"დედაჩემი მწერდა, თუ მამაშენმა მეორე ცოლი შეირთო, გული არ დაგწყდეთო"
"დედაჩემი მწერდა, თუ მამაშენმა მეორე ცოლი შეირთო, გული არ დაგწყდეთო"
დედისგან მიტოვებულ შვილზე საბრალო, ალბათ, არავინ არის. თანაც თუ შვილი წამოზრდილია და იცის სიყვარულის, ერთგულებისა და სიკეთის ფასი...
თამარი, მართალია, გარიგებით გათხოვდა, მაგრამ ქმარზე სამდურავი არ ეთქმოდა. ზურაბი კარგი ადამიანი იყო, თბილი, ყურადღებიანი მეუღლე და მამა. ოჯახზე სული ამოსდიოდა, ყველაფერი ცოლ-შვილისთვის უნდოდა. რამდენჯერ უთქვამს, - ამათ რომ რამე მოაკლდეთ, რად მინდა თავი ცოცხალიო... მართლაც, არაფერს აკლებდა. ორი გოგონა ჰყავდა
და როგორც კი რაიმე მოდური გამოჩნდებოდა, ცხრაპირ ტყავს გაიძრობდა და ცოლსაც და გოგონებსაც უყიდდა.

თამარი ინგლისური ენის სპეციალისტი იყო. სანამ ლიზის და თეკლას წამოზრდიდა, შინ ყოფნა ერჩივნა, მერე ქმარს სთხოვა, სადმე სამსახური მიშოვეო. ზურაბს უარი არ უთქვამს და ერთ-ერთ ტურისტულ ორგანიზაციაში უშოვა სამუშაო. თამარს უცხოელი ტურისტებისთვის საქართველოს ღირსშესანიშნავ ადგილებში მეგზურობა უნდა გაეწია. რამდენიმე კვირის შემდეგ თამარი
აღტაცებას ვერ მალავდა და ზურაბს შთაბეჭდილებებს უზიარებდა...
ლიზი 13 წლის იყო, როცა დედა ოჯახიდან წავიდა. შვილებს წერილი დაუტოვა, სადაც სინანული არ იგრძნობოდა...
ლიზი დღეს 28 წლისაა და ორი შვილის დედაა. გულწრფელად უკვირს დედის მაშინდელი საქციელი, არადა, 13 წლის მანძილზე დედის სითბო და სიყვარული, ზრუნვა და ყურადღება არ მოჰკლებია.

და მაინც რა მოხდა ასეთი? განა რას ემდუროდა ოჯახის ერთგულ ქმარს, ან 40 წლის ასაკში ვინ გამოეცხადა იმისთანა, რომ შვილები, მათი კეთილდღეობა და მომავალი ანაცვალა?

ნაწყვეტი თამარის წერილიდან: "არც ისე პატარა ხარ, რომ ახსნა არ ღირდეს შენთვის. თეკლა ჯერ მთლად ბავშვია, ვერ გამიგებს, შენ უკვე ქალიშვილი ხარ. ლიზი, გაიზრდები და მერე უკეთ გამიგებ... ჩემო შვილო, ძნელია უსიყვარულოდ ცხოვრება. ზოგიერთი ქალი ფიქრობს, რომ ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერზე ღირს თვალის დახუჭვა. ისე არ გამიგო, თითქოს მამაშენს ვემდუროდე, მაგრამ არ მიყვარდა და ხშირად მისი ზრუნვაც და ყურადღებაც საშინლად მაღიზიანებდა... ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა კაცი, უცხოელი, ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი და გადავწყვიტე, დარჩენილი სიცოცხლე მასთან ერთად გავატარო. უკვე დიდი ხარ, არ გაგიჭირდება, თეკლასაც მიხედავ... თუ მამაშენმა მეორე ცოლი შეირთო, გული არ დაგწყდეთ. ადამიანი ერთხელ ცხოვრობს ამქვეყნად და, რა გასაკვირია, საკუთარი ბედნიერებისთვის იზრუნოს?! აბა, შენ იცი, შენი იმედი მაქვს. შენი და თეკლას მოყვარული დედა".

ლიზი: - თავიდან მეგონა, დედა მეხუმრებოდა... მოგვიანებით მოვეგე გონს, მინდოდა დედისთვის როგორმე გამეგო, მაგრამ, ვერ შევძელი...

ედუარდი ჰოლანდიელი იყო. აინტერესებდა ჩვენი ფოლკლორი და სხვადასხვა კუთხეში ეცნობოდა ქართულ საგანძურს. როგორც მახსოვს, აღფრთოვანებული იყო. ნაცნობობის წლისთავზე, ედუარდმა დედაჩემის ცოლად შერთვა გადაწყვიტა და თანხმობაც მიიღო. ის მზად იყო, ჩვენც წავეყვანეთ, მაგრამ დედამ შეიკავა თავი. რომ მოენდომებინა, არაფრით დავთანხმდებოდი, რადგან მამა მებრალებოდა. არავინ იცის, რამდენჯერ გამითენებია ღამე ტირილით... დედა მენატრებოდა, მისი ჩახუტება, მისი სხეულის სითბოს შეგრძნება მინდოდა, მერე ეს გრძნობა ნელ-ნელა გაქრა, რადგან სულ მამა მედგა თვალწინ. გული ტკივილით მეკუმშებოდა, როცა იგი სამსახურიდან შინ დატვირთული ბრუნდებოდა, მეგობრებს კი მათთან ერთად სადმე წასვლაზე უარს ეუბნებოდა. ისე მიყვარდა მამა, რომ დედაზე ფიქრიც კი ავუკრძალე საკუთარ თავს. თეკლა უფრო ხშირად ახსენებდა დედას, მაგრამ მერე, როცა მიხვდა, მე არ მსიამოვნებდა, გაჩუმდა. დედა დღესაც ამსტერდამში ცხოვრობს. ხშირად გვეხმიანებოდა, გვთხოვდა, მოწვევას გამოგიგზავნით და მთელი ზაფხული ჩვენთან გაატარეთო, მაგრამ უარს ვეუბნებოდი. როცა გათხოვება გადავწყვიტე, გავაგებინე. მან ისევ მთხოვა ამსტერდამში ჩავსულიყავი. კვლავ უარი ვუთხარი. კეთილი ინება და თვითონ ჩამოვიდა. ქორწილამდე ათი დღით ადრე გვესტუმრა ედუარდთან ერთად. მამასაც ისე ჩვეულებრივად შეხვდა, თითქოს მისთვის გული არ უტკენია.

არ მინდოდა ბედნიერების დღეები ჩამშხამებოდა, ამიტომ ვცდილობდი, ყურადღება არ მიმექცია. ბოლოს მიხვდა, რომ მე (და თეკლაც) ვერასოდეს ვაპატიებით ჩვენს მიტოვებას, ქორწილის მეორე დღეს დაგვემშვიდობა, ერთი კი გვითხრა, - ყოველთვის მოხარული ვიქნები თქვენი სტუმრობითო და წავიდა.
ჩემი შვილები 6 და 3 წლისანი არიან. ვერ წარმომიდგენია მათი ღალატი. ჩემი მეუღლე არაჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან მიყვარს, მაგრამ თუ ჩვენ შორის ურთიერთობა გაცივდა და ცალკე ცხოვრება გადავწყვიტე, შვილებს როგორ შევაქცევ ზურგს? დედაშვილობა ამქვეყნად ყველაზე დიდი გრძნობაა, რომლის ღალატიც არავის ეპატიება.
MAR
11 მარტი 2018 19:27
გულისამრევია შვილების უარმყოფელი "დედა", მაგრამ ის დედა არ ყოფილა არასდროს
ანზორი
11 მარტი 2018 13:43
გარყვნილი სულისა და ხორცის ადამიანი ყოველთვის იყო და იქნება. მოხუცდება, ილუზიები გაქრება, მერე ბევრს ინანებს თავის განვლილ ცხოვრებაზე, მაგრამ გვიან იქნება. მარტოობასა და სინანულში ამოდება სული!
კატერინა
11 მარტი 2018 01:54
რომელი გრძნობა შეედრება დედაშვილობას, ვერ გავართლებ ქალს რომელც შვილებს მიატოვებს კაცის გულისთვის. მძულს ასეთი ქალები. ,

რუბრიკის სხვა სიახლეები