ჩვენი სიყვარული დრომ გამოცადა - კვირის პალიტრა

ჩვენი სიყვარული დრომ გამოცადა

წინა ნომერში გამოქვეყნებულმა ფსიქოლოგის ამბავმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. რაც მას შეემთხვა, შეიძლება ყველა ქალს დაემართოს.

მართალია, ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ სამეგობროში ჩემს სიტყვას აფასებენ და ხშირადაც უკითხავთ რჩევა, რაც არასოდეს დამზარებია. რჩევა და ნუგეშისცემა, მეტი რა შეგვიძლია ერთმანეთისთვის ადამიანებს? სიკეთე და გვერდში დგომა - ყველა ჩვენგანის უპირველესი მოვალეობაა... მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, 32 წლის ასაკში ნაგვიანები სიყვარული მესტუმრა და მეც ისევე დავიბენი, როგორც თქვენი რესპონდენტი ფსიქოლოგი, რომელიც სხვებს უტარებდა ფსიქოსეანსებს.

ასეა, კაცი "სხვის ომშია" ბრძენი, თავის გასაჭირში კი გამოსავალს ვერ პოულობს. როცა ცოლშვილიანი (ან ქმარშვილიანი ქალი) კაცი გიყვარს. ბეწვის ხიდზე უნდა გაიარო. ბევრ ტკივილთან და სიძნელესთან არის დაკავშირებული დაოჯახებულ კაცთან ურთიერთობა. ის თქვენი ფსიქოლოგი მართალია, როცა ამბობს, - ნამდვილ გრძნობას სწორედ სირთულეები გამოცდის.

ჩემი და ირაკლის სიყვარული დროსთან ერთად გარკვეულმა პრობლემებმაც გამოცადა. იყო მითქმა-მოთქმა, ჩასაფრებული და მოქილიკე ადამიანების მზერას ყველგან ვგრძნობდით, მაგრამ ჩვენ ყველა ბარიერის გადალახვა შევძელით და ახლა ერთად ვართ. ყველას გისურვებთ იმ დიდ სიყვარულს, რომლის გამოც ღირს ამქვეყნად დაბადება და ბევრი ტკივილის ატანაც.

პატივისცემით, თქვენი ერთგული და მუდმივი მკითხველი ბელა თ.