ასე იცის ჭეშმარიტმა სიყვარულმა... - კვირის პალიტრა

ასე იცის ჭეშმარიტმა სიყვარულმა...

"აი, ასე "დაადნო" სიყვარულმა ჩემი მეგობარი. გოგოებო, თქვენც შეიყვარეთ ვინმე და ძალიან გალამაზდებით!"

ყველას გსმენიათ ასეთი გამოთქმა: მავანი სიყვარულმა დაადნო და ჩამოახმოო. ეს სიტყვები რომ სრული ჭეშმარიტებაა, ამაში საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი, როცა ჩემს მეგობარ ნინის სიყვარულის სენი შეეყარა.

მე და ნინი ერთ ეზოში ვცხოვრობთ. ბავშვობაშიც პუტკუნა გოგო იყო, მაგრამ მსუქანი ნამდვილად არ ეთქმოდა. პატარებს ყოველთვის უხდებათ სისავსე და ჩვენც, დიდი თუ პატარა, სულ ლოყებზე ვჩქმეტდით. ის ჯერ გვითმენდა, მერე კი აღრიალდებოდა ხოლმე. ერთი ხანობა ძალიან შეიფერთხა, მერვე კლასიდან კი უსაშველოდ გასუქდა.

ისე, სულო ცოდვილო, ჭამა კი უყვარდა - თუ კარგად არ დავნაყრდი, ვერ ვმეცადინეობო. გამორჩეული მოსწავლე იყო. როცა სკოლაში კომისია მოვიდოდა, მასწავლებლებს სულ ნინი გაჰყავდათ დაფასთან. რაღა ბევრი გავაგრძელო და ჩვენი ნინი სკოლის დამთავრებისას უკვე 105 კილოს იწონიდა და მაინცდამაინც არც განიცდიდა ამას. პირველსავე წელს ჩააბარა იურიდიულზე. ერთხელ მითხრა, ჩემი კურსელი ბიჭი მომწონს, ის კი ზედ არ მიყურებსო. ვურჩიე, ცოტა ხანს დიეტა დაიცავი და ნახავ, თუ არ მოეწონები იმ ბიჭს-მეთქი.

მართლაც, ერთი დიეტა გადმოიწერა რომელიღაც ჟურნალიდან და დაიწყო... სამ თვეში 25 კილო რომ მოიკლო, მშობლებიც და მეგობრებიც ვეხვეწებოდით, გაჩერდიო, მაგრამ შეყვარებულ ნინის არაფერი ესმოდა. ჯიუტად განაგრძობდა დიეტას... ზამთარმა რომ გადაიარა და აპრილის თბილმა მზემ გამოანათა, ჩვენმა ნინიმ იმისთანა სილამაზე შემოგვაფრქვია, ყველანი სახტად დავრჩით. ქუჩაში ყველა თვალს აყოლებდა, ისეთი მომხიბვლელი და ტანადი იყო. რაც მთავარია, ბექამ მაშინვე შეამჩნია თვალდახელშუა დამშვენებული ნინი.

ახლა ბექა და ნინი მეოთხე კურსზე არიან, დიდი რომანი აქვთ და ძალიან მალე აპირებენ დაქორწინებას. აი, ასე "დაადნო" სიყვარულმა ჩემი მეგობარი.

გოგონებო, შეიყვარეთ ვინმე და მერწმუნეთ, ძალიან გახდებით და... გალამაზდებით.

ქეთი დევდარიანი, თბილისი