"იძულებული ვიყავი, შევრიგებოდი. თან მემუქრებოდა, თან სიყვარულს მეფიცებოდა..."
29-03-2020
"იძულებული ვიყავი, შევრიგებოდი. თან მემუქრებოდა, თან სიყვარულს მეფიცებოდა..."
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მეუღლის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში ადანაშაულებდნენ, გაამართლა. არადა, მისთვის წაყენებული ბრალი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. დიდი ბრძოლის შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" იურისტმა, ელისო რუხაძემ სასამართლო დაარწმუნა, რომ ორი შვილის დედა მოძალადისგან თავს იცავდა და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
ორ წელზე მეტხანს ელოდებოდა ბრალდებული ნანა გოგალაძე მოსამართლის ვერდიქტს. მისი მონათხრობიდან თვალნათლივ ჩანს, როგორ ექცევა მოძალადის გავლენის ქვეშ
მსხვერპლი. წარმოუდგენელი, მაგრამ რეალური ამბავია - იმ დროს, როცა ბრალდებულ ქალს ქმრის დაჭრაში ადანაშაულებდნენ, მისი დაჟინებული თხოვნით, კვლავ შეუღლებას დათანხმდა, მაგრამ წყვილის ერთად ყოფნა ისევ ხანმოკლე აღმოჩნდა...

ნანა გოგალაძე:

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. დედა ეროვნებით ოსი მყავდა. გარკვეული წლები ვლადიკავკაზში ვცხოვრობდი, იქვე გავთხოვდი, მაგრამ
მეუღლეს დავშორდი.
2017 წელს, 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისში დავბრუნდი. წლების შემდეგ ძველ შეყვარებულს შევხვდი. ადრე, ჩვენ დაოჯახებას ვაპირებდით. გაირკვა, რომ ვიღაც გოგო მისგან 5 თვის ფეხმძიმე იყო და დაქორწინდნენ. მე ქვეყნიდან წავედი. ისევ რომ შევხვდით ერთმანეთს, მითხრა, მთელი ცხოვრება გეძებდიო. იმ გოგოსთან თურმე ერთი წელი იცხოვრა. რომ გაიგო, მეც ქმარს გაცილებული ვიყავი, ცოლობა მთხოვა. შევუღლდით. ერთად ცხოვრებისას აღმოვაჩინე, რომ ძალზე შეცვლილი, ავადმყოფურად ეჭვიანი იყო. ტელეფონის ზარებს, სოციალურ ქსელში მიმოწერას მიმოწმებდა. ორ თანაკლასელ ბიჭთან ვმეგობრობდი, ჩემი ბავშვები მოვანათვლინე. აღმოვაჩინე, რომ ნათლიების ნომრები ჩემი ტელეფონიდან ჩუმად წაშლილი ჰქონდა. რაც დრო გადიოდა, ჩვენი ერთად ცხოვრება გაუსაძლისი ხდებოდა.

- რამდენ ხანში დაიწყო კონფლიქტები?
- თავიდან ცდილობდა, არ გამოემჟღავნებინა ნამდვილი სახე, მერე დაიწყო კონტროლი, - ვის ელაპარაკე, რამდენი წუთი, რაზე ელაპარაკე?.. მერე გავიგე, რომ ნარკოტიკს მოიხმარდა. თუ წამლის დოზა დააკლდებოდა ან "ლომკაში" იყო, აგრესიას ჩემსა და ჩემს შვილებზე ანთხევდა. მეუბნებოდა, შენი სიყვარულის დავიწყება და ცხოვრების თავიდან დაწყება ვერ მოვახერხე, ამიტომ წამლის მოხმარება დავიწყე, მერე მივატოვე, მაგრამ ისევ ხელახლა დავიწყეო. ერთადერთი ნათელი სხივი ხარ ჩემს ცხოვრებაში. სიტყვებით ადამიანის მოთაფვლა ეხერხება.

- ახალი წლის ღამეს მომხდარ ინციდენტზე გვიამბეთ.
- ახალი, 2018 წლის ღამე იყო. სერიოზულად ვიჩხუბეთ ეჭვიანობის გამო. ჩემი შვილების მამა ვლადიკავკაზში ცხოვრობს. ბავშვებმა ახალი წელი მიულოცეს ჩემი ტელეფონით და მეც დაველაპარაკე. ამაზე გადაირია, მახრჩობდა. მოგერიება მოვახერხე, მაგრამ სახე ჩამოვფხაჭნე. გამწარებულმა თავი დამანება. მეზობელთან ვაპირებდი, დასახმარებლად გასვლას, როცა ისევ მომვარდა, მუხლები მკერდზე მიმაბჯინა, განძრევის საშუალება არ მომცა და ყელში მიჭერდა. ამას ბავშვები უყურებდნენ. უფროსი ბიჭი 10 წლის იყო. ის გავარდა მეზობელთან. მერე მეორე შვილმა მითხრა, - დედა, არ მინდოდა დამენახა, როგორ გკლავდა, "ადიალა" გადავიფარე და შიშისგან გონებაც დავკარგეო.
ადვოკატი ელისო რუხაძე და ნანა გოგალაძე
მეზობელი შემოვარდა და მომაშორა. როგორც იქნა, ამოვისუნთქე. ისე ვყავდი გაკავებული, ვეღარ ვინძრეოდი, მკლავდა. მაშინვე დავრეკე 112-ში და შეშინებული, პოლიციის მოსვლას ველოდებოდი. პატრული 45 წუთი არ მოვიდა. ახალი წლის ღამე იყო, ქუჩები ცარიელი, ღამის სამი საათი. წესით, არ უნდა გასჭირვებოდათ მოგნება, ნავიგაციებიც აქვთ და სისტემა კარგადაა აწყობილი, მაგრამ მერე ამბობდნენ, მისამართი ვერ ვიპოვეთო. მეზობელმა რომ გაგვაშველა, თქვა, - ხვალ დილით ადრე ვარ სამსახურში წასასვლელი, უნდა გავიდე, თქვენ დაწყნარდითო. ისევ მარტო დავრჩით. ქმარმა გაიგო, პოლიცია რომ გამოვიძახე, ამაზე სულ გაგიჟდა. რას მიჩალიჩებო?! და ისევ გადმოვიდა შეტევაზე. არასოდეს დამავიწყდება მისი ჩაწითლებული, არაადამიანური თვალები, ისევ ჩემკენ მოსაკლავად გამოემართა. სახე შეშლილი ჰქონდა, მოკვლით მემუქრებოდა. ერთი საფეხურიღა იყო სამზარეულომდე ასასვლელი, რომ შემოტრიალდა. მომენტით ვისარგებლე, რაც ხელში მომხვდა ავიღე და ჩავარტყი. სამზარეულოს დანა იყო. რომ მივხვდი, რაც ჩავიდინე, ისევ 112-ში დავრეკე და "სასწრაფო" გამოვიძახე. მანამდე გამოვარდა ისევ ის მეზობელი და სხეულში ჩარჭობილი დანა მან ამოუღო. ჩემი ქმარი სახლიდან გაიქცა, - არ მინდა პოლიციას დავხვდეო. მეზობელი მისდევდა, სად მიდიხარო?!. მერე მითხრა, თურმე სადარბაზოში იმალებოდა პოლიციის წასვლამდე, მერე ნათესავთან მისულა - ის ქირურგია და ურჩევია, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისვლა. შემთხვევიდან ორ საათში რესპუბლიკურში თვითონ მივიდა.

- როგორც ვიცი, თქვენც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაგიყვანეს.

- სხეულზე ბევრი დაზიანება მქონდა და რესპუბლიკურში გადამიყვანეს. მოვუყევი, რაც მოხდა, მაგრამ პოლიციამ მე დამაკავა. დილის 6-ის ნახევარზე ამ საავადმყოფოში ჩემი ქმარი რომ დავინახე, შოკში ჩავვარდი. შემეშინდა, არ მოვეკალი. ექიმებს ვეუბნებოდი, ყველაფერი კარგად მაქვს, არაფერი მჭირდება-მეთქი, გაქცევას ვაპირებდი, მაგრამ პოლიციელებმა არ გამიშვეს. რაც დრო გადიოდა, უფრო ცუდად ვიყავი. თავიდან, იმ ემოციებში, ტკივილს ვერ ვგრძნობდი. არადა, მთელი სხეული დალურჯებული მქონდა. მეორე დღეს ისევ მეტყობოდა ყელზე მისი ნათითურები. სარკეში რომ ვიხედებოდი, მეშინოდა. სიცხემაც ამიწია. საქმე ჩემს წინააღმდეგ აღიძრა. კარგა ხანს არ ვიცოდი, რა მუხლით წამიყენეს ბრალი. ახალგაზრდა პროკურორი ქალი მეუბნებოდა, არაფერი გემუქრება, თავს იცავდი და არც ადვოკატი გჭირდებაო. საქართველოში წლები არ მიცხოვრია, ქართულიც კი დავიწყებული მქონდა, ქართულად აზროვნებაც კი მიჭირდა. დავუჯერე პროკურორს, რომელმაც მომატყუა. პროცესზე კარგად ვერც ვიგებდი, რას მედავებოდნენ.

- თქვენი დაპატიმრება პროკურორმა მოითხოვა?
- პროკურორმა მითხრა, რასაც ვიტყვი, ყველაფერში დამეთანხმეო. ჩემთვის 5.000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. ადვოკატის გარეშე ვიყავი, მაგრამ მაინც ვთქვი, არ მაქვს თანხა, 200 ლარსაც ვერ გადავიხდი, ბინის ქირას ძლივს ვიხდი-მეთქი. მოსამართლემ 1.000-ლარიანი გირაო შემიფარდა. პროცესიდან გამოსული პროკურორი დამემუქრა, - რატომ შემეწინააღმდეგე, დედას გიტირებ, ამოგალპობ ციხეშიო. 30 წლამდე ასაკის გოგო იყო. უამრავ საბუთზე მომაწერინა ხელი!.. ვუთხარი, წავიკითხავ და ცოტას მაინც გავიგებ-მეთქი. - რაც ილაპარაკე, ის წერია და არ უნდა წაკითხვაო. მერე გავიგე, 6 წლამდე პატიმრობა რომ მემუქრებოდა.

- ადვოკატი როდის აიყვანეთ?
- 1.000-ლარიანი გირაო შეფარდებული მქონდა, ადვოკატი რომ ჩაერთო. მეგობრებმა მირჩიეს, არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარში" მივსულიყავი... მშობლები არ მყავს, დედისერთა ვარ, რამდენიმე მეგობარი შემომრჩა, რადგან აქ არ ვცხოვრობდი. თბილისი ჩემთვის უცხო ქალაქი გახდა, სახლიც არ მაქვს, ნაქირავებში ვარ. სახლი რომ გავყიდეთ, დედაჩემი იმ ფულის გამო დააყაჩაღეს და მოკლეს. რომ არა ადვოკატი ელისო რუხაძე და ამ ორგანიზაციის მხარში დგომა, ახლა ციხეში ვიქნებოდი და ჩემი შვილები ალბათ - თავშესაფარში. ბავშვებმა დიდი სტრესი გადაიტანეს, ფსიქოლოგთან დამყავდა. ორ წელზე მეტხანს უანგაროდ მიცავდა ადვოკატი ელისო რუხაძე. ჩემი სიმართლე დაამტკიცა... მოსამართლემ განაჩენი რომ გამოაცხადა, იმდენად დაძაბული ვიყავი, ვერ გავიგე, რა თქვა... როცა მივხვდი, თავისუფალი ვიყავი, საოცარი ემოცია დამეუფლა. კიდევ არ მჯერა, რომ ეს კოშმარი დამთავრდა.

- უცნაური ამბავი შევიტყვე: როცა ბრალდებული იყავით, ამ დროს ქმარმა შერიგება შემოგთავაზათ და თქვენ ოფიციალურად იქორწინეთ. ეს მართალია?
- პასპორტი და პირადის მოწმობა სასამართლომ ჩამომართვა. ბრალი წამიყენეს. ქმარი მეუბნებოდა, - თუ ჩემთან არ იქნები, შენს თავს დავაჭერინებ ან მოგკლავ და დაგასახიჩრებო. ვიცოდი, საქართველოდან ვერ წავიდოდი, - საბუთები არ მქონდა. იძულებული ვიყავი, შევრიგებოდი. თან სიყვარულს მეფიცებოდა და თან მიმტკიცებდა, აუცილებლად გამოვსწორდები, წამალს არ გავიკეთებ, შენს შვილებსაც მოვუბოდიშებ და ყველაფერი დალაგდებაო. ისეთი საუბარი ეხერხება, რასაც უნდა, იმას ჩაგაგონებს. მარწმუნებდა, რომ უმისოდ ვერაფერს ვიზამდი, არავინ მყავდა გვერდში მდგომი... 6 თვე ვიცხოვრეთ ისევ ერთად, მაგრამ ეჭვიანობის ნიადაგზე, ისევ ისტერიკები, ისევ ცემა-ტყეპა დაიწყო. ისევ გამოვიძახე პატრული მაშინ, როცა ჩემი დაქირავებული ბინიდან შუაღამეს ორი პატარა ბავშვით ქუჩაში გამომაგდო. გამოვიძახე "სასწრაფოც", რადგან უფროსი შვილი ცუდად გამიხდა. მერე აღმოჩნდა, რომ ისევ ნარკოტიკები, ისევ აზარტული თამაში იყო მისი ცხოვრება... ახლა მის წინააღმდეგაა საქმე აღძრული. ის მამშვიდებს, რომ შემაკავებელი ორდერია გამოცემული. მე და ჩემი შვილები ნაქირავებში ვცხოვრობთ, ვმუშაობ და ვიცი, ვეღარ მომეკარება. მეორედ შერიგებას ვნანობ. საკუთარი თავის მიმართ რწმენაც გამიქრო. რომ არა "საფარი", დღეს ციხეში ვიქნებოდი.

თეა ხურცილავა
ჟურნალი "გზა"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები