"ჩქარა, ხალხოო, მინამ დაღამებულა!.." - კვირის პალიტრა

"ჩქარა, ხალხოო, მინამ დაღამებულა!.."

ნუნუკა ძალიან ლამაზი და ნიჭიერი გურჯაანელი გოგონა იყო. მშობლები ბავშვობიდანვე ანებივრებდნენ. როგორც კი წამოიზარდა, ქეთომ და თენგომ სასიძოდ კარგი

ოჯახიშვილის შეთვალიერება დაიწყეს, მაგრამ ნუნუკამ - უსიყვარულოდ და გარიგებით არ გავთხოვდებიო. მართალია, ნებიერა კი იყო, მაგრამ მისგან ასეთ სითამამესაც არ ელოდებოდნენ.

- გოგო, ეგება, ვინმე გყამს უკვე შერჩეული? - ჰკითხა დედამ.

- არავინაც არა მყამს, სწავლა მინდა, - მოჭრა ნუნუკამ და მართლაც, სკოლა დაამთავრა თუ არა, იმ წელსვე ჩაირიცხა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.

თბილისშიც ბევრს მოსწონდა გურჯაანელი ნუნუკა და გურჯაანში ხომ თითქმის ყოველ მეორე ოჯახს უნდოდა რძლად. ნუნუკა კი პირს არავის უჩვენებდა. დედამისის ყურს რომ მისწვდა, ნუნუკას ერთი ჩვეულებრივი კახელი ბიჭი უყვარს, რომელიც სამი წლის წინ დაბრუნდა ჯარიდან და იმ დღიდან ყოველ ზაფხულს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში უშედეგოდ აბარებს გამოცდებსო, გულს შემოეყარა და ქალიშვილს ქორის თვალს არ აცილებდა. მერე შვილს აუჩემა - მეც შენთან წამოვალ, კარგად მოგხედამო! ნუნუკას უარი არ უთქვამს. ყველგან ერთად დადიოდა დედა-შვილი. თბილისში წამოვიდოდა გოგო, დედაც გამოეკიდებოდა, გურჯაანში მოუნდებოდა წასვლა - ქეთოც მისი კუდი იყო. თვე თვეს მიჰყვა. დედამ საეჭვო ვერაფერი შენიშნა და ნელ-ნელა დამშვიდდა.

მესამე კურსზე რომ გადავიდა, მაშინვე გურჯაანს მიაშურა ნუნუკამ. ბავშვობის მეგობრებთან ერთობოდა. ხან ერთთან იყრიდნენ თავს, ხან მეორესთან, ხანაც ინდური ფილმის სანახავად დადიოდნენ და კარგადაც ხალისობდნენ. ქეთომ გული საბოლოოდ დაიწყნარა - ეტყობა, იმ ვირგლას შეეშვაო. არადა, ლევანა მეზობელი სოფლიდან ყოველდღე გურჯაანში ადიოდა თავისი გულის სწორის სანახავად. აგვისტოს მიწურულს შეყვარებულებმა გაპარვა გადაწყვიტეს... დილით ნუნუკამ ქეთოს დაუბარა, - ერთ კლასელთან გადავალ და მალე მოვალო. გავიდა ერთი საათი, ორი და სამიც. გოგო აღარ ჩანდა. ქეთო აქოშინებული მივარდა შვილის თანაკლასელთან, იმან - დღეს ნუნუკასთვის თვალი არ მომიკრავსო. ქალმა ლოყაში შემოიკრა ხელი. აქოთქოთებულს მეზობლები დაეხვივნენ. ბჭობდნენ, სად შეიძლება ლევანას ნუნუკა წაეყვანა. ამასობაში გულგახეთქილი და თავწაკრული ქეთო დივანზე იყო მისვენებული. ნუნუკას "გატაცების" ამბავი რომ გაახსენდებოდა, ხან გულში ირტყამდა მჯიღს, ხან მუხლებს ითქვეფდა, თან გულსაკლავად ქვითინებდა: - ქალებო, მა იმ უსაქმური ლევანასთვინ გამიზრდია ჩემი ლამაზი ნუნუკა? შინ არაფერ ვაკეთებინებდი, დედოფალივითა მყვანდა, ვფიქრობდი, თუ გურჯაანელ კაი კაცს არ გაჰყვება, ეგებ, ქალაქელმა ითხოვოს და უზრუნველად აცხოვროს-მეთქი...

ჭიშკართან კაცების ბჭობა კიდევ გრძელდებოდა, ქეთოს გული გაელია და ქალებს უთხრა: - გარეთ გამიყვათო, მერე მოაჯირს გადაეყუდა და ქმარ-შვილსა და მეზობლის კაცებს განწირული ხმით შესტირა:

- ჩქარა, ხალხოო, მინამ დაღამებულააა!..

ჯერ სიჩუმე ჩამოვარდა, მერე კი სიცილი წასკდათ:

- რა იყო, ქეთო დეიდ, შენ რა გგონია, ი თქვენი სიძე მაინცდამაინც დაღამებაი ელოდება? - გასძახა კახელმა ბიჭმა.

ამის გაგონებაზე "ვაჰ-მეო", - ამოიგმინა ქეთომ და ჩაიკეცა...

ლევანასა და ნუნუკას კვალს ვერსად მიაგნეს, 5 დღის მერე კი თავად დაბრუნდნენ ბედნიერნი და გახარებულნი...

იმ დღიდან ბევრმა წყალმა ჩაიარა. ლევანას და ნუნუკას ახლა სამი შვილი ჰყავთ და ქეთოც სიძის მზეს იფიცებს - სულაც არ ყოფილა ისეთი უსაქმური, როგორიც მეგონა, ჯიგრიანი და მშრომელი ბიჭია, ისწავლა კიდევაცა, თავისი დიპლომიც შეფუთა ლამაზადა და მე მისახსოვრაო.