"კაცი, რომელიც კვდებოდა, ტიროდა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ცოლი "უპატრონოდ" რჩებოდა" - კვირის პალიტრა

"კაცი, რომელიც კვდებოდა, ტიროდა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ცოლი "უპატრონოდ" რჩებოდა"

"ჭინჭარი" - ასეთია მისი ფსევდონიმი. უკვე 5 წელია, რაც იტალიაშია და საინტერესოდ წერს ემიგრანტობაზე. ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა, ის არის, რომ ბევრისგან განსხვავებით, სხვანაირად ფიქრობს მიტოვებული შვილებისა თუ მშობლების ბედზე... გთავაზობთ მის დაწერილ იტალიელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავს

სიყვარულის ამბავი "რენატო 13 წლის იყო. უმამოდ იზრდებოდა, დედასა და პატარა ძმასთან ერთად. ერთი შარვალი და ძმასთან საზიარო პერანგი ჰქონდა. გაჭირვებით ნაყიდ ან წაბლზე გადაცვლილ ხორბალს ზურგზე იკიდებდა და უახლოეს დასახლებაში, წისქვილში მიჰქონდა. იხსენებდა, დილას პური რომ აღარ გვქონდა, დედაჩემი შემწვარ სოკოს და წაბლს მიყრიდა პატარა, მოქარგულ ტომსიკაში, გზაში ჭამეო. გზა რომ გამოჩნდებოდა სიბნელეში, იმ დროს მივდიოდი წისქვილში და ვახშმობას ვუსწრებდი დაბრუნებასო. გზადაგზა მხოლოდ წყაროებთან ვისვენებდი, ვიცოდი, მშიერი ძმა მელოდებოდაო. ერთ წყაროზე როზა ნახა. პუტკუნა, სავსე მკერდით, გრძელი ნაწნავით, კოჭამდე ჭრელი კაბით იდგა და მიყურებდაო. შეუყვარდა როზა, როზასაც შეუყვარდა. უკითხავს რენატოს, ვინაა ეს გოგოო? უთქვამთ, როზალბინო რუსოს ქალიშვილია, არც იოცნებო, ვინ მოგცემს მაგის თავსო.

როზალბინო რუსო ალბის ტყის მცველი იყო. უიმისოდ ტყეში ჩიტი არ დაფრინავდა და სახელიც ჰქონდა გავარდნილი, ბუნების კანონივით სამართლიანი კაციაო. მშიერი ძმის წარმოდგენაზე, ანთებული თვალები ჩამიქრა და სახლში წავედიო. მეორე დღესვე დაბრუნებულა წყაროზე, ოთხი საათი უვლია. როზა ნაცრისფერი, თეთრი მაქმანებით გაწყობილ კაბაში იდგა წყაროსთან და რენატოს ელოდებოდა თურმე. მერე უთქვამს, ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდიო. 30 კილომეტრს გადიოდნენ ერთმანეთის სანახავად. ერთი წლის შემდეგ როზას დედასთან მისულა რენატო, - ქალბატონო, მიყვარს თქვენი შვილი, სიღარიბე ვერ დამიდგება წინ და ნურც თქვენ ეცდებითო. როზას დედა კატერინა, ცნობილი თავისი მკაცრი ხასიათითა და სიავით, ახარხარებულა, - წადი, შვილო, დედის რძის სუნი აგდისო. ამასობაში რენატოს ზეთის ხილის პლანტაცია ერგო მემკვიდრეობით. დღეში ასჯერ ვკოცნიდი ხეებს, მთელი ჩემი მომავალი მათზე იყო დამოკიდებულიო. ზეთისხილმა ივარგა. რენატო გაიზარდა და გაიმართა. როზას მამამ ქორწინების უფლება მისცა, - ჩემს შვილს შენზე მეტად არავინ შეიყვარებს, გაძლევ ქალსო, მაგრამ ომი დაიწყო... რენატო გაიწვიეს.

წერილები ხან იკარგებოდა, ხან ჩადიოდა როზამდე.

ერთ მეზობელს დააბარა რენატომ, ეს ბრძოლა დამთავრდება და შვებულებით ჩამოვალო. სწორედ იმ დღეს, აფეთქებისას, რენატოს ნამსხვრევები ჩაუცვივდა პირში. ერთი ნამსხვრევი ღრძილში ჩარჩა. ამის გამო გადაიყვანეს საავადმყოფოში. მეორე დღეს, გემით გამგზავრებამდე, საავადმყოფოდან პროცედურების გამო დააგვიანა გამოსვლა და მისკენ გაქცეულმა თავისი თვალით ნახა, როგორ აფეთქდა გემი. ათი წუთით დააგვიანა სიკვდილამდე. როზას გემის აფეთქება რომ გაუგია, გლოვა დაუწყია. თავისი ხელით მოქარგული შავი თავსაფარი ეხურა თურმე, იმ საკაბის ნაჭერი, რომელიც რენატომ წასვლისას აჩუქა. რენატო მეორედ მაშინ გადაურჩა სიკვდილს, დაცემული მეგობრის ასაყენებლად შემთხვევით რომ დაიხარა. მესამედ დაიჭრა, მაგრამ თითში. ოცი კაციდან მარტო დავრჩი, ასეთი იღბალიც არ მინდოდაო. დაბრუნდა რენატო. 1946 წელს იქორწინეს. ქორწილის შემდეგ, სახლში რომ დავბრუნდით, გვშიოდა, მაგრამ მხოლოდ 200 გრამი მაკარონი გვქონდა და მეორე დღისთვის დავტოვეთო. როზას დედა ავად გახდა, რენატოსი - გარდაიცვალა. როზას პატარა დებს ერთად ზრდიდნენ. გაუჩნდათ შვილები, პირველი კანის მოურჩენელი ავადმყოფობით, მეორე - გულის. მეორე შვილი მოუკვდათ. შემდეგ კიდევ ორი შეეძინათ. დღე და ღამე მუშაობდნენ, 3 შვილისთვის უმაღლესი განათლების მიღების საშუალება რომ ჰქონოდათ. ქორწინების ორმოცდაათი წლის თავზე აქ, რეჯოში, იყიდეს თავიანთთვის სახლი. შვილები გზაზე გვეყენა, შვილიშვილებს ჩვენ ვუვლიდით, გვინდოდა, თავიანთი შრომით მიეღწიათ უკეთესი ცხოვრებისთვისო, - მეუბნებოდა ხოლმე.

ასეთ ცხოვრებას იოლი არ ეთქმის. პირველად რომ მომიყვა, მაშინ ვკითხე, ამდენი გადაიტანეთ, მაინც ასეთი მხიარული როგორ ხართ-მეთქი? აი, ამიტომო, - სავარძელში მჯდომ, უგონოდ მყოფ ცოლზე მიმითითა. მე ხომ როზამ მაცხოვრა ბედნიერად, მაგრამ უფრო დიდი ბედნიერება, იცი, რა არის? ჩემს ცოლს რომ ლაპარაკი შეეძლოს, ისიც ასე რომ იტყოდა ჩემზეო. მაშინ პირველად იტირა რენატომ ჩემი თანდასწრებით. მეორედ იმ ღამეს, ყელში გაჩხერილმა კიბომ სუნთქვა რომ გაუჩერა. კაცი, რომელიც კვდებოდა და ძალიან კარგად იცოდა ეს, ტიროდა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ცოლი "უპატრონოდ" რჩებოდა. როზას, მართალია, სიტყვა არ უთქვამს, რაც ვიცნობ, მაგრამ სხეულის ენით ჰყვებოდა მთელ ისტორიას.

გვერდიგვერდ სავარძლებში ისხდნენ მთელი დღეები, ერთმანეთისკენ შებრუნებული სახეებით. თუ რენატო ხელს გაუშვებდა, როზა უკონტროლო ხდებოდა. საპირფარეშოში გასული რენატო იქიდან ეძახდა, მოვდივარ, საყვარელოო.

დილით გაიღვიძებდა თუ არა, ცოლს ჰკოცნიდა. როგორ მიკვირდა... შეტევის დროს რენატო სასწრაფოდ ავაყენეთ, როზამ ვერ გაიგო რენატოს ცუდად ყოფნა, მაგრამ სამოცდაათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, საწოლიდან კოცნის გარეშე ამდგარი ქმარი რომ დაინახა, ბოლო ხმაზე იყვირა - რატომ?

როცა როზას კრიზისი ჰქონდა და ვერავინ ვეკარებოდით, რენატო შუბლზე კოცნიდა და ეჩურჩულებოდა, "ჩემო სიყვარულო, ელიზას დაუჯერე". როზაც, მიუხედავად იმისა, რომ ექიმების აზრით, ეს უბრალოდ დამთხვევა იყო, მორჩილად შემომხედავდა და კოცნას მიგზავნიდა. როზას ჩემ მიმართ აგრესია მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ნახა, რომ მის ქმარს შევეხე სკამიდან წამოყენებისას. როგორც კი შვილი მოვიდა, ჩემზე ანიშნებდა, მომაშორეთო. რენატოს ბოლო დღეებში როზამ ლაპარაკი დაიწყო. უშველეთო, გვემუდარებოდა. რენატო ისე დავკრძალეთ, როზას გარდაცვლილი არ ვაჩვენეთ. თვეების განმავლობაში ეძებდა ქმარს. "რენა, რენა", - ყვიროდა სახლის ყველა კუთხეში. ორი წლის შემდეგ, შემთხვევით, რენატოს სურათი რომ ნახა, აღრიალდა, სად არისო. ყველა სურათი გადავმალეთ, რენატოს აღარ ვახსენებთ.

არც ერთ ფილმში, არც ერთ წიგნში, ლეგენდაში, მითოლოგიაში არ მსმენია ისეთი სიყვარული, როგორსაც 2 წელი საკუთარი თვალით ვუყურებდი. ეს იყო სიყვარული, რომელსაც მხოლოდ სიტყვებით კი არა, მხოლოდ საქმით კი არა, მთელი არსებით უმტკიცებდნენ ერთმანეთს..." იხილეთ სხვა ჩანაწერები

ნინო ჯავახიშვილი