა, დავლოდებოდი... ნახევარ საათში გამობრუნდა სახეალეწილი. შინ მივიყვანე. დამიცადეო... ორი დიდი ჩანთა გამომიტანა და მთხოვა, - იმ სასტუმროს პორტიესთან დატოვე, სადაც ვიყავით.

ის უკვე გავაფრთხილე, შინ აღარ მოდგა ფეხი, შენს ბარგი-ბარხანას კი იქ გამოგიგზავნი, სადაც "თათბირებს" მართავ-მეთქი... მეც წავიღე და იქ დავტოვე, სადაც მითხრეს. აბა, რა მექნა? ასე გავხდი ოჯახის დანგრევის უნებური ხელშემწყობი. ისე, ცოლი მართლა ძალიან შემეცოდა. არ ვიცი, ის კაცი განიცდიდა თუ არა "დანაშაულზე წასწრებას", მაგრამ რამდენიმე საათის განმავლობაში იმ ქალს ვუყურებდი და ვხედავდი, რა დღეშიც იყო. როგორია ოცი წლის ოჯახის დანგრევა?!

ქალზე ბევრია დამოკიდებული, მაგრამ ღალატის პატიება ძალიან ძნელია. ღვთის წინაშე კაცსაც და ქალსაც ერთნაირად მოეთხოვებათ ერთგულების ფიცის შესრულება და ოჯახზე ზრუნვაც. არ ვარ მართალი? - მეკითხება ბატონი მურთაზი.

რა თქმა უნდა, ვეთანხმები და უკვე გონებაში "ვალაგებ" მის მონათხრობს, რომ საგაზეთო წერილად ვაქციო...