"ერთმანეთი ბავშვობიდან ჰყვარებიათ, მერე მათი გზები გაიყარა. ქალი გათხოვდა, ხოლო კაცი პირველ სიყვარულს ვერ ივიწყებდა და..." - კვირის პალიტრა

"ერთმანეთი ბავშვობიდან ჰყვარებიათ, მერე მათი გზები გაიყარა. ქალი გათხოვდა, ხოლო კაცი პირველ სიყვარულს ვერ ივიწყებდა და..."

ოდესმე გიოცნებიათ, რომ ქორწინების სახლში გემუშავათ? - ალბათ, არასოდეს. ამაზე არც ჩვენს სტუმარს უფიქრია, მაგრამ ისე მოხდა, რომ მთაწმინდის პარკში გახსნილი ქორწინების სახლის მენეჯერი გახდა, თავისი საქმე ძალიან შეიყვარა და 10 წელია, ერთგულად ემსახურება ბედნიერ წყვილებს. ეს სიმპათიური ქალბატონი ჩვენი ყოფილი კოლეგა - ნატა გოგოლიძეა, რომელიც ჟურნალ "გზასთან“ საინტერესო ისტორიებს ყვება. გთაავზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- ასაკით განსხვავებული წყვილები თუ დაგიქორწინებიათ?

- ასეთი წყვილიც მახსოვს: ქალი მომავალ მეუღლეზე 18 წლით უფროსი იყო, უცხოელები იყვნენ. კიდევ ერთი წყვილი მახსენდება, რომელიც ერთ-ერთმა ტურისტულმა ბიურომ მოგვიყვანა. ორივე შუახნის ასაკის. ქალისთვის ეს მესამე ქორწინება გახლდათ, ხოლო მამაკაცისთვის - პირველი. თურმე ერთმანეთი ბავშვობიდან ჰყვარებიათ, მერე მათი გზები გაიყარა. ეს ქალი ორჯერ გათხოვდა, ხოლო კაცი უცოლო იყო, რადგან პირველ სიყვარულს ვერ ივიწყებდა. ორი ქორწინების შემდეგ მათი გზები ისევ გადაიკვეთა. მახსენდება ხელის მოწერის დროს როგორი ემოცია ჰქონდათ, განსაკუთრებით ეს კაცი ღელავდა, ცუდად გაგვიხდა და წამალიც კი დაგვჭირდა, რომ გამოკეთებულიყო. გვიყვებოდა, როგორ უყვარდა და ელოდა. ქალბატონიც ამბობდა, რომ ბავშვობის სიყვარული არ იკარგება. ისეთი რომანტიკული იყო ეს ყველაფერი, რომ სიტყვით ვერ გადმოგცემთ. კიდევ ერთი გამორჩეული წყვილი მყავდა: ბიჭმა დაიჩემა, ჩემს ქორწილში ალ კაპონეს ფორმაში უნდა გამოვეწყოო. მართლაც, პატარძალი დარბაზში დააყენა და თვითონ მთელი ბილიკი მარტომ გამოიარა - თეთრებში ჩაცმული, სიგარით ხელში, ძალიან კარგი სანახავი იყო. დარბაზში კი ენიო მორიკონეს ცნობილი მუსიკა ისმოდა, რომელიც "ნათლიაში" ჟღერს.

- თქვენი დაკვირვებით, შერეული ქორწინებები ხშირია? - საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ქართველი წყვილი გვყავს, მაგრამ ბოლო წლებში შერეული ქორწინებებიც გახშირდა. მახსენდება ქართველი გოგონა, რომელიც ცოლად ინდოელ ბიჭს გაჰყვა. დიდი სიყვარული ჰქონდათ და მითხრეს, რომ ერთმანეთი პარიზში გაიცნეს, გოგონა ქართულ სამოსში იყო გამოწყობილი, ბიჭსაც ჩოხა-ახალუხი ეცვა, გულზე კი ორივეს თაიგული ეკიდა - ეს ინდოელების ქორწილისთვის აუცილებელი ატრიბუტია. ქართველი და შოტლანდიელი წყვილის ქორწილიც უნდა გავიხსენო: ულამაზესი გოგონა იყო, ულამაზეს ქართულ კაბაში გამოწყობილი, სიძეს კი თავისი ეროვნული სამოსი - კილტი ეცვა. აქეთა მხრიდან ჩოხოსნები იყვნენ და შოტლანდიელებსაც ეროვნული სამოსი ეცვათ. ძალიან ლამაზი ქორწილი გამოგვივიდა. ძალიან თბილად მახსენდება ერთი ებრაელი წყვილი, რომელიც ჩვენთან ბაბუამ მოიყვანა. მისი გადმოცემით, 1970-იან წლებში ლესელიძის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, მერე კი მთელი ოჯახი ისრაელში წავიდა. ბაბუამ თავისი შვილიშვილი სპეციალურად ჩამოიყვანა საქართველოში, რომ აქ, მთაწმინდის პარკში ხელი მოეწერათ. მთელი ჩემი ბავშვობა თბილისთან და მთაწმინდის პარკთან არის დაკავშირებული და აქაურობა ძალიან მიყვარსო, - გვითხრა. თურმე, შვილის ქორწილის გადახდაც თბილისში უნდოდა, მაგრამ 1990-იანი წლები იყო და ჩამოსვლა ვერ მოახერხეს. ოცნება შვილიშვილმა მაინც აუსრულა. იხილეთ სრულად

ხათუნა ჩიგოგიძე