ძლიერი სუსტი ქალი - კვირის პალიტრა

ძლიერი სუსტი ქალი

ფსიქოლოგები ამბობენ, სისუსტე ძალას იზიდავსო, ანუ სუსტი ქალი ძლიერი მამაკაცის ყურადღებას იპყრობს. თუმცა, თანამედროვე ქალი, რომელიც მამაკაცის დარად ეწევა ცხოვრების ჭაპანს, განა "სუსტია"?!

დღეს, თანამედროვე ქალი კარიერასაც იკეთებს, ოჯახურ პრობლემებსაც აგვარებს და შვილების კეთილდღეობისთვისაც იბრძვის. იძულებულია, ყოველთვის ცივი გონებით იმოქმედოს და ნებისმიერ სიტუაციაში სიმტკიცე გამოიჩინოს. თუმცა, საკუთარი ძალის, ჭკუისა და სიმტკიცის მიუხედავად, იგი კვლავ ქალად რჩება და ოცნებობს, გვერდით ნამდვილი, ძლიერი მამაკაცი ჰყავდეს.

სამწუხაროდ, რაც უფრო ძლიერია ქალი, მით უფრო იკარგება მასში ქალის ფუნქცია, შორდება იმ გარემოს, სადაც მომხიბვლელი, ნაზი, სუსტი, კეთილი არსებაა და სიყვარულს, მზრუნველობას საჭიროებს. შეძლებს ქალი ამ თვისებების დაბრუნებას? ან საჭიროა კი ეს? ხომ არ დათმობს იგი უზარმაზარი ძალისხმევით მოპოვებულ პოზიციებს?

ძვირფასო ქალებო! ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქალს სინაზე ამშვენებს, სიყვარული და ალერსი სჭირდება... იქნებ ჩვენი რჩევები გაითვალისწინოთ:

რჩევა 1: დღეში ერთხელ მიეცით თავს სრული უსუსურობის უფლება.

გასაგებია, რომ თანამედროვე ქალი მიჩვეულია ყველაფრის გაკონტროლებას, მოლაპარაკებების თავად წარმართვაც შეუძლია და ლურსმნის მიჭედებაც, აღარაფერს ვამბობთ ნათურის გამოცვლაზე, მაგრამ რა საჭიროა ამის დემონსტრირება? გქონდეთ პატარ-პატარა, საიდუმლო "სუსტი წერტილები" და ყველას დაანახეთ. ეს ქალურ მომხიბვლელობას შეგმატებთ და მოიზიდავს მათ, ვინც მზად არის, თქვენზე იზრუნოს.

რჩევა 2: ითხოვეთ დახმარება.

თავდაჯერებული ადამიანისთვის ამის გაკეთება ალბათ სათაკილოა. გახსოვდეთ, ყველა საკითხი სრულყოფილად არავინ იცის და დახმარება ყველას გვჭირდება! თქვენც ხომ გსიამოვნებთ სიკეთის კეთება? მიეცით მამაკაცს საშუალება, დაგეხმაროთ.

რჩევა 3: მოდუნდით.

შეუძლებელია, იყოთ ყველაფერში იდეალური. ხანდახან თავს უსაქმურობის უფლებაც მიეცით, დაივიწყეთ გრაფიკი, რომელშიც საკუთარი ცხოვრება მოაქციეთ და დაფიქრდით, არის მასში ადგილი სიყვარულისათვის?

ბოლოს და ბოლოს, რისთვის ვიბრძვით თავდაუზოგავად, რისთვის ვათენებთ ღამეებს, თუ საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად (თუ დასაწყებად) არ გვცალია?

საბოლოოდ ხომ ყველა ქალი საკუთარი თავის, ქალური ბუნებისა და თავისი დანიშნულების შეცნობისკენ მიილტვის. იქნებ საკმარისია სხვისი ცხოვრებით ცხოვრება და დროა, გარშემომყოფებმა რკინის ჯავშნის გარეშეც გაგიცნონ?