"სანამ მამაჩემი ცოცხალი იყო, ვერ გავბედე ჩემი "უკანონო" შვილის მოკითხვა" - კვირის პალიტრა

"სანამ მამაჩემი ცოცხალი იყო, ვერ გავბედე ჩემი "უკანონო" შვილის მოკითხვა"

მალე 54-ის გავხდები. ახლა ქმარიც მყავს და ორი შვილიც. ჩემი პირველი შვილი კი ქორწინების გარეშე დაიბადა, როგორც ეძახიან, უკანონო იყო. 17 წლის ვიყავი, როცა სიყვარულმა  გონება დამიბნელა. მალევე მივხვდი, რომ მწარედ მოტყუებული ვიყავი. მეც მკაცრი მამა მყავდა, დედას მისი ძალიან ეშინოდა. ოჯახში ჩემს ორსულობას საშინელი ამბავი მოჰყვა. ის ბიჭი ლამის სიკვდილის პირას მიიყვანეს, ისე სცემეს მამაჩემმა და ბიძაჩემმა;  აძალებდნენ, რომ ცოლად მოვეყვანე, მაგრამ მან თქვა: ციხეში წავალ და ამ გიჟის (მამაჩემს გულისხმობდა) შვილს ცოლად არ შევირთავო. არც ის იყო "უპატრონო", ციხეს ააცილეს და ჯარში გაუშვეს. ერთ სოფელში უშვილო ცოლ-ქმარი ყოფილა. დიდი ხანია ეძებდნენ ბავშვს. მშობიარობამდე ორი თვე მქონდა დარჩენილი, დედაჩემმა ის ცოლ-ქმარი რომ მომიყვანა. ისინი თავს მევლებოდნენ, მშობიარობის წინ კი წერილი დამაწერინეს, რომ არასოდეს მოვიკითხავდი შვილს და არც პრეტენზია მექნებოდა მასზე.

ძალიან ვიტანჯებოდი. სულ ჩემი პატარა მესიზმრებოდა. მართალია, თვალიც არ დამაკვრევინეს მასზე, მაგრამ ხომ ჩემი გაჩენილი იყო!.. 8 წლის შემდეგ მთხოვნელი გამომიჩნდა. ჩემს საქმროს ყველაფერი გულახდილად ვუამბე. იგი კარგი ადამიანი აღმოჩნდა, მაპატია ახალგაზრდობით დაშვებული შეცდომა. ის კი თვლიდა ასე, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ ცოდვიანი ვიყავი. სანამ მამაჩემი ცოცხალი იყო, ვერ გავბედე შვილის მოკითხვა (ჩემი "უკანონო" შვილი ვაჟი გახლდათ).

ჩემი შვილები 19-15 წლისანი იყვნენ, როცა დედას შევუჩნდი, - მითხარი, რა გვარისაა ის ცოლ-ქმარი, ვინც ჩემი ბიჭი იშვილა-მეთქი. გვარი კი მითხრა, მაგრამ იმ სოფელში ის ოჯახი აღარ დამხვდა. მეზობლებმა მითხრეს, შვილი ბიზნესმენი ჰყავთ, აქაურობა გაყიდეს და რუსეთში გადასახლდნენო. ისე ვიდარდე, კინაღამ ლოგინად ჩავვარდი. ან კი რა უფლება მქონდა, მასზე პრეტენზია მქონოდა? თავს შევუძახე და გავმაგრდი.

იცით, ახლა რას ვაკეთებ? ყოველ დღესასწაულზე ბავშვის ტანსაცმელს და ტკბილეულს ვყიდულობ და ბავშვთა სახლში მიმაქვს. იქაური თანამშრომლები ხუმრობით "თოვლის ბებო ბაბალეს" მეძახიან. იმ ცოდვის გამოსყიდვას ამგვარად ვცდილობ. ამასვე ვურჩევთ თქვენს რესპონდენტსაც...

იხილეთ ასევე: "დღეს ნუცა ჩემი ცოლია, ლიკა კი სიდედრი" - როგორ მიმაჭანკლა "სამსუნგმა" ლეილა, თბილისი