"შალვა მთელი გზა მეტროში ნანახ გოგოზე ფიქრობდა, ამბობს ხოლმე, - მისი სახე თვალებიდან ვერ მოვიშორეო. რას წარმოიდგენდა, რომ..." - კვირის პალიტრა

"შალვა მთელი გზა მეტროში ნანახ გოგოზე ფიქრობდა, ამბობს ხოლმე, - მისი სახე თვალებიდან ვერ მოვიშორეო. რას წარმოიდგენდა, რომ..."

სოციალურ ქსელ "ფეისბუკში"  ასეთი ჯგუფი არსებობს, "იპოვე მეტროს "ქრაში". "ქრაში" თინეიჯერებში ახალი დამკვიდრებული ტერმინია და ვინმესადმი სიმპათიის გამოხატვას და მოწონებას ნიშნავს. ჯგუფი 30 000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, სადაც მოზარდები თუ ზრდასრულები მეტროში შემჩნეულ, უცნობ და ვიღაცისთვის ნაცნობ ადამიანებს ეძებენ. ვერ გეტყვით, ამ ჯგუფში საიდან აღმოვჩნდი, თუმცა სასიამოვნოა იმის ყურება, როგორ გულმოდგინედ ცდილობენ ადამიანები ერთმანეთის პოვნას. ზოგს უმართლებს და მალე პოულობს "ქრაშს", ზოგს არა და ისეთებიც არიან, ვისთვისაც მეტროთი მგზავრობა მთელი ცხოვრების შეცვლის მიზეზი გახდა.

ჯუფში შემთხვევით თაკო კუპრაძეს გადავაწყდი, რომელსაც "ქრაშების" მაძებარ ადამიანებში ერთი, შავ-თეთრი ფოტო ედო წარწერით: "დედაჩემმა და მამაჩემა ერთმანეთი მეტროში გაიცნეს". მსგავსი ისტორიები ხომ ათასში ერთხელ ხდება - რა იღბლიანი უნდა იყო, რომ მეორე ნახევარს ხალხით გადაჭედილ რომელიმე სადგურზე შეხვდე. ამ ამბის სრულად მოსმენა მსურდა, ამიტომ თაკოს მისი მშობლების გაცნობისა და მათი ცხოვრების ისტორიის მოყოლა ვთხოვე. თაკო კუპრაძე

- 1993 წლის 23 ოქტომბერი იყო. დედაჩემი, ხათუნა ლურსმანაშვილი მაშინ 16 წლის ხდებოდა და დიდ დაბადების დღეს იხდიდა, დედაჩემი და მამიდაჩემი კოლეჯის მეგობრები არიან და დღემდე ნათესაობის გარდა, ახლო მეგობრობა აკავშირებთ. იმ დაბადების დღეზე დედამ მამიდა და მისი ძმა, შალვა კუპრაძე დაპატიჟა. შალვა მამიდაჩემის მეგობრებს არ იცნობდა, თავიდან უარზე იყო, მაგრამ მაინც წავიდა იქ. დედა წერეთელზე ცხოვრობდა, მეორე სახლი თავისუფლებაზე ჰქონდა და გადაწყიტა მე-16 დაბადების დღე სწორედ იქ აღენიშნა, თუმცა დაბადების დღემდე რამდენიმე საათით ადრე, სახლში მნიშვნელობვანი ნივთი დარჩა და უკან, წერეთელზე მოუწია მობრუნება... მამამაც უცნობი გოგოს დაბადების დღეზე წასვლა მეტროთი გადაწყვიტა.

იმ საღამოს ექვსისკენ ისინი ორივე დედაჩემის სახლში მიდიოდნენ. სადგურის მოედანზე ბევრი ხალხი ირეოდა, როდესაც დედა საბურთალოს ხაზიდან მეორე ხაზზე გადმოდიოდა, კიბეებზე ჩქარა ჩაირბინა და შემთხვევით მამაჩემს შეეჯახა, დედა წაბორძიკდა და მამამ დაიჭირა. ხათუნამ ბოდიში მოუხადა უცნობს, შალვამაც იგივე ჟესტი გაიმეორა და ერთმანეთს დაშორდნენ, ამდენ ხალხში მალევე დაკარგეს ერთმანეთი. მამა თურმე მთელი გზა მეტროში შემთხვევით ნანახ გოგოზე ფიქრობდა, ახლა ამბობს ხოლმე,  - ხათუნას სახე თვალებიდან ვერ მოვიშორეო... რას წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წუთში სწორედ ამ გოგოს დაბადების დღეზე აღმოჩნდებოდა...

დედა სახლში პირველი მივიდა. რამდენიმე წუთში კარზე ზარის ხმა გაისმა. ხათუნამ გააღო კარი და მამა დაინახა, ორივე გაშეშებულები იდგნენ და უყურებდნენ ერთმანეთს, მეტროში დაჯახება ორივეს თვალწინ ედგა. მამა აღარ დაიბნა და საჩუქარი მიაწოდა, მიულოცა და გაეცნო.

- რა მოხდა შემდეგ, როგორ განვითარდა მოვლენები?

- გავიდა დრო და დამეგობრდნენ, მამა 15 წლის იყო, დედა, როგორც უკვე აღვნიშნე, იმ წელს 16-ის გახდა, დიდი ხანი მეტროს ინციდენტს არავის უყვებოდნენ. მამა ხშირად იხსენებს, - გაცნობის დღეს წითელი კაბა ეცვა, გრძელი წაბლისფერი თმა ჰქონდა. გვიან ისიც გავიგე, რომ საფრანგეთიდან გამოუგზავნეს კაბა და ისე უხდებოდა, რომ დავინახე და ადგილზე გავქვავდიო... მოგვიანებით მამამ ისიც გვითხრა, რომ პირველივე დღიდან შეყვარებია დედა. პატარები იყვნენ და დედაჩემი დიდი ხანი თავს იკავედა ახლო ურთიერთობისგან, თუმცა დაახლოებით, ორ წელში გამოუტყდნენ ერთმანეთს სიყვარულში და შემდეგ წელიწადნახევარში ოჯახიც შექნეს, დედა უკვე 19-ის იყო მამა კი 18-ის. მალევე 1998 წელს მეც გავჩნდი და ნელ-ნელა ძმა და დები შემოგვემატნენ. შალვა კუპრაძე და ხათუნა ლურსმანაშვილი

რთულია თანაცხოვრება, ხანდახან უთანხმოებაც მოგდის მეორე ნახევართან და რა თქმა უნდა, კამათი და ჩხუბი ყოფილა მშობლებს შორის, მაგრამ გაცნობის დღიდან არასდროს დაშორებულან ერთმანეთს. როდესაც მე და ჩემი ძმა 5-6 წლისები, ვიყავით მამა ოჯახისთვის სასიკეთოდ საზღვარგარეთ წავიდა, დედას ძალიან უჭირდა მის გარეშე და 2 წელიწადში ისიც გაემგზავრა. წლები საბერძნეთში, კუნძულ კეფალონიაზე ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. მაშინ კომუნიკაციის ამდენი საშუალება არ გვქონდა, კომპიუტერიც იშვიათად თუ ჰქონდა რამდენიმე ოჯახს. ტელეფონზეც ძლივს ველაპარაკებოდით. ძალიან გვაკლდა ორივე, მიუხედავად იმისა, რომ ბებო და ბაბუ იდეალურად გვზრდიდნენ. მამა დაახლოებით 6 წელი არ გვყავდა ნანახი და დედა - 4. ყოველთვის ყველაფერი გვქონდა, მაგრამ თან არაფერი, მაინც სიცარიელე იყო იმ დიდ ყუთებში და ჩემოდნებში, რომლებსაც ჩემთვის და ჩემი ძმისთვის აგზავნიდნენ.

ერთ დღეს მშობლები საბერძნეთში, ავარიაში მოყვნენ, რის მერეც ჩამოსვლა გადაწყვიტეს... ჩვენი შეხვედრა ფილმებიდან აღებულ კადრებს ჰგავდა. ახლა მე 22 წლის ვარ,  ჩემი ძმა ლუკა კი - 20-ის. მშობლბის ჩამოსვლის შემდეგ, ჩემი და, ანასტასია გაჩნდა, რომელიც ახლა 9 წლისაა და სრულიად მოულოდნელად, კიდევ ერთი და გვეყოლა მარიამი (მეა), ჩვენ შორის 21 წელია სხვაობა, მე უფრო დიდი ვარ ჩემს პატარა დაზე, ვიდრე დედაჩემი ჩემზე, მამაჩემსა და ჩემი ძმის შემთხვევაშიც ასეა. ახლა დედა კონდიტერია, მამა კი - არქიტექტორი, ამ პროფესიას საბერძნეთში დაეუფლა და კარგადაც გამოსდის.

- შენ როდის მოგიყვნენ გაცნობის ისტორიას და რა რეაქცია გქონდა?

- პატარა ვიყავი, ალბათ 11-12 წლის, თავიდან ვერ დავიჯერე, ასეთი ამბები ხომ ჩვეულებრივ არ ხდება ხოლმე, მაგრამ შემდეგ მამიდამ და ბებიამაც დამიდასტურეს, რომ  გამორჩეულად ლამაზი სიყვარულის ისტორია აკავშირეთ ჩემს მშობლებს. აღფრთოვანებული ვიყავი და კიდევ უფრო მიხარია, რომ ხალხსაც მოსწონს ეს. ერთხელ მამამ თქვა, დედა დაბადების დღეზე რომ არ გამეცნო, ასე მგონი, მას როდისღაც მაინც ვიპოვიდიო...

(სპეციალურად საიტისთვის)