ჩემი "მატყუარა ფრანგი" - კვირის პალიტრა

ჩემი "მატყუარა ფრანგი"

"ყოველთვის სიამოვნებით ვეცნობი თქვენს რუბრიკას. ვინ მოთვლის, რამდენი სასიყვარულო ამბავი წამიკითხავს. ძალიან მინდა ჩემიც გიამბოთ.

ბიოლოგი გახლავართ. ასპირანტურა მოსკოვში გავიარე. დღემდე სიამოვნებით ვიხსენებ იმ წლებს, მით უმეტეს, რომ ერთმა შემთხვევამ ჩემს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა...

სამუშაო დღის შემდეგ (თან ვსწავლობდი, თან დისერტაციაზე ვმუშაობდი) ყოველდღე დავდიოდი ქალაქის ერთ ცნობილ კაფეში, რომელსაც "Огни Москвы" ერქვა.

ერთ დღეს კაფეში ხალვათობა დამხვდა. მარტო მივუჯექი მაგიდას. შემოვიდა წარმოსადეგი ახალგაზრდა კაცი. მიიხედ-მოიხედა, შორიდან დამაკვირდა და ჩემკენ გამოემართა.

- მადმუაზელ, ჟელაიუ ხოროშეგო აპეტიტა, მოჟნო ზდეს სიადუ? - მკითხა დამტვრეული რუსულით,  მაგრამ აშკარა ფრანგული აქცენტით და ფრანგადაც გამეცნო. ნება დავრთე. მომიბოდიშა ცუდი რუსულისთვის, მერე ოფიციანტს დაუძახა და სადილი შეუკვეთა. მე ნასადილევი ვიყავი, ამიტომ ჩემთვის ყავა და თაიგული მოატანინა. ძალიან მესიამოვნა, თან გულში გავიფიქრე, როგორ ეტყობა, რომ წმინდა წყლის ფრანგია, საოცრად თავაზიანი და ელეგანტურია-მეთქი. მისი დამტვრეული რუსულით გავიგე, რომ ჟანი ერქვა და პარიზიდან მოსკოვის დასათვალიერებლად ჩამოსულიყო. მერე მკითხა, სადაური ხარო. საქართველოდან-მეთქი.

თვალები გაუფართოვდა და დაკვირვებით დამაცქერდა. ვიფიქრე, ალბათ "გრუზია" ვერ გაიგო და - ჯორჯიიდან ვარ-მეთქი.

-Ааа,Америка! - მკითხა კვლავ. ცოტა არ იყოს, გავბრაზდი, მაგრამ მაინც თავაზიანად ავუხსენი, - არა, ეს კავკასიაა-მეთქი. კავკასიის ხსენებაზე თვალები უცნაურად აუჟუჟუნდა - ვიცი კავკასია, ჩვენი დიუმა წერდა, რომ კავკასიელები ვაჟკაცები არიან, ქართველებს კი ულამაზესი ქალები ჰყავთ. ეს აშკარაა, ჩემ წინ ულამაზესი ქართველი ქალი ზისო. კარგა ხანს ვისაუბრეთ. გულში მას "ჩემი ფრანგი" დავარქვი. იმ საღამომ მშვიდად ჩაიარა. დავემშვიდობე და წამოვედი... მერე დავბრუნდი თბილისში. ერთ წელზე მეტი გავიდა. ერთხელ ჩემმა მეგობარმა დაბადების დღეზე დამპატიჟა. სუფრასთან მისი ძმის მეგობრებიც იყვნენ. ცოტა ხანში კიდევ ერთი სტუმარი შემოგვემატა. შევხედე - უი, აქ რა უნდა ჩემს ფრანგს-მეთქი, - გავიფიქრე. მეინახენი ჟივილ-ხივილით წამოიშალნენ და ახალმოსულს შემოეხვივნენ: "თენგიზ, როგორ ხარ? როდის ჩამოხვედი მოსკოვიდან?.. აუ, თენგო, როგორ გაგვახარე, რომ მოხვედი!"

გაოცებულმა პირი დავაღე და თვალების ხამხამი ამიტყდა. "ჟანმაც" მიცნო, გამიღიმა და ქართულად მომმართა:

- ნათელა, როგორ გიკითხოთ?

ძალიან მალე ჩვენი ერთი დღის ნაცნობობა თბილ ურთიერთობაში გადაიზარდა, მერე სიყვარულიც აგიზგიზდა და ოჯახიც შევქმენით. როცა ვკითხე, ფრანგად რატომ გამეცანი-მეთქი, მიპასუხა, - მაგ კაფეში უკვე ფრანგად მიცნობდნენ, შენ ქართველი არ მეგონე და ცოტა "წავითაღლითე", მაგრამ როცა თბილისში გნახე, მივხვდი, რომ ჩვენი მაშინდელი შეხვედრა ბედისწერა იყოო. მართლაცდა, რა უცნაური რამ არის ბედისწერა, როდის და სად ჩაგისაფრდება, არავინ იცის.

პატივისცემით, ნათელა მოსულიშვილი-ცინცაძე".