მოულოდნელი სტუმარი - კვირის პალიტრა

მოულოდნელი სტუმარი

კაცი იმედით ცოცხლობსო... დარდსა და ნაღველს არ ვეგუებით და გვჯერა, რომ დაღმართს აღმართი მოჰყვება, წუხილს - სიხარული შეცვლის. წლიური "პალიტრისთვის" სწორედ ასეთი ამბები მოვაგროვეთ, სასიხარულოც და სევდიანიც...

მოულოდნელი სტუმარი

დავითი სამსახურში გვიანობამდე რჩებოდა. დიდ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, ამ თანამდებობას თავდაუზოგავი შრომით მიაღწია. ერთადერთმა ქალიშვილმა კი დასწყვიტა გული: მარიამს დიზაინერობა იტაცებდა, მამამაც სურვილი შეუსრულა და სასწავლებლად საფრანგეთში გაუშვა, მაგრამ როცა ქალიშვილმა შემოუთვალა, - ფრანგ ჟანს ცოლად მივყვებიო, თავზარი დაეცა... რაღა უნდა ექნა? გადაუხადა შვილს ქორწილი და დარჩა ცოლთან ერთად მარტო.

ერთხელ, როცა კვლავინდებურად გვიანობამდე შემორჩა საქმეს, კაბინეტში მაღალი, შავგვრემანი, ასე 24-25 წლის ჭაბუკი შემოვიდა. წინ დაუდგა და თვალი თვალში გაუყარა. დავითმა ვერ იცნო, თუმცა გაიფიქრა. ძალიან ნაცნობი სახე აქვსო. ეგონა, სტუმარი სამსახურის სათხოვნელად იყო მისული.

ყმაწვილს ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა, რადგან სათქმელს კარგა ხანს ვერ მოუყარა თავი. დავითმა ღიმილით შეაგულიანა, - აბა, გისმენო. ბიჭმა კი - იცით, მე თქვენი შვილი ვარ და გიორგი მქვიაო. მიტკლისფერი დაედო დავითს სახეზე. ხომ არ მომეყურაო, - გაოცებული მიაჩერდა მოულოდნელ სტუმარს, რომელმაც რამდენიმე ფოტო დაუდო წინ. იქიდან კი ერთ დროს უდარდელი ნინო იცინოდა, მის გვერდით თვითონ იდგა, მასაც ბედნიერი სახე ჰქონდა. მერე მზერა კვლავ ახალგამოჩენილ შვილზე გადაიტანა. აი, რატომ ეცნობოდა სტუმარი - თვითონ ხომ სწორედ ასეთი იყო 26 წლის წინ.

დავითს და ნინოს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ გოგონას მშობლებს არ უნდოდათ, ქალიშვილი "უქონელი პროვინციელისთვის" გაეყოლებინათ... დავითმა ძალიან მტკივნეულად გადაიტანა ნინოს დაკარგვა. არც იცოდა, რომ გოგონა მისგან ბავშვს ელოდა... დრო გავიდა, დავითი დაოჯახდა, ნინომ კი, მაინც გააჩინა შვილი და ბავშვიანად მოსკოვში, უშვილო მამიდასთან გადავიდა საცხოვრებლად. გიორგი კი თავის გვარზე დაწერა. გიორგი უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისში დაბრუნდა. თუკი აქამდე არ უძებნია მამა, ახლა მოუნდა მისი გაცნობა. და აი, ახლა გიორგი დავითის წინ იჯდა და განაჩენივით ელოდა მისგან პირველ სიტყვას...

ასეთი სიხარული, გოგონა რომ შეეძინა, მაშინაც კი არ უგრძნია დავითს. უცებ დაუბრუნდა სიყმაწვილე, როცა, გაჭირვების მიუხედავად, ძალიან ბედნიერი იყო, რაც მთავარია, სიყრმის შვილი იპოვა, უფრო სწორად, შვილმა მოძებნა... მერე ელვისუსწრაფესად მოხდა ყველაფერი. დავითმა ნინო ინახულა. გახარებულმა მადლობა გადაუხადა ასეთი შვილის გაზრდისთვის...

მართლაც, სიურპრიზებით სავსეა ჩვენი ცხოვრება, როცა აღარაფერს და არავის ელი, სწორედ მაშინ მოგივლენს ღვთიურ საჩუქარს.

სიყვარულით განკურნებული

ერთ თვეში ქორწილი უნდა ჰქონოდათ ქეთის და გიოს, მაგრამ ავტოავარიამ ლოგინს მიაჯაჭვა 22 წლის ბიჭი. ქეთი გვერდიდან არ სცილდებოდა, სულ ამხნევებდა, აიმედებდა. მაგრამ გიოს თანდათან იმედი გადაეწურა - ვეღარასოდეს გავივლიო და ქეთის განუცხადა, - ჩემთან ნუღარ მოხვალ, შენი გზა მოძებნეო.

ქეთიმ კი სანამ ფეხზე არ დაგაყენებ, ყოველდღე ვივლიო. მერე მეგობრის მეშვეობით ერთ გერმანელ პროფესორს გიოს დიაგნოზი გაუგზავნა და გულის ფანცქალით დაელოდა პასუხს. ორი კვირის შემდეგ პროფესორი ოპერაციაზე დაითანხმა. იმდენი ირბინა 21 წლის გოგომ, რომ საჭირო თანხასაც მოუყარა თავი და გიოსთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა...

ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ჯერი სარეაბილიტაციო კურსზე მიდგა. იქაური ექიმები აღფრთოვანებულები იყვნენ გოგონას თავდადებით. ქორწილი მაინც გადაიხადეს, ოღონდ 3 წლის დაგვიანებით. გიო ამბობს: მართალია, ქეთი გერმანელ ექიმებს "აბრალებს" ჩემს გამოჯანმრთელებას, მაგრამ მე ვიცი, რომ ფეხზე სიყვარულმა დამაყენაო.

KvirisPalitra.Geმარგალიტა

მარგალიტა ერთ დროს ულამაზესი ქალი იყო. 16 წლისა მოიტაცეს. ქმარს კარგი ვაჟკაცის სახელი ჰქონდა. ქალს ხელის გულზე ატარებდა. ორი შვილი შეეძინათ. ბედნიერები იყვნენ, მაგრამ უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა კაცი; მეზობელს ეხმარებოდა სახლის გადახურვაში. გადმოვარდა და იქვე გათავდა. მარგალიტა 25 წლისა დაქვრივდა. მალე გამოუჩნდნენ მთხოვნელები, მაგრამ ქალს არავის დანახვა არ უნდოდა... შვილებს ბევრი რამ სჭირდებოდათ, დიდ სახლ-კარს - მოვლა-პატრონობა... ერთხელ, მეზობელს ეხმარებოდა საქორწილო სუფრის გაშლაში.

ერთმა კაცმა მოჰკრა თვალი ულამაზეს ქალს. რომ გაიგო, ქვრივი იყო - თუ უარს არ მეტყვის, ცოლად შევირთავ და მის შვილებსაც მივხედავო... ასე გათხოვდა მეორედ. შალვა 15 წლით უფროსი იყო ცოლზე, მარგალიტას ვაჟებს თავს ევლებოდა, საერთო შვილებიც შეეძინათ - ქალ-ვაჟი. ტკბილად და ბედნიერად იცხოვრეს ერთად. შალვა 85 წლისა გარდაიცვალა. მარგალიტას ოთხი შვილი კი ჰყავდა, რძლებიც და სიძეც, შვილიშვილებიც, მაგრამ... შვილებმა მოხუცებული დედა თავშესაფარში მიიყვანეს, - სჯობს, აქ იყოს, თავის ტოლებთან უფრო გაერთობაო.

ახლა მარგალიტა თავის "ტოლებთან" კი არის, მაგრამ მარტოსულია. ხშირად თავისი სახელიც ავიწყდება. მხოლოდ მაშინ ჩაუდგება თვალებში სხივი, როცა იშვიათად რომელიმე შვილი წუთით შემოირბენს დედის მოსანახულებლად...