როგორ გააბედნიერა დევაძეები ამერიკელმა მასწავლებელმა - კვირის პალიტრა

როგორ გააბედნიერა დევაძეები ამერიკელმა მასწავლებელმა

ითქვა - ინგლისური ენის უკეთ შესასწავლად უცხოეთიდან მასწავლებლები ჩამოჰყავთო. შემდეგ სიტყვას საქმეც მოჰყვა და ქართველი მოსწავლეების "გასანათლებლად" პედაგოგთა ლაშქარი ჩამოვიდა საქართველოში. ნატო და დათო დევაძეების სკოლაშიც მივიდნენ ამერიკელი მასწავლებლები.

დირექტორმა საგანგებო კრება მოიწვია და აქტივისტი მშობლები იხმო... და რადგან და-ძმა დევაძეების დედა "აქტივისტი" გახლდათ, თვალის დახამხამებაში გამოცხადდა დირექტორთან. დიდი სჯა-ბაასის მერე ლეილა შინ დაბრუნდა და ქმარს განუცხადა - ხვალიდან ნიუ-იორკელი ქეთრინი ჩვენთან დაიდებს ბინასო.

ქეთრინი თბილი, ხალისიანი და უკომპლექსო ადამიანი აღმოჩნდა. ბავშვებს რომ ამეცადინებდა, ლეილაც გვერდში ედგა. ქართული სამზარეულო ძალიან მოსწონდა და ცდილობდა, ყველაფერი შეესწავლა. მალე სანაქებო ხაჭაპურის და საცივის გაკეთება ისწავლა.

ნატო და დათო ისე შეიყვარა, როგორც საკუთარი სისხლი და ხორცი. ლეილას თავისი ამბავიც უამბო: ათი წელი ვიცხოვრე ქმართან, მას ბავშვი არ უნდოდა, მე კი დედობაზე ვოცნებობდი. ამის გამო დავშორდითო. კიდევ კარგი, ამ პროგრამაში მოვხვდი და საქართველოში წამოვედი, თორემ იქ დარდით მოვკვდებოდიო.

ბევრ მეზობელს შურდა დევაძეებისა, ხუმრობა ხომ არ არის, სულ რაღაც 3-4 თვეში ბავშვები ინგლისურად აჭიკჭიკდნენ. ცოტა ხანში ოჯახის მამამაც გამოთქვა ინგლისურის შესწავლის სურვილი.

- დრო ფული ღირს, ამიტომ სწავლის საფასურს გადაგიხდიო - უთხრა ვახტანგმა მასწავლებელს.

ქეთრინმა ქართულად გაასავსავა ხელები, - ფული რა სახსენებელია, როცა თქვენს ოჯახში ვცხოვრობო.

გამოხდა ხანი და ლეილამ შეამჩნია რომ ვახტანგი "სხვანაირად" გამოცოცხლდა. თმასაც ხშირად იკრეჭდა და ძვირფას ოდეკოლონსაც იპკურებდა.

ამ გარდასახვის თავიდათავი ქეთრინი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რა ექნა? შვილებს მასწავლებელს ხომ არ წაართმევდა? თანაც ზესახელმწიფოსა და პატარა, ახალფეხადგმულ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობას ხომ არ გააფუჭებდა! როგორმე უნდა მოეთმინა კიდევ რამდენიმე თვე, თუმცა შვებით მაშინ ამოისუნთქავდა, როცა ქეთრინი ისევ ისე გადაფრინდებოდა ოკეანის თავზე, როგორც გადმოფრინდა.

ერთ მშვენიერ დღეს კი კარის მეზობელმა მრავალმნიშვნელოვანი მზერით იხმო ლეილა და ისეთი რამ უთხრა, თვალებგაფართოებულ და ფერდაკარგულ ქალს კატაბალახას წვეთები დასჭირდა. თურმე ნუ იტყვით და, ეს ჩვენი ქეთრინი ქართველ გინეკოლოგთან მისულა - ორსულად ხომ არ ვარო. ექიმი-გინეკოლოგი ლეილას მეზობლის ნათესავი გამოდგა. მან ამერიკელ მასწვლებელს ახარა - მალე დედა გახდებიო და პაციენტი გაისტუმრა თუ არა, მაშინვე ტელეფონს ეცა, - შენს მეზობელს რომ ინგლისური ენის მასწავლებელი ჰყავს ოჯახში, ორსულადაა და ხომ არ იცი, ბავშვის მამა ვინ არისო.

დატრიალდა ენების კარუსელი... ინფორმირებულმა ლეილამ გადაწყვიტა რამდენიმე "უტაქტო" კითხვა დაესვა ქეთრინისთვის.  მასწავლებელმა კი არც აცია, არც აცხელა და - კი, შვიდ თვეში დედა გავხდები, მაგრამ მაშინ უკვე ნიუ-იორკში ვიქნები, მართალია, ბავშვის მამა ვახტანგია, მაგრამ თქვენს ოჯახს საფრთხე არ ემუქრება. რით არის ცუდი, თუ შენს შვილებს ამერიკაში და ან ძმა ეყოლება და მასთან ხშირად ჩამოვლენო, - ჩამოურაკრაკა ქეთრინმა  ურთიერთობის პერსპექტივა.

ლეილამ ყელში გაჩხირული ბურთი ვეღარ "გადაყლაპა". როგორც ქალი, შეურაცხყოფილად კი გრძნობდა თავს, მაგრამ ქეთრინისგან ისეთი რამ მისწვდა მის ყურს, რომ "ბურთის" გადაყლაპვა აღარ გაუჭირდა. შვილები ამერიკაში შეძლებენ წასვლას და ამერიკაში  საცხოვრებელი სახლიც ექნებათო. ჯანდაბა ვახოს თავს, თუკი მისი ღალატით შვილებს კარგი მომავალი ექნებათ, თვალებს დავხუჭავ და არაფერს ვიტყვიო, - ფიქრობდა ლეილა და იმასღა სწუხდა, ჭორიკნებს საბაბი რომ ეძლეოდათ, მისი ოჯახის "ათუხთუხებულ ქვაბში" დაუკითხავად ჩაეხედათ.

- ჩემი საქმე პირნათლად შევასრულე, ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთო, - უთხრა ერთხელ ბაზრიდან შინ მობრუნებულ ლეილას ქეთრინმა და ჩემოდნის ჩალაგებას შეუდგა...

ახლა ქეთრინი ნიუ-იორკშია, რამდენიმე თვეში პატარას ელოდება, თბილისში კი ლეილა ძველებურად ცმუკავს, რა ქნას, ნერვიულობს ქალი, ახლა ხომ მისი ოჯახის კეთილდღეობა, როგორც თავად ფიქრობს, იმ ამერიკელ ბავშვზეა დამოკიდებული.