"რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ სიგიჟემდე მიყვარდა"
26-01-2020
"რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ სიგიჟემდე მიყვარდა"
იანვარიც მიილია. საახალწლო დღეები ისევ პოლიტიკით და ცხარე დებატებით გაჯერდა, თუმცა იყო საინტერესო შეხვედრებიც და ტკბილი მოგონებებიც. სასიამოვნო გარემოში ძალაუნებურად ივიწყებ პრობლემებს (დროებით მაინც) და იხსენებ იმ პერიოდს, როცა ძალიან ბედნიერი იყავი... ასე მოხდა ამ შეხვედრის დროსაც. თავიდანვე შეთანხმება ასეთი იყო: 2020 წელი მძიმე იქნება და მოდი, დასაწყისში მაინც კარგი რაღაცები გავიხსენოთო. პირველ სიყვარულზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ისეთი ლამაზი ეპიზოდები დაიხატა იქ მყოფთა თვალწინ, რომ ამ შანსს
ნამდვილად ვერ გავუშვებდი ხელიდან.
გადავწყვიტე 54 წლის გურამის ამბავი თქვნთვისაც მომეთხრო:

გურამი:
- გუშინდელივით მახსოვს ის დღე, როცა მაკა ჩემს კლასში გადმოვიდა. მისი ოჯახი კარგად ხანს რუსეთში ცხოვრობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაკას არ გასჭირვებია ქართულად სწავლის გაგრძელება. მეშვიდე კლასში ვიყავით მაშინ... ალბათ, ამას ჰქვია, ერთი
ნახვით სიყვარული, თუმცა მაშინ ვიფიქრე, რომ ეს ლამაზი გოგოს მოწონება იყო და მეტი არაფერი. იგი კლასის ყურადღების ქვეშ მალევე მოექცა. ბევრ ბიჭს მოსწონდა, მაკას კი, პარალელური კლასელი კახა უყვარდა. გოგო საოცრად გულწრფელი იყო, არასოდეს მალავდა თავის გრძნობებს, თუ უხაროდა, მთელი გულით ხარობდა და ყველას უზიარებდა ამ სიხარულს, თუ რამე სწყინდა, ამასაც ამჟღავნებდა.

რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ სიგიჟემდე მიყვარდა. სულ მაკაზე ვრფიქრობდი, სულ მისი სახე მედგა თვალწინ. ადრე გაკვეთილებს ხშირად ვაცდენდი, მაკას გადმოსვლის მერე კი, სკოლაში მომიხაროდა. კლასში შესული, თვალებით მაკას მოვძებნიდი თუ არა, მაშინვე დავმშვიდდებოდი ხოლმე. მოსვენება დავკარგე, ღამეები არ მეძინა...

რამდენჯერმე გადავწყვიტე სიყვარულში გამოვტყდომოდი, მაგრამ უკან მწევდა ის გარემოება, რომ მას სხვა უყვარდა. გადავწყვიტე, ძმაკაცის როლი მეთამაშა. ოღონდ ახლოს ვყოფილიყავი მასთან და აღარ დავეძებდი, რა სტატუსი მექნებოდა. სკოლაში მალე ყველამ გაიგო, რომ მე და მაკა ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. ჭირის ოფლი მასხავდა, როცა რომელიმე ბიჭი ჩემთან მოდიოდა და მთხოვდა,- ვიცი, რომ მაკას ძმაკაცი ხარ და ეს წერილი მიუტანე რაო... მაკა ისე მენდობოდა, როგორც არავის და ყველაზე დიდ ტანჯვას მაშინ ვიღებდი, როცა მაკა დაუსრულებლად მეტიტინებოდა თავის სიყვარულზე... მე სულელი კი, ვუსმენდი და გული გახეთქვაზე მქონდა.

ასე გავიდა სამი წელი. მაკა ჩემი სულის ნაწილი იყო, ჩემსავით მას არავინ იცნობდა. დღესაც მიკვირს, როგორ შევძელი 14-15 წლის ასაკში ასეთი სიყვარული, რომელზედაც არ იმოქმედა არც წლებმა, არც არანაირმა გარემოებამ. ვერავის ვეუბნებოდი ამ უსაზღვრო სიყვარულზე, თუმცა კლასში ბევრი ხვდებოდა, რომ ასეთი ურთიერთობა მხოლოდ მეგობრული არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ერთმა მეგობარმა მითხრა კიდეც,- რაც იქნება-იქნება, უთხარი, რაც გჭირსო, მაგრამ ისე მეშინოდა მისი დაკარგვის, მერჩივნა, ძმაკაცად დავრჩენილიყავი და ჩემი ცხოვრებიდან არ გამქრალიყო. ერთხელ, გამენდო და აცახცახებულმა მიამბო, როგორ გამოუტყდა ერთ-ერთი თაყვანისმცემელი სიყვარულში, მაკა ბრაზობდა, - მთელმა სკოლამ იცის, რომ მე და კახას გვიყვარს ერთმანეთი და ეს როგორ გამიბედაო?! აბა, ამის მერე მე რაღას ვეტყოდი?! ოღონდ მაკა ყოფილიყო ბედნიერი და ჩემს ტანჯვას აღარაფრად ვაგდებდი...

გავიდა დრო, მაკამ უნივერსიტეტში ჩააბარა, მე - პოლიტექნიკურში. ჩვენი გზები გაიყო, ვეღარ ვხვდებოდი საყვარელ გოგონას, მაგრამ არ არსებობდა დღე, მასზე არ მეფიქრა. მაკას კახას, რომელიც ჩემთვის დაუძლეველ ბარიერს წარმოადგენდა, მალევე დაშორდა. რახან კახა ასე მალე დაივიწყა, ე.ი. გულწრფელად არც ჰყვარებია-მეთქი... ვინანე, რომ სკოლაში არ გამოვუტყდი სიყვარულში, მაგრამ თან იმედიც მომეცა, ეგებ, ახლა გამოეხედა ჩემკენ "სხვანაირი" თვალით. როცა გავიკითხე, მითხრეს, რომ მას საქმრო ჰყავდა. აი, მაშინ უკვე სამუდამოდ გამოვეთხოვე ჩემს ოცნებას. წლების შემდეგ დავოჯახდი, ცოლს არ ვემდუროდი, სამი შვილი გამიჩინა, გარეგნულად ტკბილი და იდილიური ოჯახის შთაბეჭდილებას ვტოვებდით, მაგრამ... მაკა ვერა და ვერ დავივიწყე. სმა დავიწყე. ოჯახი დამენგრა...

ერთხელაც, როცა კლასელების მორიგ შეხვედრაზე შევიკრიბეთ, გადავწყვიტე, ყველაფერი მეთქვა მაკასთვის. მასაც უკვე შვილები ჰყავდა. შეხვედრიდან მეორე დღეს დავურეკე და კაფეში დავპატიჟე. იმდენად მენდობოდა, რომ კაფეში კი არა, მგონი, ჯუნგლებშიც გამომყვებოდა. ძალა მოვიკრიბე, - რაღაც უნდა გითხრა-მეთქი, ძლივს ამოვღერღე. ინტერესით შემომანათა თვალები და მორჩა, ვეღარაფერს მოვაბი თავი. მერე კარგა ხანს ვიბოდიალე ჩემს დაზე, რომელსაც იმ დროს ოჯახური პრობლემები ჰქონდა. არ დაიზარა, რჩევები უხვად მომცა. მერე სამსახურშიც მივაკითხე რამდენჯერმე... ვატყობდი, უკვირდა ჩემი ვიზიტები, მაგრამ არაფერს მეუბნებოდა. ბოლოს, მხნეობისთის გვარიანად დავთვერი, დავურეკე და ვთხოვე, არ შევეჩერებინე, სანამ ბოლომდე არ მომისმენდა... თითქმის ყველაფერი ვუთხარი, როგორ ვიტანჯებოდი, როგორ დავძლიე ჩემი პირადი, ოღონდ ის ყოფილიყო ბედნიერი და მაინც... ისე მიყვარდა, როგორც არავის არავინ... პაუზა ხანგრძლივი იყო, მაგრამ მე მომეჩვენა, რომ საუკუნე გავიდა, სანამ რამეს მეტყოდა. პირველი, რაც მკითხა, ეს იყო: რატომ აქამდე არ მითხარი ან ახლა რა აზრი აქვს ამის გამხელასო? ველოდი ამ შეკითხვებს, მაგრამ მაინც დავიბენი...

რაღა ბევრი გავაგრძელო, მაკა გამებუტა და რამდენიმე წელი ხმას არ მცემდა. მერე ისევ კლასელების მორიგ შეხვედრაზე შევხდით და შემირიგდა. შევთანხმდით, რომ მეგობრებად დავრჩენილიყავით. უზომოდ გავიხარე. მას უკვე დაკარგულად ვთვლიდი... გავიგონო მისი ხმა, ჩავხედო თვალებში, მოვიგონოთ სკოლის წლები, - ეს ჩემთვის ერთი დიდი ბედნიერებაა, მე მეტი არც არაფერი მინდა. გაგიგიათ ასეთი სიყვარული? ვერავინ და ვერაფერმა შეძლო ეს სიყვარული, რომელიც უკვე 40 წელია გრძელდება, გაენელებინა.

(სპეციალურად საიტისათვის)

elo
01 მარტი 2020 10:27
კარგიტ რა სამი შვილი მიატოVე ვერაპერი გამარტლებაა სიკვარულის სახელით
ვიღაცა
04 თებერვალი 2020 14:12
იმიტომ რომ ვერ შეწვდა.
ჩვეულებრივი უპასუხისმგებლო კაცია, რომელიც სამშვილიანი ოჯახის დანგრევას სხვას აბრალებს და არა თავის უთავბოლობას!
28 იანვარი 2020 18:27
დაააა....ასეთი სიყვარული ხომ ერთეულების ხვედრია...ეს ის შემთხვევააა ,უხილავი ძაფით რომ ხარ დაკავშირებული შენს ნახევართან და მიზეზების გამო აცდენილი...მე დარწმუნებული ვარ,რომ გურამს სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე ეყვარება მაკა...

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?