ფერებით ახსნილი სიყვარული - კვირის პალიტრა

ფერებით ახსნილი სიყვარული

თბილისის მერიამ მაღალსართულიანი სახლების ფასადების შეღებვა რომ გადაწყვიტა - მაშინვე დიდი პრობლემა წამოიჭრა - ბევრმა მღებავმა უარი თქვა საკმაოდ კარგ ანაზღაურებაზე - შიში ოხერია, ასე ჰაერში გამოკიდებულებმა როგორ უნდა ვიმუშაოთო.

შიში ფულზე კი არა, ბევრ რამეზე გათქმევინებს უარს. არ გასულა დიდი დრო და გამოჩნდა ხუთკაციანი ბრიგადა, რომელიც თანახმა იყო, ჰაერში ჩამოკიდებულს შეესრულებინა სამუშაო. სვანები აღმოჩნდნენ, სიმაღლეს შეჩვეულნი, გაბედულნი და უშიშარნი.

ასე დაიწყო მათი საქმიანობა 15-სართულიან კორპუსებში.

ბრიგადირი ანდრო კვიციანი 23 წლის მოხდენილი ჭაბუკია. ბიჭები ძალიან ხალისიანნი აღმოჩნდნენ. დიღმის მასივში, სადაც სახურავიდან დაშვებულ სპეციალურ საქანელებზე შემომსხდარნი ღებავდნენ კედლებს, დღე არ გავიდოდა, რომელიმე მობინადრეს სადილად არ მიეპატიჟებინა გაბედული ბიჭები. ერთ-ერთ ოჯახში ანდრომ 17 წლის თეკლას მოჰკრა თვალი და... გოგონაზე გულიც შეუვარდა. მეგობრებსაც გამოუტყდა, - ისე შემიყვარდა, ფეხები მიკანკალებსო. ბიჭები დაფიქრდნენ, - როგორია ჰაერში გამოკიდებულს, ფეხები რომ უკანკალებს.

- შენ დაისვენე და როცა გული საგულეში ჩაგიდგება და ფეხებიც აღარ აგიკანკალდება, მერე შემოგვიერთდიო, - უთხრეს ანდროს.

ჩვენს ხალისიან ანდროს სიყვარული დაეძგერა თუ არა, ენაც მუცელში ჩაუვარდა. თეკლას როგორც კი დაინახავდა, დადგებოდა და მიაშტერდებოდა. ასე ეგონა, მისი გულის ძგერა, მარტო გოგოს კი არა, მთელ სამყაროს ესმოდა.

- ეგრე პირმოკუმული რას გააგებინებ მაგ გოგოს, ადექი და ისეთი რამე გააკეთე, რითიც მიახვედრებ, - ურჩიეს ბიჭებმა. ანდრომაც ორი დღე და ღამე იფიქრა და გადაწყვიტა, - თეკლას უკვე შეღებილი აივანი ხელახლა შეეღება სხვა ფერად და ამით მიეხვედრებინა გოგო, რომ ეტრფოდა.

ანდროს იდეა უცებ აიტაცეს ბიჭებმა და შეუდგნენ კიდეც საქმეს.

ერთ დილას აივანზე გამოსულმა თეკლამ "აღმოაჩინა", რომ მისი აივანი ვარდისფერ სახლს მწვანედ "მისკუპებოდა". მიხვდა, ვისი ნახელავიც იქნებოდა და ბრიგადის ბიჭებთან ცალყბად წაიწუწუნა - თქვენგან რომელიღაცამ მაგრად ივაჟკაცა და გოიმურ ფერად გადაღება ჩემი აივანი. თუ მაინცდამაინც გინდათ გამორჩეული იყოს, უფრო ლამაზი და რომანტიკული ფერი შემირჩიეთო.

ანდროს ფიქრით კინაღამ თავი გაუსკდა. ვერაფრით მიხვდა, რომელი იყო "ლამაზი და რომანტიკული" ფერი. მან მწვანე გაზაფხულის ფერად მიიჩნია, გაზაფხული კი ყველა გოგოს უყვარდა და ვერ გაეგო, რატომ დაუწუნა თეკლამ. ბიჭები კვლავ გვერდში დაუდგნენ - ნარინჯისფერია მოდაშიო.

რამდენიმე დღის შემდეგ თეკლას აივანი ნარინჯისფერი დახვდა. გადაირია - რაღა სტაფილოსფერი აარჩიეთ, რომელი კურდღელი მნახეთო.

აქ კი ვეღარ მოითმინა ანდრომ და - ბარემ მითხარი, რა ფერი მოგწონს, ერთ საათში გადავღებავ აივანს. ბარემ ისიც იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ და შენს მეტი სხვა არავინ მინდა ცოლადო. ისეთი გულწრფელი და ალალი იყო ანდრო, რომ თეკლას ჯერ გაეღიმა, მერე კი სიცილი აუტყდა, - წამოდი, ყავაზე გეპატიჟებით შენ და შენს მეგობრებს. ისე კი იცოდე, რომ იისფერი მიყვარს ძალიანო.

ძლივს ამოისუნთქა ანდრომ თავისუფლად... დილით თეკლას აივანი იისფრად ღვიოდა... იისფერია დღესაც. ანდრო და თეკლა კი ერთად არიან.