"არ დანებდა გატაცებისა და გაუპატიურების შემდეგაც...დახმარების სანაცვლოდ კი სოფელმა ზურგი აქცია გოგონას" - კვირის პალიტრა

"არ დანებდა გატაცებისა და გაუპატიურების შემდეგაც...დახმარების სანაცვლოდ კი სოფელმა ზურგი აქცია გოგონას"

რა ვიცით სიცილიაზე? დაუნდობელი მაფია, მწველი მზე, ძლიერი ღვინო... დღესდღეობით მაფიას პოლიცია გაუსწორდა და "ნათლიმამების" უმეტესობა ციხეშია. სიცილიელი საზოგადოება კი პროგრესულად ითვლება და რთული დასაჯერებელია, რომ ნახევარი საუკუნის უკან ბარბაროსული კანონები მოქმედებდა.

ფერმერის ქალიშვილი და ტყვე სიძე

ახალგაზრდა ლამაზმანი ფრანჩესკა ვიოლა ალკამოს ქალაქში ცხოვრობდა, სიცილიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. დღეს ეს პოპულარული ტურისტული ადგილია, მაგრამ 50 წლის წინ აქ ვენახები და გლეხების ქოხები იყო გაშენებული. სწორედ ფერმერის გოგონა იყო ფრანჩესკაც.როცა გოგონას 15 წელი შეუსრულდა, დანიშნეს 23 წლის ბიჭზე,ფილიპო მელოდიაზე. იმ პერიოდში ადრეული ქორწინება არ ითვლებოდა უჩვეულოდ და ოჯახიც არ იყო წინააღმდეგი, ვინაიდან ფილიპო "კარგი ოჯახიდან" იყო - ადგილობრივი მაფიის ხელმძღვანელის დისშვილი გახლდათ.

მართალია, ფილიპო ქურდობის გამო ციხეში ჩასვეს, ხოლო ფრანჩესკას მამამ გადაწყვიტა ნიშნობის გაუქმება. გოგონა, გადაწყვიტეს, სხვა ბიჭზე გაეთხოვებინათ, რომელიც საბედნიეროდ, მაფიასთან კავშირში არ იყო. თითქოს ყველაფერი დალაგდა, თუმცა ორი წლის თავზე ფილიპო გამოვიდა ციხიდან და იმ დღიდან ფრანჩესკას ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა.

მოტაცება

ასეთი ადამიანები, როგორიც ფილიპო იყო, უარს არ იღებენ. როგორც კი გაიგო, რომ გოგონა სხვაზე უნდა გათხოვილიყო, მისი დაბრუნება გადაწყვიტა. თავიდან ხშირად ესაუბრებოდა, შემდეგ კი მუქარაზე გადავიდა. "იცოდე, თავს გაგიხვრეტ ჩემი იარაღით!" - დაჰპირდა ყოფილ საცოლეს.

ერთ ზამთრის დილასაც, შობის მეორე დღეს, ფილიპო 12 შეიარაღებულ მეგობართან ერთად თავს დაესხა გოგონას ოჯახს. დედას სასტიკად გაუსწორდნენ ცემით, ხოლო ფრანჩესკა მოიტაცეს.

გოგონა ქალაქგარეთ სახლში წაიყვანეს, სადაც ფილიპოს და და მეუღლე ცხოვრობდნენ და იქ ჩაკეტეს. რვა დღის განმავლობაში ფრანჩესკას აუპატიურებდნენ გამტაცებლები, იმის იძულებით, რომ დათანხმებოდა გათხოვებას. მას არწმუნებდნენ, რომ "შერცხვენილი" გააგრძელებდა დარჩენილ ცხოვრებას.

ისეთ ადგილებში, როგორიც სიცილია იყო, გაუპატიურებას აბრალებდნენ აუცილებლად მსხვერპლს. დახმარების სანაცვლოდ კი მთელმა სოფელმა ზურგი აქცია გოგონას. ერთადერთი საშუალება კარგი სახელის დასაბრუნებლად მოძალადეზე გათხოვება იყო.

გათავისუფლების შემდეგ ფრანჩესკამ უეცრად განაცხადა, რომ ცოლად არ გაჰყვებოდა მას, ვინც გააუპატიურა; მეტიც, უჩივლებდა სასამართლოში! იმ დროს გაუპატიურება არ ითვლებოდა პიროვნების მიმართ დანაშაულად, ხოლო ქალი, რომელიც გათხოვებამდე დაკარგავდა ქალიშვილობას, ითვლებოდა donna svergognata-დ - უსირცხვილოდ, უნამუსო ქალად.

თუმცა ფრანჩესკა არ შეუშინდა საზოგადოების განხილვას, სიტყვა შეასრულა და უჩივლა მოძალადეებს. მანამ, სანამ სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, ოჯახს მუდამ ემუქრებოდნენ, ერთხელ ვენახიც კი გადაუწვეს.

საქმე მივიდა ცენტრალურ გაზეთებამდე და უშუალოდ პარლამენტამდეც. კონსერვატიული ჩრდილოეთის საზოგადოებრივი შეხედულება შეეჯახა ქვეყნის რეალურ წესებს. ფილიპოს ადვოკატები არწმუნებდნენ სასამართლოს, რომ ფრანჩესკა არ მოუტაცებიათ და თავისი სურვილით უნდოდა მისი ცოლობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ფილიპოს 10 წელი მიუსაჯეს. განაგრძეთ კითხვა