ერთი შარვალი და ოთხი ჩითის კაბა, ანუ როცა კაცს არც ერთი ცოლი არ ეთმობა - კვირის პალიტრა

ერთი შარვალი და ოთხი ჩითის კაბა, ანუ როცა კაცს არც ერთი ცოლი არ ეთმობა

ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, დაუჯერებლად შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა, როცა საქმე გამოუსწორებელ მექალთანესთან გაქვს, ალბათ ყველაფერი მოსალოდნელია... სწორედ ერთ-ერთი მექალთანის მესამე ცოლი მეწვია და სევდანარევი ღიმილით მიამბო თავისი ამბავი.

- კობა რომ გავიცანი, ისე მომეწონა, თავი დავკარგე. მაშინ ის 37 წლის იყო, თოთხმეტი წლით ჩემზე უფროსი, მაგრამ ასაკობრივ სხვაობას რას დავეძებდი... სამთვიანი ურთიერთობის შემდეგ სიყვარულში გამომიტყდა, უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. ოჯახში მოვიდა და მამაჩემს სთხოვა ჩემი ხელი. მშობლებმა დიდი ქორწილი გადამიხადეს. კობას მშობლები არ ჰყავდა, მისი ნათესავებიდან კი ძალიან ცოტანი იყვნენ ქორწილში. კობა იმდენად მიყვარდა, რომ თვალდახუჭული ვენდობოდი და რასაც მეუბნებოდა, ყველაფერი მჯეროდა.

ჩვენი 8-წლიანი ცოლქმრობის განმავლობაში სულ რამდენჯერმე შევხვდი კობას ნათესავებს. ჩემს ქმარს ისინი გულზე არ ეხატებოდა. გულდაწყვეტილი მიამბობდა - დეიდა მზრდიდა, სანამ მიჭირდა, არავის ვენაღვლებოდი, ფეხზე რომ დავდექი, მერე გავახსენდი ბევრს, ასეთი ნათესავი მე არ მჭირდებაო...

შვილები სკოლაში რომ მივიყვანე, მაშინ შევიტყვე, რომ ჩემს მეუღლეს სხვა ოჯახიც ჰქონია. უახლოესმა მეგობარმა (უფროსი ბიჭის ნათლიამ) ამბავი მომიტანა, - შენს ქმარს ერთ ახალგაზრდა ქალთან და ორი წლის ბავშვთან ერთად ხშირად ვხედავო. კობა ბოლო წლებში სხვა სამსახურში გადავიდა, ხშირად უწევდა მივლინებებში წასვლა. ამიტომ შეგუებული ვიყავი, რომ შინ ღამე არ მოდიოდა...

KvirisPalitra.Geჭიანჭველებივით ამიფუთფუთდა ეჭვები - "კობა და სხვა ქალი?" "კობა მღალატობს და მე ჭურში ვზივარ?" - ვეკითხებოდი საკუთარ თავს, მაგრამ შინ დაბრუნებულ ქმარს არაფერი ვკითხე. ესეც მეგობრის რჩევით გავაკეთე. მან მითხრა, - ტყუილუბრალოდ ნერვიულობას და ჩხუბს, სჯობს თვალი მიადევნო და ფაქტზე გამოიჭიროო. ასეც მოვიქეცი. როცა კობამ მითხრა, - მივლინებაში მივდივარ ერთი კვირითო, გადავწყვიტე, შემემოწმებინა მისი სიმართლე. ჩემი მეგობრისგან დაახლოებით ვიცოდი იმ ახალგაზრდა ქალის მისამართი. მეგობარმა მანქანით მომაკითხა და დილიდანვე წავედით "საეჭვო მიდამოების" დასაზვერად. პირველმა დღემ ისე ჩაიარა, ეჭვმიტანილები არ შეგვიმჩნევია, მეორე დღეს კი, კობა და ის ქალი შორიდანვე დავინახეთ: ჩემს ქმარს პატარა გოგონა მხრებზე შემოესვა, ის ქალი კი ბედნიერებისგან გაცისკროვნებული შესციცინებდა. უკან გავყევით. ერთ დიდ სახლს მიადგნენ. უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ კობას საყვარელი ჰყავდა. მეგონა, რომ ბავშვიან ქალთან მღალატობდა, მაგრამ თურმე, ბევრი "სიურპრიზი" ჯერ კიდევ წინ მქონდა...

როგორც მოგვიანებით გვიგე, ოქროყანის სახლი ქალის დედ-მამის ყოფილა.  ერთადერთ შვილს მშობლებმა სამოთახიანი ბინაც აჩუქეს თბილისში. კობას და იმ ქალს კი ოფიციალურად ჰქონდათ ხელი მოწერილი.

- კი მაგრამ, ერთდროულად ორ ქალთან როგორ ჰქონდა ხელი მოწერილი, ან როგორ ახერხებდა ორივესთან ცხოვრებას?

- ასეთ ხალხს თურმე ეგ არ უჭირს. საბუთების გადამალვას რა უნდა. პირადობის მოწმობაში კი ის არ წერია, კაცი დაოჯახებულია თუ არა.  მე კობას მესამე ცოლი ვყოფილვარ და ეს მაშინ გავიგე, როცა მისი მეოთხე ცოლი "აღმოვაჩინე".

- ეს როგორ? 8 წელი ისე იცხოვრეთ ერთად, რომ ეჭვიც არაფერზე გაგჩენიათ?

- გაგიკვირდებათ და არ ვიცოდი. პირველი ცოლი, რომელთანაც ვაჟი ჰყავს, სოფელში ცხოვრობს. ის ქალი 18 წლისას შეურთავს. მერე დაუკრავს ფეხი და კიევში წასულა. პირველთან არც განქორწინებულა, იქ მეორე ცოლი რომ შეურთავს. უკრაინიდან ფულს უგზავნიდა პირველს, რომელსაც სჯეროდა, რომ ქმარი ოჯახის სარჩენად იყო უცხოეთში. რამდენიმე წლის შემდეგ უკრაინელიც მიატოვა. თუმცა არც იმ ქალისთვის უთქვამს, გაგშორდიო. ეტყობა, საწყალს ჩემსავით არწმუნებდა, რამდენიმე წლით მივლინებაში გამიშვეს უცხოეთშიო... მოკლედ, ხან რას იგონებდა და ხან რას...

- როგორი იყო ამდენი ცოლის პატრონი თქვენთან, ოჯახში?

- ძალიან კარგი და თბილი. მექალთანე კაცების უმრავლესობა არ არის უხეში, პირიქით, მზრუნველია და ცდილობს ცოლს ასიამოვნოს, საოჯახო საქმეში დაეხმაროს. უდავოდ ნიჭიერი კაცი იყო (და არის კიდეც), ნებისმიერი საქმე, რასაც ხელს მოჰკიდებდა, ჩინებულად გამოსდიოდა. ქალები უყვარდა და ერთმანეთის მიყოლებით მოიყვანა ცოლები, თორემ არც ერთისთვის ყურადღება არ მოუკლია.

მისმა საქციელმა ისე გამამწარა, რომ ერთხანს შვილებს არ ვაჩვენებდი, არც მისი გამოგზავნილი ფული მინდოდა. მერე, შვილებმა მითხრეს, - ჩვენ გვიყვარს მამიკო და მასთან ურთიერთობას ნუ გვიშლიო. რა უნდა მექნა? ახლა შვილებს ხშირად აკითხავს, ისინიც მიდიან მასთან, უმცროს დაიკოსაც ნახულობენ (მეოთხე ცოლთან რომ შეეძინა) და უფროს ძმასაც (პირველ ცოლთან შეძენილს).

- პირველ ცოლს ისევ სჯერა, რომ ოჯახის საკეთილდღეოდ არის მისი "ქმარი" უცხოეთში გადაკარგული?

- არა, მანაც გაიგო კობას "საგმირო საქმენი", მაგრამ ისეთი აყალმაყალი არ აუტეხავს, როგორიც მე. როგორც კობამ მითხრა, თურმე, ის ქალი უფრო "შეგნებული" აღმოჩნდა, მე კი - ისტერიკიანი და წიოკა. იმ უკრაინელისა რა მოგახსენოთ, თვალით არ მინახავს და არც ვიცი, გაიგო თუ არა კობას ოთხცოლიანობის ამბავი. პირველს განქორწინება არ მოუთხოვია და მეოთხეც კობას შესციცინებს თვალებში.

- მეოთხემ აპატია კობას მრავალცოლიანობა?

- ცხადია, აპატია, რადგან ერთად არიან, მაგრამ არა მგონია, კობა მასთან სამუდამოდ დარჩეს. ჯერ კიდევ ახალგაზრდად თვლის თავს და ალბათ, მეხუთე ცოლსაც შეირთავს...

www.kvirispalitra.ge

მოგვწერეთ თქვენი თავგადასავალი - მხიარული, მწუხარე, ტრაგიკული თუ ბედნიერი. გაგვიზიარეთ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება. წერილები შეგიძლიათ  გამოგვიგზავნოთ, როგორც საიტზე (კომენტარების გრაფაში), ასევე "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობითაც.