"გულწრფელად მიხარია, რომ ის, ვინც ჩემს შვილს უყვარდა, ბედნიერია" - კვირის პალიტრა

"გულწრფელად მიხარია, რომ ის, ვინც ჩემს შვილს უყვარდა, ბედნიერია"

ახლობლის, მით უფრო შვილის სიკვდილით მოგვრილ ტკივილს დრო არ კურნავს, მხოლოდ ანელებს, ესეც იმიტომ, რომ სასოწარკვეთილმა მშობელმა უმძიმესი ცოდვა არ დაიდოს - თავი არ მოიკლას.

სამი წლის წინ შვილი ავტოავარიაში დამეღუპა. მას საცოლე ჰყავდა, ძალიან თბილი და კეთილშობილი გოგონა თეონა. დათუნას სიკვდილის შემდეგ აღარც მას უნდოდა სიცოცხლე. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ჩემი დარდი როგორმე დამეთრგუნა და თეონა დამემშვიდებინა... ორივესთვის უმძიმესი იყო დათუნასთან სამუდამოდ გამოთხოვების დღე.

ერთი წლის განმავლობაში თეო ყოველ შაბათს ჩემთან მოდიოდა, ან საფლავზე მივდიოდით, ან ეკლესიაში. გამოხდა ხანი და ერთ დღესაც თეოს დედამ დამირეკა - ჩემი ქალიშვილი ძალიან კარგ ბიჭს მოსწონს, მისი ცოლად შერთვა უნდა, ის კი ახლოს არ იკარებს! მხოლოდ თქვენ დაგიჯერებთ და იქნებ ურჩიოთ, რომ ხელი არ ჰკრას ბედსო. მესმოდა იმ ქალისა, მის ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი... თეონას ძალიან ბევრი ველაპარაკე, ვურჩიე გათხოვილიყო, ახალი ცხოვრება დაეწყო, დათუნას ხსოვნა კი გულში შეენახა... ჯერ იუარა, გამინაწყენდა კიდეც, ერთხანს აღარც მაკითხავდა, ბოლოს მოტყდა. ქორწილის წინადღეს ჩემთან მოვიდა, კვლავ ცრემლები ღვარა, - თქვენ რომ არ გეთქვათ, ასე არასოდეს მოვიქცეოდიო...

ახლა თეონას წლინახევრის ბიჭი ჰყავს, დათუნა ჰქვია და ბავშვთან ერთად კვლავ ხშირი სტუმარია ჩემი. გულწრფელად მიხარია, რომ ის ადამიანი, რომელიც ჩემს შვილს ძალიან უყვარდა, ბედნიერია.