უდანაშაულო "დამნაშავე" - კვირის პალიტრა

უდანაშაულო "დამნაშავე"

ცხაურებს მიღმა გულუბრყვილო გოგონა აღმოჩნდა

სალომე მეგობრის ბინაში მარტო დარჩა. სულ რაღაც ერთი საათით დატოვეს ნინიმ და გაგამ - მაღაზიაში წავალთ, რაღაც-რაღაცებს ვიყიდით და საღამოს წავუქეიფოთო.

სალომემ ის იყო ტელევიზორი ჩართო და სავარძელში მოკალათდა, რომ კარს ვიღაც მძლავრად დაეჯაჯგურა. წამოდგომაც ვერ მოასწრო, რომ ბინა სპეცრაზმელებით გაივსო, სალომეს ხელებზე ბორკილები დაადეს. კარგა ხანს ვერ მიხვდა, რა ხდებოდა მის თავს. სადღაც შორიდან ჩაესმა ვიღაცის ნათქვამი, - თქვენ გაქვთ დუმილის უფლებაო...

პირველი ეპიზოდი

სალომე სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა. ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა - ქალამნად. სიცოცხლე უხაროდა. მეგობრებთან ერთად  დადიოდა ლაშქრობებზე. პირველ კურსზევე თითქმის მთელი საქართველო მოიარა.

ერთ მშვენიერ დღეს მეგობრებთან ერთად შარდენის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში შევიდა. მორიგ  ლაშქრობაზე  ლაპარაკობდნენ. მათ საუბარში მეზობელ მაგიდასთან მსხდომი  ნინი და გაგა ჩაერთვნენ, რომლებმაც გოგონებს  თავი ბიძაშვილებად წარუდგინეს და მეგობრებს ურჩიეს, თუ აქამდე არ გინახავთ, იქნებ ახლა მაინც მოინახულოთ სამცხე-ჯავახეთიო.

მართლაც  გამოცდებს მორჩნენ თუ არა, გოგოებმა ლაშქრობისთვის მზადება დაიწყეს. მეგზურობა კი ბიძაშვილებს ნინის და გაგას სთხოვეს. ლაშქრობისას სალომე ძალიან დაუახლოვდა ახალგაცნობილ მეგობრებს. თბილისში დაბრუნებული კი თავისუფალ დროს სულ მათთან ატარებდა. ნინიმ და გაგამ ერთხელ სალომეს შესთავაზეს: ჩვენ ვიცნობთ კაცს, რომელიც ნატიურმორტებს ყიდულობს, შემდეგ კი თურქეთში გააქვს და იქ ყიდის. თუ იმ კაცს შენი ნამუშევრები მოეწონება, ხელზე გადაგიხდის ფულსო. სიხარულისაგან ცაში დაფრინავდა სალომე. მერე კიდევ უფრო გადაიარია, როდესაც ორ ნახატში 120 დოლარი მისცეს, მთელ საახლობლოს მოსდო, - ჩემი შრომით უკვე ფულს ვაშოულობო. ამ შემთხვევამ  კიდევ უფრო დააახალოვა ნინისთან და გაგასსთან. თვალდახუჭული ენდობოდა ორივეს და ძველ მეგობრებსაც ჩამოშორდა.

იმ დღესაც ნინიმ უთხრა, - ბიძაჩემთან ავიდეთ, ცოლ-შვილთან ერთად რაიონში წავიდნენ და ჩვენც რა გვენაღვლება, მარტო ვიქნებით და დილამდე ვიმხიარულოთო.

ასეც მოიქცნენ. სალომეს ყურადღება არც მიუქცევია ბიძაშვილებისათვის, რომლებიც აქეთ-იქით ოთახებში დადიოდნენ... იდგა და ნინის "ბიძის" საკმაოდ მდიდარ ბიბლიოთეკას ათვალიერებდა. მერე ნინიმ და გაგამ გასძახეს, - მალე მოვალთო და კარი გაიხურეს...

მეორე ეპიზოდი

დავით ს-ს ოჯახი სიმდიდრით განთქმული იყო თბილისში. ამბობდნენ, ცნობილ იურისტს მარკების, ძველებური ფულისა და ძვირფასი სამკაულების უიშვიათესი კოლექცია აქვსო.

ნინი და გაგა ბიძაშვილები კი არა, საყვარლები იყვნენ. სახელებიც სხვა ჰქონდათ - ლანა და ჯონი. თაღლითები ყოველი ახალი ოპერაციის დაწყების წინ სახელებს იცვლიდნენ. სალომე რომ გაიცნეს, ახალი გეგმა დასახეს - დავით ს-ის ბინის გაძარცვა. ოღონდ, ხელსაყრელ დროს ეძებდნენ. ეს დროც მალე დადგა. დავითი ცოლ-შვილთან ერთად ორი კვირით გერმანიაში წავიდა.

მძარცველებმა ადვილად მოარგეს გასაღები მდიდარი კაცის ცხრაკლიტულს, მეორე დღეს კი, "ნინიმ" სალომე "თავისთან" დაპატიჟა... დავითს ისეთი სიგნალიზაცია ჰქონდა დაყენებული, რომელიც უხმოდ ირთვებოდა და საგანგაშო მდგომარეობას პატარა ნათურის ციმციმით ატყობინებდა დაცვის სამსახურს. როგორც კი "ბიძაშვილებმა" დატოვეს დავითის ბინა, რამდენიმე წუთში სამართალდამცველები გაჩნდნენ იქ და სალომეს ჩაავლეს ხელი.

ბოლო ეპიზოდი

სალომეს აყვანიდან ორ დღეში თაღლითები დააკავეს, ნაქურდალი უნიკალური და ძვირფასი კოლექციაც დააბრუნეს, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ მათთან ერთად ცხაურს მიღმა გულუბრყვილო სალომეც აღმოჩნდა. გოგონას ვერც იმის მტკიცებამ უშველა, რომ მოატყუეს და ძარცვის შესახებ არაფერი იცოდა. გაძარცვის მერე არსად გაქცეულა, ვერც ცნობილმა ადვოკატმა მოახერხა მისი გათავისუფლება. სალომეს შვიდწლიანი პატიმრობის მერეც კარგა ხანი დასჭირდა იმ კოშმარიდან გამოსასვლელად. მართალია, მან გვიან აღიდგინა თავი სამხატვრო აკადემიაში და დღეს ბავშვებს ხატვას ასწავლის, მაგრამ წარსულის ტკივილი არ განელებია...